როგორია „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ფინანსური მდგომარეობა
„რესპუბლიკური საავადმყოფო“, რომლის შენობაც უახლოეს პერიოდში დაინგრევა, 2022 წელს 3,438 მლნ ლარის ზარალზე გავიდა - ამის შესახებ აღნიშნულია „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ფინანსურ ანგარიშგებაში.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, 2021 წელს “რესპუბლიკურ საავადმყოფომ“ 30,662 მლნ ლარის მოგება მიიღო.
რაც შეეხება შემოსავალს, ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2022 წელს (2023 წლის ანგარიშგება მოგვიანებით გამოქვეყნდება) კლინიკამ 25,494 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო, წინა წელს კი შემოსავალმა 54,440 მლნ შეადგინა. საერო ჯამში, შემცირებულია მთლიანი შემოსავლებიც 101,949 მლნ ლარიდან 44,687 მლნ ლარამდე.
ამასთან, ანგარიშგების მიხედვით, 2022 წელს კლინიკის აქტივები იყო 76,145 მლნ ლარი და კაპიტალი - 34,846 მლნ ლარი. “რესპუბლიკურ საავადმყოფოს“ 2022 წელს 41,299 მლნ ლარის ვალდებულებები ჰქონდა.
შპს ,,აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“ არის შპს, რომელიც დაფუძნებულია და ფუნქციონირებს საქართველოში, საქართველოს კანონმდებლობების შესაბამისად. 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიის წილის 100%-იანი წილის მფოლებლია ა(ა)იპ საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი.
ცნობისთვის, გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა, სადაც ერთ-ერთი ძირითადი განსახილველი თემა რესპუბლიკური საავადმყოფოს სამომავლო ბედი იყო. როგორც პრემიერმა აღნიშნა, სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია, შესაბამისად, იგეგმება ძველი შენობის დემონტაჟი და მის ბაზაზე მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს აშენება.
გუშინვე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შეხვდა, სადაც აღნიშნა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი, უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით, თუ ღირსეული კომპენსაციით.
წყარო : bpn.ge