ტორტი „მთვრალი ალუბალი“
ამ გემრიელ ტორტში გამოიყენება დასპირტული ალუბალი, თუმცა, შეგვიძლია ალუბლის ლიქიორში ან კონიაკში მოვათავსოთ 1 ჭიქა კურკაგაოცლილი ალუბლის მურაბა და ის გამოვიყენოთ.
ინგრედიენტები
ბისკვიტი:
ფქვილი - 100 გ
სახამებელი - 50 გ
გამაფხვიერებელი - 1 შეკვრა
კვერცხი - 6 ცალი
შაქარი - 170 გ
შავი შოკოლადი - 140 გ
კარაქი - 75 გ
მწიკვი მარილი
მწიკვი ვანილი
კრემი:
ნაღები 35 %-38% - 400 მლ
შაქრის პუდრა - 2-3 ს/კ
დასპირტული ალუბალი - 1 ჭიქა
მომზადების წესები
შოკოლადს დავუმატოთ კარაქი, 2 ჩ.კ. წყალი და გავადნოთ, სანამ ერთგვაროვანი მასა გახდება, თან ავურიოთ. ცილას დავაყაროთ მწიკვი მარილი და ბეზეს მასა ავთქვიფოთ. კვერცხის გულები, ვანილი და შაქარი გათეთრებამდე ავთქვიფოთ, დავუმატოთ შოკოლადის მასა, დავაცრათ ერთად არეული ფქვილი, სახამებელი და გამაფხვიერებელი, ბოლოს შევურიოთ გათქვეფილი ცილა. ცომი მოვათავსოთ ქაღალდჩაფენილ 20-22 სმ დიამეტრის ფორმაში და 160 გრადუსზე გამოვაცხოთ. მზა ბისკვიტი ცოტა ხანს დავაყოვნოთ ფორმაში, შემდეგ მოვაშოროთ ქაღალდი, როცა გაცივდება, ფრთხილად ამოვაჭრათ გული ისე, რომ ჯამის ფორმა მიიღოს. ბისკვიტის გული კუბებად დავჭრათ, ცოტაოდენი დავფხვნათ. ნაღები შაქრის პუდრსა და ვანილთან ერთად კარგად ავთქვიფოთ, შევურიოთ დაჭრილი ბისკვიტი და ალუბალი. ამ მასით ამოვავსოთ გულამოცლილი ბისკვიტი, ზემოდან მოვაყაროთ ბისკვიტის ნაფხვენი და მოვრთოთ რამდენიმე ალუბლით. ტორტი მაცივარში 2-3 საათი გავაცივოთ და ისე დავჭრათ.