არისტოკრატების საუზმე - ერბოკვერცხი „ორსინი“ (2 რეცეპტი)
ერბოკვერცხის მომზადების სრულიად გენიალური ხერხი დიდი იმპრესიონისტის კლოდ მონეს რეცეპტების წიგნიდან!
ორი სიტყვით კერძის წარმოშობაზე
„ორსინი“ კლოდ მონეს საყვარელი კერძი იყო და მას „არისტოკრატების საუზმეს“ უწოდებდა. მიმზადების წესიც მონეს რეცეპტების წიგნმა შემოინახა.
დიდებული იმპრესიონისტი ნამდვილი გურმანი გახლდათ და საგულდაგულოდ ინიშნავდა ყველა იმ კერძს, რომელიც მოეწონებოდა.
მონეს რეცეპტების წიგნი მხატვრის მემკვიდრეებმა მე-20 საუკუნეში გამოაქვეყნეს. არსებობს გადმოცემა, რომ კერძის სახელწოდება მონეს ერთ-ერთ მეგობარს, წარმოშობით იტალიელ ორსინის უკავშირდება, რადგან სწორედ მან მიუტანა მონეს აღნიშნული რეცეპტი.
„ორსინის“ უნივერსალურობა ის არის, რომ კლასიკური რეცეპტისთვის მხოლოდ კვერცხი, კარაქი, მარილი და პილპილია საჭირო, მაგრამ თუ გსურთ, სტუმრებს გაუმასპინძლდეთ, შეგიძლიათ ფანტაზია ჩართოთ და კერძს განუმეორებელი გემო მისცეთ.
დღეს გაგაცნობთ როგორც კლასიკურ რეცეპტს, ასევე რეცეპტს, რომელშიც სხვა ინგრედიენტებია დამატებული.
ერბოკვერცხი „ორსინი“ - კლასიკური რეცეპტი
საჭირო პროდუქტი:
კვერცხი - 3 ცალი
კარაქი - 50 გრ.
მარილი და პილპილი - გემოვნებით.
მომზადების წესი:
გააცხელეთ ღუმელი 200 ° C-მდე;
გააცალკავეთ ერთმანეთისგან კვერცხის გულები და ცილა. გულები ცალ-ცალკე უნდა შეინახოთ გამოყენებამდე. შეგიძლიათ, კვერცხის ცარიელ ნაჭუჭშივე დატოვოთ;
ცილა (სამივე კვერცხის) კარგად ათქვიფეთ. უმჯობესია - მიქსერით თქვიფოთ;
ათქვეფილი ცილა თანაბარ 3 ნაწილად გაყავით;
ღუმელის ლანგარზე პერგამენტის ქაღალდი დააფარეთ, ზედ წაუსვით კარაქი და ათქვეფილი ცილა გადაიტანეთ (შეგიძლიათ, ცილა სპეციალურ ფორმებში მოათავსოთ და ისე დააწყოთ ლანგარზე);
ათქვეფილი ცილის თითოეულ გუნდას სადილის კოვზით გაუკეთეთ ჩაღრმავება (რომელშიც მოგვიანებით კვერცხის გულას ჩადებთ);
ცილის გუნდებიანი ლანგარი შედგით ღუმელში 4-5 წუთით;
შემდეგ გამოაღეთ ღუმელი, გამოწიეთ ლანგარი და თითოეულ ცილის გუნდის ჩაღრმავებაში თითო კევრცხის გული აკურატულად ჩადეთ. მოაყარეთ მარილი და პილპილი და 3-4 წუთი ისევ აცხვეთ, სანამ გულები ცოტა არ ამოიბურცება, შიგნით კი სველი უნდა დარჩეს;
სუფრასთან მისატანად შეგიძლიათ დააწყოთ ტოსტის პურზე ან მორთოთ მწვანილით, პომიდორით ან ავოკადოს ნაჭრებით.
ერბოკვერცხი „ორსინი“ - ყველით, ლორით და მწვანე ხახვით
საჭირო პროდუქტი:
კვერცხი - 4 ცალი
კარაქი - 75 გრამი;
მწვანე ხახვი - 2-3 ღერო;
ლორი - 100 გრ;
ყველი - 100 გრ. (უმჯობესია პარმეზანი);
მარილი, პილპილი - გემოვნებით.
მომზადების წესი:
გააცხელეთ ღუმელი 200 ° C-მდე;
გააცალკავეთ ერთმანეთისგან კვერცხის გულები და ცილა. გულები ცალ-ცალკე უნდა შეინახოთ გამოყენებამდე. შეგიძლიათ, კვერცხის ცარიელ ნაჭუჭშივე დატოვოთ;
ცილა (სამივე კვერცხის) კარგად ათქვიფეთ. უმჯობესია - მიქსერით თქვიფოთ;
ათქვეფილი ცილა 4 თანაბარ ნაწილად გაყავით;
ღუმელის ლანგარზე პერგამენტის ქაღალდი დააფარეთ, ზედ წაუსვით კარაქი და ათქვეფილი ცილა გადაიტანეთ. (შეგიძლიათ, ცილა სპეციალურ ფორმებში მოათავსოთ და ისე დააწყოთ ლანგარზე);
ათქვეფილი ცილის თითოეულ გუნდას სადილის კოვზით გაუკეთეთ ჩაღრმავება (რომელშიც მოგვიანებით კვერცხის გულს ჩადებთ);
ცილის გუნდებს მოაყარეთ დაჭრილი მწვანე ხახვი და ლორი;
ცილის გუნდებიანი ლანგარი შედგით ღუმელში ზუსტად 5 წუთით;
შემდეგ გამოაღეთ ღუმელი, გამოწიეთ ლანგარი და თითოეული ცილის გუნდის ჩაღრმავებაში თითო კვერცხის გული აკურატულად ჩადეთ. გულებს მოაყარეთ მარილი, პილპილი და გახეხილი ყველი და 4-5 წუთი ისევ აცხვეთ, სანამ გულები ცოტა არ ამოიბურცება, შიგნით კი სველი უნდა დარჩეს.
გემრიელად მიირთვით!
წყარო:funtime.ge