თეგებით ძიება
02. 12. 2019 News-ები

ხაზარაძე: კრიმინალ გახარაიას წინააღმდეგ საქმე უნდა აღიძრას

იმაში, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გემუქრება და ტელევიზიის გაჩერებას გთხოვს, ესენი დანაშაულს ვერ ხედავენ, 11 წლის წინანდელ საქმეში კი, სადაც არც მომჩივანია და არც დაზარალებული, დანაშაულის ნიშნებს ხედავენ. კრიმინალ გახარაიაზე საქმე უნდა აღიძრას, - ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

„ყველაზე დიდი ტყუილი, რომელსაც 1 წელია ვისმენთ, არის ის, რომ საუბარია არა 80, არამედ 17 მილიონზე. 2007 წელს ჯამურად 80 მილიონი დოლარი ვისესხეთ, რადგან „ნაცმოძრაობის“ გამო ბანკი იყო გაჩერებული. მაშინ არაფერი დაგვიშავებია, სწრაფად ვიზრდებოდით და ამის გამო გაგვაჩერეს და თქვეს, რომ თუ კაპიტალს სასწრაფოდ არ გაზრდით, გაჩერდებითო. მივადექით მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბანკს, ვისესხეთ 60 მილიონი დოლარი. კიდევ 3 მილიონი „ბორჯომის“ გენერალური დირექტორისგან ვისესხეთ და დაგვრჩა 17 მილიონი დოლარი. ნიდერლანდელ პარტნიორებთან წავედით, 6-თვიანი კრედიტი მოვითხოვეთ და მოგვცეს 30%-იანი მოკლევადიანი სესხი.

ამ ხელშეკრულებებში პირდაპირ წერია, რომ ეს ფული უნდა მოხმარდეს მხოლოდ ბანკის კაპიტალში ჩადებულ ფულს. ირლანდიურმა ბანკმა რამდენიმე თვეში ტრანზაქციის დასრულება გვთხოვა. კრედიტის მოძიება დაგვჭირდა, რამდენიმე კომპანიას ვთხოვეთ 17 მილიონი დოლარის სესხება, რათა ირლანდიურ ბანკთან გაფორმებული შეთანხმება გაგვეფორმებინა. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი ავთო წერეთელი იყო. მას მადლობა მინდა ვუთხრა და ბოდიში მოვუხადო - ის არაფერ შუაშია ამ ამბავში. ავთო წერეთლისგან 17 მილიონი დოლარი ვისესხეთ, ჩვენთვის რომ ესესხებინა, თანხა ლარში გადაიყვანა, მერე ჩვენ ისევ დოლარში გადავიყვანეთ და ირლანდიელებს თანხა დავუბრუნეთ. ავთო წერეთელთან 6-თვიანი ხელშეკრულება გავაფორმეთ. ეს იყო დივერსია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ.

მთელ მსოფლიოში ეჭვმიტანილად გამოგვაცხადეს, ყველგან წავიდა ინფორმაცია ორი მსხვილი აქციონერი ასეთ მდგომარეობაშიაო. გახარიას წერილი მივიღე-მეთქი გითხარით და საქმე არ აღძარით. პირდაპირ გეუბნებით, კრიმინალ გახარაიაზე საქმე უნდა აღიძრას. იმაში, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გემუქრება და ტელევიზიის გაჩერებას გთხოვს, ესენი დანაშაულს ვერ ხედავენ. 11 წლის წინანდელ საქმეში კი, სადაც არც მომჩივანია და არც დაზარალებული, დანაშაულის ნიშნებს ხედავენ“, - განაცხადა ხაზარაძემ.

საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმეზე“ გამოძიებას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე აწარმოებს. საუბარია 17 მილიონამდე დოლარის ტრანზაქციაზე. 8 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში „თიბისი ბანკიდან“ გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს 2019 წლის 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით)“. მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივ მოძრაობის დაფუძნების შესახებ 9 ივლისს განაცხადა.

26 ივლისს სასამართლომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, თითოეულს 700 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ამავე საქმის ფარგლებში გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 22 აგვისტოს აღძრა. საგამოძიებო უწყების განმარტებით, საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში დახმარებას. საქალაქო სასამართლომ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა, რაც მისმა ადვოკატმა გაასაჩივრა.

წყარო:imedinews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა