თეგებით ძიება
23. 10. 2020 COVID - 19

პნევმონია მხოლოდ დასაწყისია – რა გართულებები რჩება ორგანიზმში კორონავირუსის შემდეგ

ფილტვების ანთება, ხველა, ქოშინი და ცხელება არის ახალი კორონავირუსის COVID-19-ის სიმპტომები. როგორც წესი, ამ დიაგნოზით, პაციენტები საავადმყოფოში რამდენიმე კვირას ატარებენ. თუმცა კორონავირუსისგან განკურნება არ ნიშნავს სრულად გამოჯანმრთელებას.

უფრო და უფრო მეტი ექიმი ამბობს, რომ ვირუსი მრავალ გართულებას იწვევს, უფრო მეტიც, ამან შეიძლება გავლენა იქონიოს ისეთ ორგანოებზე, რომლებიც არანაირად არ არის დაკავშირებული სასუნთქი სისტემის მუშაობასთან. აზიანებს ადამიანის სხეულის სხვადასხვა ორგანოებს, დაწყებული იმუნური სისტემით, სასუნთქი სისტემით დამთავრებული.

რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება, თუმცა კოვორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ბევრი პაციენტი ჯანმრთელობის პრობლემებს უჩივის. შესაძლოა გართულებები არ მოჰყვეს დაუყოვნებლივ, არამედ ზოგიერთმა სიმპტომმა შეიძლება თავი იჩინოს გამოჯანმრთელებიდან რამდენიმე თვის შემდეგ. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ არ არსებობს მეცნიერული დასკვნა აღნიშნული თეორიის დასადასტურებლად, რაიმეს მტკიცება დაზუსტებით შეუძლებელია.

ამ საკითხთან დაკავშირებით, „პრაიმტაიმი“ დაუკავშირდა ინფექციონისტს ალექსანდრე გოგინავას, რომელიც ადასტურებს, რომ კორონავირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ შესაძლებელია სხვადასხვა სახის პრობლემამ იჩინოს თავი, მათ შორისაა ე.წ ფიბროზი, რომელიც ფილტვის ქსოვილს უფუნქციოს ხდის.

​„თეორიულად შესაძლებელია და რაც შეგვიძლია რეალურად ვთქვათ, დაავადების გადატანის შემდეგ, როდესაც არის სერიოზული პნევმონია, ანუ ფილტვის დიდი ნაწილი არის დაზიანებული, შეიძლება დარჩეს ე.წ ფიბროზი, ანუ ეს რას ნიშნავს, როდესაც ანთებითი პროცესის გადატანის შემდეგ ფილტვის ქსოვილი არის უფუნქციო და ის ვერ მონაწილეობს სუნთქვის პროცესებში. თუ ვთქვათ, დიდი ზომის ფიბროზი დარჩა და განსაკუთრებით ასაკოვანია ადამიანი, შეიძლება ამან გამოიწვიოს ის, რომ მისი სასუნთქი სისტემა და ფილტვები ვერ ფუნქციონირებდეს ისე კარგად, როგორც ფუნქციონირებდა ამ დაავადების გადატანამდე. ახალგაზრდა ასაკში ეს ფიბროზი ნელ-ნელა ლაგდება და სერიოზულ გვერდით მოვლენად არ რჩება.

მაგრამ არის შემთხვევა, რომ ფიბროზის დარჩენის შემდეგ ადამიანების ფილტვები არ არის ჯანმრთელი და შეიძლება სხვა ინფექციებითაც ადვილად დაავადდეს“, – ამბობს ინფექციონისტი.

გოგინავა აღნიშნავს, რომ ჯერ არ გასულა საკმარისი პერიოდი და არ დაგროვებულა იმდენი გამოცდილება, რომ ზუსტად იყოს ცნობილი 6 თვეში ან 1 წელში რა გართულებები მოჰყვება კორონავირუსისგან გამოჯანრთელებულ ორგანიზმს.

ინფექციონისტი საუბრობს იმ დაზიანებებზე, რომლებიც კორონავირუსისგან განკურნებულ პაციენტებში შეიძლება განვითარდეს.

„დაავადების მიმდინარეობისას ზიანდება სისხლის შემდედებელი სისტემა, ზიანდება სისხლძარღვები, თრომბოზები ვითარდება, რომლებიც ასევე საყურადღებოა და რომელიც ამ დაავადების გადატანის შემდეგაც, იმ ადამიანებისთვის, ვისაც ისედაც ჰქონდა პრობლემა გულსისხლძარღვთა სისტემაზე, დამატებითი რისკები შეუქმნას, როგორც გულსისხლძარღვთა სისტემის განვითარების,ასევე არსებული დაავადების გამწვავების მხრივ.

ეს არის ის, რაც ჩვენ შეგვხვედრია – დაავადების გადატანის შემდეგ, შემდედებელი სისტემის დაზიანება და ფილტვის ქსოვილის დაზიანება, ანუ სერიოზული ფიბროზული ცვილებები.

რაც შეეხება იმუნურ სისტემას, ჩვენ დაავადების მძიმე მიმდინარეობისას, უჯრედული იმუნიტეტი და ხანდახან ჰუმორული იმუნიტეტიც საკმაოდ დაზიანებულია, მაგრამ დაავადების გადატანის შემდეგ ჩვენ ანალიზებს როცა ვაკეთებთ, ისინი ნელ-ნელა აღდგენას იწყებს. მაგრამ ეს არის ახლო პერიოდში. სამომავლოდ რა დაზიანებები შეიძლება გამოიწვიოს ეს ბოლომდე არ არის შესწავლილი და ეს სხვადასხვა სტატიების და მოსაზრებების დონეზეა მხოლოდ.

COVID-19-ის გადატანის შემდეგ გარდა ზემოთ ჩამოთვლილი გართულებებისა, არსებობს ნერვოლოგიური პრობლემები, რომლის შედეგადაც პერიფერიული ნერვული სისტემა ზიანდება. უფრო კონკრეტულად კი, ასეთ დროს ადამიანებს უჭირთ სიარული.

„​ჩვენთან ნაკლები იყო თუმცა, ნერვოლოგიური პრობლემები არსებობს. არის ბევრი სტატია, სადაც ე,წ დაავადებების გადატანის შემდეგ პოლინეიროპათია განვითარდა, როდესაც პერიფერიული ნერვული სისტემა დაზიანდა, რა დროსაც ადამიანებს უჭირდათ სიარული და ნეიროპათიისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა სიმპტომები განუვითარდათ. ამას სხვა ვირუსული ინფექციებიც იწვევს მაგრამ აღმოჩნდა, რომ კორონავირუსული ინფექციის გადატანის შემდეგაც, რაღაც პროცენტით პოლინეიროპათიის განვითარების რისკები არის.

ძირითადი დაზიანებები: სასუნთქი სისტემა, გულსისხლძარღვთა სისტემა, იმუნური სისტემა (მძიმე მიმდინარეობის დროს), ასევე აზიანებს თირკმელსაც (როდესაც თირკმელი დაზიანებულია), ასევე შაქრიანი დიაბეტიკი, ზოგადად ვირუსი დიაბეტიან პაციენტებში საკმაოდ მძიმედ მძიმედ მიმდინარეობს“,- აცხადებს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.


წყარო:primetime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა