გამოთვალეთ შეთავსების კოდი და შეარჩიეთ თქვენთვის იდეალური პარტნიორი
იმის დადგენა რამდენად შეგეფერებათ ადამიანი, რომლის მიმართაც სიმპათიას გრძნობთ, ძნელი არაა. საკმარისია გაარკვიოთ როდის მოევლინა სამყაროს და ნუმეროლოგიური გამოთვლა ჩაატაროთ.
ნუმეროლოგიური გამოთვლის ჩასატარებლად საჭიროა თქვენი და პოტენციური პარტნიორის დაბადების თარიღები. მაგალითისთვის, დავუშვათ, რომ თქვენ 1983 წლის 25 თებერვალს (25.02.1983) დაიბადეთ, ხოლო ის 1980 წლის 18 ივნისს (18.06.1980)
თავდაპირველად, შევკრიბოთ თქვენი დაბადების დღის თარიღში შემავალი რიცხვები: 2 + 5 + 0 + 2 + 1 + 9 + 8 + 3 = 30 და ნუმეროლოგიის წესების თანახმად, შედეგი ერთ რიცხვამდე დავიყვანოთ 3 + 0 = 3. ეს თქვენი დაბადების რიცხვია.
ანალოგიურად მოვიქცეთ პოტენციური პარტნიორის დაბადების თარიღთან მიმართებით: 1 + 8 + 0 + 6 + 1 + 9 + 8 + 0 = 33 და 3 + 3 = 6. თქვენი რჩეულის დაბადების რიცხვი 6 გახლავთ.
ახლა უნდა შეკრიბოთ თქვენი და მისი დაბადების რიცხვები 3 + 6 = 9 და ნახავთ, რომ თქვენი ურთიერთშეთავსების რიცხვი არის 9.
ახლა განვმარტოთ მიღებული რიცხვები.
1. კავშირი საკმაოდ ხელსაყრელია, თუმცა, ყურადღების მოდუნებას არ გირჩევთ. თქვენი ურთიერთობა საერთო ინტერესებზე და შეხედულებებზე აეწყობა და რთულ დროს ერთმანეთის მხარდამჭერები იქნებით. ყველაზე ჰარმონიულ წყვილებშიც კი კამათი და კონფლიქტები გარდაუვალია, თუმცა, თქვენი კონფლიქტი ისევე სწრაფად ჩაქრება, როგორც იფეთქებს. ეცადეთ მასთან ურთიერთობაში ყოველთვის გულწრფელი იყოთ. სიყალბემ შეიძლება თქვენს შორის გადებული უხილავი ხიდი წამებში დაანგრიოს. ნუ ეცდებით იმაზე უკეთესი ჩანდეთ ვიდრე ხართ. დარჩით იმად, ვინც ხართ.
2. კარგი შანსი გაქვთ, რომ მყარი და ბედნიერი ოჯახი შექმნათ, თუმცა, ეს სწრაფად არ მოხდება და მანამდე დიდი სირთულეების გავლა მოგიწევთ. ამ რიცხვის ნიშნით შეკავშირებული ზოგი წყვილი გამოცდებს ვერ უძლებს და ქორწინებიდან მალევე ცილდება ერთმანეთს. ასეთი წყვილები ძალიან ცდებიან, რადგან წინ შესანიშნავი მომავალი გაქვთ. უბრალოდ, ცოტა უნდა მოითმინოთ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენს ურთიერთობაში ცოტა რომანტიკაა, თქვენი კავშირი მყარი და ბედნიერი იქნება.
3. ეს არც თუ ისე ხელსაყრელი რიცხვია. შესანიშნავი სექსუალური ურთიერთშეთავსების მიუხედავად, თქვენს შორის ურთიერთობა შეიძლება უბრალო წვრილმანის გამო გაცივდეს. თუ რომელიმე პარტნიორმა „მარცხნივ“ გადახვევა სცადა, ურთიერთობა სწრაფად შევა ჩიხში, თუმცა, ყველაფერი არც ისე უიმედოა, როგორ ჩანს. ისწავლეთ ერთმანეთისთვის თბილი სიტყვების თქმა და ერთმანეთზე ზრუნვა. ყურადღებას ნუ გაამახვილებთ ერთმანეთის უარყოფით მხარეებზე და ეცადეთ მხოლოდ კარგი დაინახოთ. თქვენს შორის მუდამ იქნება უხილავი ენერგეტიკული კავშირი, ამიტომ, კიდეც რომ დასცილდეთ, რაღაც დროის შემდეგ მაინც შეერთდებით.
