თეგებით ძიება

თუ აჩმის მომზადება რთული გგონიათ, მიჰყევით ამ მარტივ ინსტრუქციას. ასე მზადდება ყველაზე გემრიელი აჩმა

აჩმა – კერძი, რომელიც ყველას ასე ძალიან გვიყვარს. ყველაზე გამოცდილი დიასახლისებიც კი მაქსიმალურად არიდებენ თავს აჩმის გამოცხობას, რადგან ამ მართლაც რომ შესანიშნავი კერძის მომზადებას საკმაოდ რთულ დავალებად აღვიქვამთ. სინამდვილეში, ყველაფერი გაცილებით მარტივადაა. მთავარია, დეტალურად მიჰყვეთ ინსტრუქციას, რომელსაც დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ და ყველაფერი არაჩვეულებრივად გამოგივათ.

მაშ ასე, დღეს გთავაზობთ მარტივ და დეტალურ ინსტრუქციას, თუ როგორ გამოვაცხოთ იდეალური აჩმა. სტატიის ბოლოში თქვენ იხილავთ ვიდეოსაც, რომელშიც ყველაფერი დეტალურად არის ნაჩვენები. ვიმედოვნებ, რომ ეს რეცეპტი გამოგადგებათ.

ახლა კი გადავინაცვლოთ ჩემს სამზარეულოში და ვნახოთ, როგორ მზადდება ძალიან გემრიელი აჩმა.

ინგრედიენტები:

1 კგ ფქვილი
6 ცალი კვერცხი
300 მლ თბილი წყალი
1 ჩაის კოვზი მარილი
1.2 კგ ნაკლებად მარილიანი ყველი
300 გრამი კარაქი
მომზადება:

პირველ რიგში, კვერცხი მოათავსეთ თასში. დაგჭირდებათ 5 მთლიანი კვერცხი (ცილიანად და გულიანად) და მე-6 კვერცხის მხოლოდ ცილა ცომისთვის, ხოლო გული – ბოლოს თავზე წასასმელად.
გათქვიფეთ კარგად და დაუმატეთ მოცემული რაოდენობით მარილი. განაგრძეთ თქვეფა და ნელ-ნელა დაუმატეთ თბილი წყალი.
როდესაც ჩამოთვლილი ინგრედიენტები ერთმანეთში კარგად გაიხსნება, შეუდექით ეტაპობრივად ფქვილის ჩამატებას. ფქვილის ბოლო ულუფის დამატების შემდეგ კარგად ზილეთ ის ხელებით. ცომს, რა თქმა უნდა, სჭირდება დიდხანს ზელვა.
სამუშაო ზედაპირს მოაყარეთ მცირეოდენი ფქვილი, გადმოიტანეთ ზედ ცომი და კვლავ ამუშავეთ ხელებით. მზა ცომი უნდა იყოს ელასტიკური და არ უნდა გეწეპებოდეთ ხელებზე. კარგად მოზელილი და მომზადებული ცომი ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა, რათა წყალში მოხარშვის დროს ის არ დაიხეს.
მოზელილი ცომი გადაიტანეთ თასში, ზემოდან მოაყარეთ ძალიან ცოტა ფქვილი და დაასვენეთ მაცივარში დაახლოებით 30 წუთით.
დასვენებული ცომი კვლავ გადმოიტანეთ სამუშაო დაფაზე, მიეცით მოგრძო ფორმა და გაყავით 9 ნაწილად. პირველი და ბოლო ნაჭერი უნდა იყოს შედარებით დიდი ზომის, ვიდრე ცომის შუა ნაჭერები.
გახეხეთ ყველი კარგად წვრილ სახეხზე. კარაქი მოათავსეთ ქვაბში, დადგით დაბალ ცეცხლზე და დატოვეთ სრულ გადნობამდე.
მოიმარჯვეთ საცხობი ფორმა და სპეციალური ფუნჯის გამოყენებით წაუსვით მას მცირეოდენი გამდნარი კარაქი.
ცომის პირველი, შედარებით დიდი ნაჭერი უნდა მოაქციოთ დაბლა. გააბრტყელეთ ის კარგად (მიეცით მას ოთხკუთხედის ფორმა). გაბრტყელებული ცომის საჭირო ზომა შეგიძლიათ განსაზღვროთ საცხობი ფორმის მიხედვით.
მზა, გაბრტყელებული ცომი გადაიტანეთ საცხობ ფორმაში. ის ოდნავ უნდა გადმოდიოდეს ფორმის გვერდებიდან. ზედმეტი ნაწილები შეგიძლიათ მოაჭრათ.
წაუსვით მას გამდნარი კარაქი კარგად და შეუდექით მომდევნო 4, შედარებით პატარა ზომის ფენების გაბრტყელებას.
გაბრტყელებულ ცომის ნაჭრებს მოაყარეთ ზემოდან ფქვილი და გადაკეცეთ.
დიდ ქვაბში აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ ბევრი მარილი და გაბრტყელებული ცომის ერთი ფენა გაშლილად მოათავსეთ მდუღარე წყალში. გირჩევთ, მოხარშული ცომის ამოსაღებად გამოიყენოთ დიდი ზომის საწური. ცხელი წყლიდან ამოღებული მოხარშული ცომი აუცილებლად გადაიტანეთ წინასწარ გამზადებულ ცივ წყალში.
მოათავსეთ ის საცხობ ფორმაში და წაუსვით ზემოდან გამდნარი კარაქი. მოხარშეთ მესამე ფენა, გააჩერეთ მდუღარე წყალში დაახლოებით 1 ან 2 წუთით. მოხარშვის დრო დამოკიდებულია ცომის სისქეზეც, თუმცა თქვენ აუცილებლად უნდა ეცადოთ, რომ ფენა რაც შეიძლება თხელი გამოვიდეს.
ჩააფინეთ მესამე ფენაც საცხობ ფორმაში და მოაყარეთ მას კარგად გახეხილი ყველი, შემდეგ კი დააფინეთ ზემოდან მე-4 ფენა და წაუსვით ზემოდან კარაქი. ასე გააგრძელეთ მე-9, ბოლო ფენამდე.
ბოლო ფენა არ იხარშება. გააბრტყელეთ ის კარგად, ჩამოაჭერით ზედმეტი გვერდები ისე, რომ მისცეთ ოთხკუთხედის ფორმა და დააფინეთ ის სულ ზემოდან ჩვენს აჩმაზე. კარგად ჩაუკეცეთ კუთხეები საცხობ ფორმაში, რათა გამოცხობისას ყველი გარეთ არ გამოვიდეს.
სამზარეულოს ფუნჯის გამოყენებით კარგად წაუსვით ბოლო ფენას გამდნარი კარაქი. გამოცხობადე აჩმა უნდა დაიჭრას სასურველი, თანაბარი ზომის ნაჭრებად.
200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში მოათავსეთ ის გამოსაცხობად 40-50 წუთით. დაახ. 25 წუთის გასვლის შემდეგ გამოიღეთ ის ღუმელიდან და წაუსვით ზემოდან 1 კვერცხის გულისა და 1 კოვზი რძის ნარევი, კვლავ დააბრუნეთ ღუმელში.
უგემრიელესი აჩმა მზად არის. გემრიელად მიირთვით!
ახლა კი გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც აჩმის მომზადების ინსტრუქცია დეტალურად არის ნაჩვენები. თუ მოგეწონათ ჩვენი რეცეპტი, აუცილებლად გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს!


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა