რომელ საათზე უნდა შეხვდეთ მამაკაცს და როგორ უნდა მოიქცეთ პაემანზე, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
ნებისმიერი ქალისთვის, პირველ პაემანს დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა, თუკი თქვენ წინასწარ გეცოდინებათ ინტერესის ობიექტის ზოდიაქოს ნიშანი, გაცილებით გაგიმარტივდებათ მოსალოდნელი სიტუაციის პროგნოზირება და პაემანზე წასასვლელადაც სათანადოდ მოემზადებით, რათა სასურველი მამაკაცის გული მარტივად მოიგოთ.
ვერძი
მამაკაცი ვერძი დიდი მოთმინების უნარით არ გამოირჩევა. ამიტომ იგი იშვიათად გეგმავს წინასწარ პაემანის ადგილს და დროს. ვერძთან ყველაფერი სპონტანურად ხდება. შესაბამისად, თუ თქვენ ვერძი მამაკაცი მოგწონთ მზად უნდა იყოთ იმისთვის, რომ თქვენი რჩეული დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოისურვებს თქვენ ნახვას. რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველთვის ფორმაში ყოფნა მოგეთხოვებათ და ოცნება იმაზე, რომ კაბასთან შესაფერისი ფეხსაცმელის და აქსესუარების შესარჩევად ვინმე მოგცემთ დროს ნამდვილად არ ღირს. ვერძი მამაკაცი მხიარული და კარგი მოსაუბრეა. ამიტომ მასთან ერთად თავს მოწყენილად არც ერთ სიტუაციაში არ იგრძნობთ, თუნდაც თქვენმა პაემანმა სულაც ქალაქის ერთ-ერთ სკვერში ჩაიაროს.
შეხვდით: ნებისმიერ დროს, რადგან არ იცით, თავში როდის რა მოუვა აზრად.
კურო
მამაკაცი კურო ნებისმიერი სახის ურთიერთობას სერიოზულად უყურებს. ამიტომ, თუ მას თქვენდამი სიმპათია გააჩნია, დაგეგმილი პაემანის შესახებ სულ მცირე ერთი კვირით ადრე გაცნობებენ. იგი გულდასმით დააკვირდება თქვენს ქცევებს, თუმცა ემოციების ამოხეთქვას და კომპლიმენტების ზღვას მისგან ნუ ელით. იგი აუჩქარებლად გამოიტანს დასკვნას შეეფერებით თუ არა ერთმანეთს. თუმცა თუკი კურო მამაკაცი პაემანზე გპატიჟებთ, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ანგარიში თქვენ სასარგებლოდაა. ნუ დაგავიწყდებათ, კუროს გულისკენ მიმავალი გზა (როგორც მეტ-ნაკლებად ყველა მამაკაცის შემთხვევაში) კუჭზე გადის. ამიტომ იგი აუცილებლად დაგეგმავს პაემანს ისეთ ადგილას, სადაც გემრიელ კერძებს ამზადებენ. მაგრამ თქვენ იმ დღეს დიეტა და ზედმეტ კილოგრამებზე ფიქრი თავიდან უნდა ამოიგდოთ. კუროს ეს ნამდვილად არ მოეწონება.
შეხვდით: ლანჩის პერიოდში, 12-იდან 1 საათამდე.
ტყუპი
როგორც წესი, ტიპური ტყუპი მამაკაცი პაემანს მის ადგილს, დროს და საათს არაერთგზის ცვლის. ეს იმიტომ, რომ თავად მას დღის მანძილზე ლამის ყოველ ნახევარ საათში ეცვლება განწყობა. შესაბამისად, დილით რომ თქვენთან ერთად საღამოს გატარებას ბარში გეგმავდა, შუადღისას აღმოაჩენს, რომ თავს კინოში უკეთ იგრძნობს. პაემანზე იგი აუცილებლად დააგვიანებს თუ რამდენიმე საათით არა, რამდენიმე წუთით მაინც. თუმცა, როცა საბოლოოდ მოაღწევს დანიშნულების ადგილამდე, ისეთ საინტერესო ისტორიებს მოგიყვებათ იმაზე თუ რა მიზეზით დააგვიანდა, ჩხუბს და, მით უმეტეს, მასთან ურთიერთობის გაწყვეტას ნამდვილად აღარ მოისურვებთ.
შეხვდით: 3-იდან 5 საათამდე.
კირჩხიბი
კირჩხიბი მამაკაცი კომფორტისა და სტაბილურობის მოყვარულია. ამიტომ პაემანს იგი, როგორც წესი, ისეთ ადგილას დანიშნავს, სადაც უკვე არაერთგზისაა ნამყოფი და იქაურობა ოჯახურად აქვს გათავისებული. ღმერთი არ გაგიწყრეთ და რაიმე სახის საყვედური არ წამოგცდეთ ამ დაწესებულების მისამართით, თორემ კირჩხიბი ამით ძალიან განაწყენდება. საერთოდაც, მამაკაცი კირჩხიბი გემოვნებაში მსგავსებას ძალიან აფასებს, მით უმეტეს, კვების საკითხში. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ მამაკაცს არ უყვარს ოფიციოზი და პომპეზურობა, ამიტომ მასთან ერთად მყუდრო ატმოსფეროში მოგიწევთ განმარტოება. ე.წ. რესტორნების დახურვის ჩვეულება ლომებისკენ მოიკითხეთ. კირჩხიბს სიმყუდროვე უყვარს. მისგან პირველივე პაემანზე სიყვარულში გამოტყდომას ნუ ელოდებით. კირჩხიბთან შეიძლება ამგვარი აღიარების ლოდინი წლებიც კი დაგჭირდეთ; ისიც საკითხავია,
საბოლოოდ გაიმეტებს ამ ფრაზას თქვენთვის თუ არა. სიყვარული ხომ სიტყვებზე მეტად საქციელით მტკიცდება. ჰოდა, აცალეთ კირჩხიბს.
შეხვდით: სამუშაო საათების დასრულებისთანავე, 6 - 7 საათზე.
ლომი
მამაკაცი ლომი ნებისმიერ უმნიშვნელო პაემანსაც კი მეფური პომპეზურობით გეგმავს. შეხვედრის ადგილი რომელიმე სუპერმოდური და ფეშენებელური დაწესებულება იქნება აუცილებლად. თუმცა, თქვენ უპირობოდ მოგეთხოვებათ, ლომის მიერ შექმნილ ამ მეფურ ანტურაჟს შეეფერებოდეთ, როგორც ჩაცმა-დახურვით, ისე თავის დაჭერითა და ეტიკეტის ცოდნით. სხვა მხრივ ლომი თქვენ მიმართ სამუდამოდ დაკარგავს ინტერესს. სამაგიეროდ, თუ შეძელით და ლომს ღირსეული კომპანიონობა გაუწიეთ პირველ პაემანზე (რასაც თან უნდა მოჰყვეს თქვენი მხრიდან უზომო მადლიერების გრძნობის არაერთგზის დაფიქსირება), იგი აუცილებლად დაფიქრდება იმაზე, რომ დედოფლის ვაკანტური პოზიციის დაკავება შემოგთავაზოთ მის ცხოვრებაში და რაც მთავარია – გულში.
შეხვდით: 8 საათზე
ქალწული
ქალწულ მამაკაცთან პირველი პაემანი, რენტგენის აპარატზე გაშუქებას ჰგავს. იგი უმცირეს დეტალსაც დააკვირდება გაცნობისას. პირველ რიგში კი იმას, რამდენად მოწესრიგებულად და სუფთად გაცვიათ. იგი შესანიშნავად ერკვევა მოდურ ტენდენციებში, ამიტომ ნუ შეეცდებით მისთვის თქვენი ბრენდული სამოსით ან სუნამოთი თავის მოწონებას, მაშინ როცა სინამდვილეში ასე არ არის. ქალწული არათუ მიგიხვდებათ ტყუილს, საკმაოდ ცინიკურადაც მიგანიშნებთ ამაზე. იგი კარგი მოსაუბრეა, მაგრამ პაემანზე ძირითადად იმ თემაზე საუბრით შემოიფარგლება, რაც მან იცის ან აინტერესებს. თუმცა, ამასაც აქვს თავისი პლუსი, თქვენ ერთიორად აიმაღლებთ ინტელექტის დონეს ამ პაემანის შედეგად.
შეხვდით: 2 საათზე
სასწორი
სასწორი მამაკაცი როგორც ჭეშმარიტი "ვენერას შვილი" (ვენერა სილამაზისა და ჰარმონიის პლანეტა) ყველაზე დიდ მნიშვნელობას ქალის ვიზუალურ მახასიათებლებს აქცევს. ამიტომ, როცა სასწორთან პაემანზე მიდიხართ, შეეცადეთ რაც შეიძლება ქალური და ნაზი იმიჯი მოირგოთ. ასე მას დანახვისთანავე შეუყვარდებით. სასწორი მამაკაცი ძალიან კარგი მოსაუბრეა, თუმცა არანაკლები ოსტატობით შეუძლია იყოს კარგი მსმენელიც. ამიტომ მასთან ჯანსაღი კომუნიკაციის პრობლემა ნამდვილად არასოდეს შეგექმნებათ. ამიტომ თუ მძაფრი სუნამოთი, მკვეთრი მაკიაჟითა და ზედმეტად ექსტრავაგანტური ვარცხნილობით არ დააფრთხობთ პირველივე ნახვაზე, თქვენი ურთიერთობა სამომავლოდ შესაძლოა საკმაოდ ჰარმონიულად განვითარდეს.
შეხვდით: 9 საათზე
მორიელი
მორიელი მამაკაცი ბუნებით ფრთხილი და ეჭვიანია. შესაძლია მოგეჩვენოთ რომ იგი საკმაოდ გაიხსნა თქვენთან, რაკი პაემანი დაგინიშნათ, მაგრამ მინდა იმედი გაგიცრუოთ – ცდებით! ეს მხოლოდ დასაწყისი სტადიაა, საიდანაც თქვენზე ექსპერიმენტების ჩატარება დაიწყება თუ, რა თქმა უნდა, მას საექსპერიმენტოდ მოეწონეთ. თუკი მასზე შთაბეჭდილების მოხდენა გსურთ, გააოცეთ რაიმე პარაფსიქოლოგიური უნარით ან გაუმხილეთ, რომ სიზმრების ახსნა გეხერხებათ და ეს ნიჭი გენეტიკურად გერგოთ დიდი ბებიისგან. მაგრამ იმის თქმას, რომ თავადაც გყავთ ნანახი სიზმარში არ გირჩევთ, უკვე გადამლაშება გამოგივათ და მორიელი უმალ მიგიხვდებათ ცუდად დადგმულ სპექტაკლს. მოერიდეთ მისთვის თვალის ხშირად გასწორებას საუბრისას, თუ არ გინდათ პირველივე პაემანზე მის ლოგინში აღმოჩნდეთ. თანაც ისე, რომ მეორე დღეს დასკვნას მაინც ვერ გამოიტანთ მართლა მოეწონეთ მას თუ უბრალოდ, ცოტა ხნით გამოგიყენათ.
შეხვდით: 11 საათზე (და გაატარეთ მთელი ღამე მასთან ერთად)
მშვილდოსანი
მშვილდოსანი მამაკაცების უმრავლესობა, როგორც წესი, "ერთი ნახვით შეყვარების" სინდრომით ხასიათდება. იგი პაემანს ქუჩაში დანახვისთანავე, სპონტანურად დაგინიშნავთ და მეეჭვება მის უჩვეულო ქარიზმატულობას გაუძლოთ და უარი უთხრათ შეხვედრაზე. იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენი გული იმ ეტაპზე არცთუ მთლად თავისუფალია, მამაკაცი მშვილდოსანი პირველივე პაემანზე შეძლებს მის სრულიად დასაკუთრებას. თუმცა იგივეს იმედი თავად ნუ გექნებათ. პრინციპში მისი გულის დასაკუთრება რთული საკითხი სულაც არ გახლავთ, ოღონდ რა ვადით აი ეს არის საკითხავი. მშვილდოსანი ხომ ბუნებით მაძიებელი და ცვალებადი ნატურაა, ამიტომ თუ მის მიმართ ლოიალურად იქნებით განწყობილი (ხანდახან თვალს დაუხუჭავთ უვნებელ ფლირტზე, არ მოუწყობთ სკანდალებს დაპირების შეუსრულებლობის გამო) შესაძლოა ერთად დიდხანს გაძლოთ.
შეხვდით: 12 საათზე, რომ ურთიერთობა თავგადასავლად აღიქვას.
თხის რქა
პაემანის საკითხს, ისევე როგორც ყველაფერს ცხოვრებაში დიდი სერიოზულობით ეკიდება. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ თქვენი თაყვანისმცემელი თხის რქა დეტალურად შეათანხმებს თქვენთან პაემანის ადგილს, დროს და მენიუს. თუმცა დაიმახსოვრეთ, მთავარი "კოზირი" თხის რქასთან პირველი შეხვედრისას, გარეგნულ მომხიბვლელობასთან ერთად, ინტელექტის დონე იქნება. ამიტომ სანამ თხის რქასთან პაემანზე წახვალთ, ერთი ორი წიგნი მაინც გადაიკითხეთ, ოღონდ არა ზერელედ! თხის რქა საკმაოდ დაკვირვებული მამაკაცია, მას არ გამოეპარება თქვენი "საფასადო ინტელექტი". თუმცა ამის გამო ღიად არასოდეს გაგაკრიტიკებთ. უბრალოდ სამომავლოდ, უკვალოდ ამოგშლით საკუთარი ნაცნობების სიიდან. მისთვის პარტნიორის ინტელექტუალურ დონეს, საზოგადოებრივ სტატუსსა და კარგ მანერებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სასურველია, გონებრივ მონაცემებთან ერთად, გემოვნებაც ზომიერი გაგაჩნდეთ საიმისოდ, რომ მამაკაც თხის რქას თავი მოაწონოთ. ნუ გამოიყენებთ მკვეთრ ლაქს, წითელ პომადასა და მძაფრი სურნელების მქონე სუნამოს მასთან პაემანისას. ასევე არასასურველია პირველივე ჯერზე იგი ექსტრავაგანტური ჩაცმულობით ან ვარცხნილობით გააოცოთ. თხის რქას ყველაფერი ზომისა და ნორმის ფარგლებში მოქცეული უყვარს.
შეხვდით: სამსახურამდე, დილის 8 ან 9 საათზე.
მერწყული
მერწყული მამაკაცი არაპროგნოზირებადი და კრეატიული პიროვნებაა. ამიტომ იგი იშვიათად ცხოვრობს დაგეგმილად. შესაბამისად, მასთან პაემანიც ყოველთვის სპონტანურად შექმნილ სიტუაციაშია მოსალოდნელი. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელ მამაკაცს, დიდად არ ხიბლავს მანდილოსანთან განმატროებით, გულითადი საუბრები. ამიტომ პაემანზე მასთან ერთად შეიძლება თავი რომელიმე გასართობ ღონისძიებაზე, კონცერტზე ან ღამის კლუბში ამოყოთ. თუკი ერთი საღამოს მანძილზე, მან თქვენთან ერთად რამდენიმე ასეთი დაწესებულების მონახულება გადაწყვიტა, თამამად შეგიძლიათ მასთან პაემანი წარმატებულად ჩათვალოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ მერწყული დააინტერესეთ. თუმცა პაემანის შემდეგ მასთან რომანტიული ესემესების გზავნას და მით უმეტეს რეკვას არ გირჩევთ, მერწყული უზომოდ თავისუფლებისმოყვარე პიროვნებაა. აცალეთ თავად მიიღოს თქვენთან ხელმეორედ კონტაქტის გადაწყვეტილება.
შეხვდით: ისეთ დროს, როცა ადამიანები ერთმანეთს არ ხვდებიან... დილის 4 ზე ან 5-ზე რას იტყვით?
თევზები
თევზი მამაკაცი ბუნებით ძალიან პასიური და მორცხვია. ამიტომ სანამ სიმპათიის ობიექტი ქალბატონის პაემანზე დაპატიჟების გადაწყვეტილებას მიიღებს, ყველანაირად შეეცდება პირიქით, ამ უკანასკნელს დააპატიჟებინოს თავი. თუმცა თუ მაინც ისე მოხდა, რომ მამაკაცი თევზი პაემანზე გიწვევთ, უნდა იცოდეთ საორგანიზაციო საკითხები, შეხვედრის ადგილის არჩევა, მენიუ და ა.შ. თქვენი საზრუნავი იქნება. სამაგიეროდ, საღამოს კომფორტულ ატმოსფეროში გატარება გარანტირებული გექნებათ ემოციური კუთხით. თევზები დაბადებით ფსიქოლოგები არიან, ამიტომ მასთან ყველა თემაზე შეგიძლიათ ისაუბროთ და თავი საოცრად მყუდროდ იგრძნოთ. იგი ყურადღებით მოგისმენთ და ყველა თქვენს ემოციას გულწრფელად გაიზიარებს. უფრო მეტიც, თუკი მას ძალიან მოეწონეთ, შესაძლოა საღამომ პოეზიის ხუთი წუთის გარეშე არ ჩაიაროს. თევზი მამაკაცი აუცილებლად მოგიძღვნით რაიმე ექსპრომტს საპატივცემულოდ.
შეხვდით: დროს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია შეხვდეთ.
წყარო: astrologi.ambebi.ge