შქმერული - უგემრიელესი და უმარტივესი რაჭული კერძი
მოამზადეთ რესტორნების ყველაზე პოპულარული კერძი მარტივად!
ინგრედიენტები
ქათამი - 1 კგ
დაჭყლეტილი ნიორი - 1 სკ
რძე - 1 ჭიქა (250 მლ)
მარილი - გემოვნებით
მომზადების წესები
ქათამი ან წიწილა კარგად გავასუფთავოთ, გავჭრათ შუაზე, ორივე მხრიდან მოვაყაროთ მარილი. დავდოთ ქათამი კანიანი მხრიდან კარაქიან ტაფაზე, მაღალ ცეცხლზე, რათა კანი სწრაფად დაიბრაწოს. ზემოდან სპეციალური, მძიმე თუჯის თავსახური-პრესი დავადოთ, მისი დიამეტრი ტაფისაზე ოდნავ ნაკლები უნდა იყოს, რათა უშუალოდ ქათამს ეხებოდეს. თუ ასეთი თავსახური არ გვაქვს, სხვა ნებისმიერიც გამოდგება, ზემოდან კი მძიმე ნივთი დავადოთ.
6-7 წუთში ქათამი შევამოწმოთ, თუ კანი საკმაოდ დაბრაწული და კრაწუნაა, გადავაბრუნოთ, ისევ დავახუროთ მძიმე თავსახური და ცეცხლს ცოტა დავუწიოთ.
შემწვარი ქათამი ტაფიდან გადმოვიღოთ და დავჭრათ. გადავიტანოთ კეცზე. ტაფაში კი, სადაც ქათამი შეიწვა, დარჩენილ ცხიმში დაჭყლეტილი ნიორი მოვშუშოთ. ნიორი წვნიანი უნდა იყოს, ანუ აუცილებლად დავჭყლიტოთ და არა დანით დავჭრათ. ვშუშავთ მსუბუქად, რომ არ დაიწვას. ფერს რომ ოდნავ შეიცვლის, დავასხათ 1 ჭიქა რძე (ვისაც რძე არ უყვარს, წყალი ან 10 %-იანი ნაღები) წამოვადუღოთ 2-იოდე წუთი და დავასხათ ქათამს.
შეგვიძლია კეცი ღუმელში, გრილის ქვეშ შევდგათ რამდენიმე წუთით, თუმცა აუცილებელი არ არის.