ზაარბრიუკენის მოედანზე დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა სტაბილურია
ზაარბრიუკენის მოედანზე მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების შედეგად დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა სტაბილურია. ამის შესახებ დაზარალებულის ექიმმა ფორმულასთან ისაუბრა.
"პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჯერად სტაბილურია, იმყოფება საპალატე სივრცეში. შემოყვანილი იქნა გუშინ, ჭრილობა იყო ბარძაყის ზედა მესამედში მიყენებული, ასე რომ, ჩატარდა ოპერაცია, მოხდა ჭრილობის რევიზიაც, სერიოზულ გართულებებს ადგილი არ ჰქონია და ამჟამად, მის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება", - განაცხადა მან.
რაც შეეხება დაპირისპირების დროს დაჭრილ მოქალაქეს, მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ის ალადაშვილის კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
3 დეკემბერს თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე 2 ადამიანი დაჭრეს. მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა და აღნიშნა, რომ პოლიციელისა და კიდევ ერთი პირის დაჭრის ბრალდებით 1 პირი დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 353-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.