7 შეცდომა კარტოფილის პიურეს მომზადებისას
ზოგჯერ ნაზი და ჰაეროვანი პიურეს ნაცვლად კორკოშელებიანი ან მაგარი მასა თუ გამოგსვლიათ, ნახეთ, რა არის ამის მიზეზი...
1. უყურადღებოდ ირჩევთ კარტოფილის სახეობას
კარტოფილის არჩევა ადვილი სულაც არ არის. უამრავი სახეობა არსებობს, თანაც ერთმანეთზე უკეთესი. არჩევისას რომ არ დაიტანჯოთ, საკმარისია, ერთი უბრალო წესი დაიმახსოვროთ: რაც უფრო ვარდისფერია კარტოფილი, მით მეტია მასში სახამებელი. ასეთი კარტოფილი კი არ იშლება, ის კარგად იწვება და მოხარშულიც თანაბარ ნაჭრებად იჭრება სალათებისთვის. აი, თეთრი კანი კი იმის მანიშნებელია, რომ ეს სახეობა ძალიან სწრაფად იხარშება და პიურეც უგემრიელესი გამოდის.
2. არასწორად აყრით მარილს
ხარშვისას კარტოფილი წყალს აქტიურად შეიწოვს. თუ მარილს წინასწარ დააყრით, გაცილებით გემრიელი გამოგივათ და მარილიც ნაკლები დასჭირდება.
3. თავის დროზე არ ყრით კარტოფილს წყალში
სწორი თანმიმდევრობა ასეთია: გაფცქვენით კარტოფილი, გაჭერით თითოეული 4-6 ნაჭრად, ჩაყარეთ ქვაბში და დაასხით ცივი წყალი. შემოდგით ცეცხლზე და დააყარეთ მარილი, მიიყვანეთ ადუღებამდე და ხარშეთ მომზადებამდე. თუ დაჭრილ კარტოფილს მდუღარე წყალში ჩაყრით, ის არათანაბრად მოიხარშება - გარედან რბილი იქნება, შიგნით კი - მაგარი.
4. არ უწურავთ წყალს მოხარშულ კარტოფილს
პიურეს რომ წყლის გემო არ ჰქონდეს, მთლიანად გადაწურეთ წყალი. შეგიძლიათ, ტაფაზეც კი გააშროთ. შემდეგ კი ჩაჭყლიტეთ.
5. იყენებთ ცივ კარაქსა და რძეს
მომზადებისას პიურე მუდმივად თბილი უნდა იყოს. ამ შემთხვევაში ტექსტურა სირბილეს შეინარჩუნებს. წინასწარ გამოიღეთ კარაქი მაცივრიდან, რძე კი გაათბეთ. ეს ინგრედიენტები გამთბარი დაამატეთ და პიურე გაცილებით გემრიელი გამოგივათ!
6. ძალიან ინტენსიურად ზელთ
კარტოფილის ჩაჭყლეტა ცოტა რთული პროცესი კი არის, მაგრამ ის სპორტულ დარბაზში სიარულს ვერ შეგიცვლით. ძალიანაც ნუ მოინდომებთ - მთელი ძალით ჩაზელილი კარტოფილი წებოვანი ხდება და არც მადისაღმძვრელად გამოიყურება.
7. წინასწარ ამზადებთ პიურეს
ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება კარტოფილის პიურეს დამართოთ, მისი წინასწარ მომზადება და მაცივარში შედგმაა. ხელახლა გაცხელებულ გარნირს არც სტუმრები მოგიწონებენ და არც ოჯახის წევრები. ყველაზე კარგია, მას უშუალოდ სადილის ან ვახშმის წინ თუ მოამზადებთ. და თუ მაინცდამაინც რამდენიმე საათით ადრე მოგიხდათ პიურეს მომზადება, მაშინ გარნირიანი ქვაბი სქელ პირსახოცში გაახვიეთ და დატოვეთ. ასე ის არ გაცივდება და გემოსაც შეინარჩუნებს.
წყარო:funtime.ge