4. ამ რიცხვის ნიშნით შეკავშირებულ ადამიანებს ხანგრძლივი და მშვიდი ქორწინება ელით. თქვენ ერთმანეთის უთქმელადაც გესმით და ერთმანეთის განწყობას უსიტყვოდ გრძნობთ, თუმცა ამ ქორწინებას ბოლომდე ბედნიერს ვერ ვუწოდებთ, რადგან თქვენი კავშირი უფრო მეგობრულია, ვიდრე ცოლ-ქმრული. სექსუალური თვალსაზრისით, შეთავსება მცირეა, ამიტომ ადრე თუ გვიან, კარგ მეგობრებად დარჩენას მოინდომებთ. შეთავსების ეს ნიშანი იდეალურია წყვილებისთვის, რომლებისთვისაც სექსუალური ურთიერთობა მთავარი არ არის. ასეთი შემთხვევებიც ხდება..
5. თქვენ შეგიძლიათ უჩვეულოდ მყარი კავშირი შექმნათ. ერთ მხრივ, განსხვავებული ხასიათები და შეხედულებები გაქვთ, მაგრამ მეორე მხრივ, ერთმანეთს შესანიშნავად ავსებთ და შეგიძლიათ ჰარმონიული ერთიანობა შექმნათ. აღსანიშნავია, რომ რაც უფრო დიდია თქვენს შორის ხასიათებში სხვაობა, მით მეტია ურთიერთმიზიდულობა. გახსოვდეთ, რომ არსებობს ერთი მნიშვნელოვანი პირობა, რომლის გარეშეც ურთიერთობა ვერ ჩამოყალიბდება - ერთმანეთს უნდა მისცეთ საკუთარი აზრის ქონის უფლება და საშუალება და ერთმანეთის პოზიციას პატივი უნდა სცეთ, თუნდაც კატეგორიულად არ ეთანხმებოდეთ. ადვილი არ იქნება, მაგრამ სერიოზულ თემებზე შეთანხმებას მხოლოდ ასე შეძლებთ.
6. ამ რიცხვით შეკავშირებულ ადამიანებს თბილი და მყარი ოჯახური ურთიერთობა ექნებათ. ამ ტიპის წყვილები საკუთარ, გარეშე თვალისგან დახურულ სივრცეებს ქმნიან, სადაც თავს მშვიდად, დაცულად და კომფორტულად გრძნობენ. ერთად მშვენივრად იგრძნობთ თავს საწოლშიც და სამზარეულოშიც. ყოველთვის გექნებათ სასაუბრო თემა და არასოდეს იკამათებთ იმაზე, თუ ვინ არის მთავარი და ვისი აზრი უფრო მნიშვნელოვანია. ზიგჯერ იმდენად იქნებით ერთმანეთით გატაცებული, რომ გარე სამყარო თქვენთვის არსებობას შეწყვეტს.
7. წარმატების შანსები ნამდვილად გაქვთ. სულიერი კავშირი სახეზეა და ენერგეტიკული ურთიერთკავშირიც არსებობს, თუმცა ყოველთვის იარსებებს დაცილების რისკიც და ამის მიზეზი არასაკმარისი გულახდილობა და ნდობა იქნება. თუ დაქორწინება გადაწყვიტეთ, ისწავლეთ, რომ ერთმანეთს წყენა არ უნდა დაუმალოთ და ნებისმიერი კონფლიქტური სიტუაცია ერთად უნდა განიხილოთ. გაუფრთხილდით საკუთარ სიყვარულს და ნუ იფიქრებთ, რომ ქორწინების სიმტკიცეზე მხოლოდ პარტნიორია პასუხისმგებელი. ეს ტვირთო ორივეს თანაბრად გაწევთ და პასუხისმგებლობაც ორივემ უნდა ზიდოთ.
8. საკმაოდ რთული, მაგრამ ორივე პარტნიორისთვის იმედისმომცემი ურთიერთობაა. ორივე მკაფიოდ გამოხატული პიროვნება ხართ, ამიტომ თქვენს კავშირში შესაძლოა, ძალაუფლებისთვის ბრძოლა დაიწყოს. ქორწინების შენარჩუნებას იმ შემთხვევაში შეძლებთ თუ ერთი მიზნისკენ და ერთი მიმართულებით იმოქმედებთ. ასეთ შემთხვევაში არა მარტო წარმატება, არამედ, ვნებით სავსე სიყვარული გელით. მოკლედ ამ კავშირის შეფასება ასე შეიძლება - ჩვენ ერთად დიდი ძალა ვართ!
9. თქვენს შემთხვევაში ჯობს არ იჩქაროთ, თორემ შეიძლება ეს კავშირი ატრაქციონად იქცეს. შეგიძლიათ ამ ადამიანს შეხვდეთ და დააკვირდეთ. გაიგოთ რით სუნთქავს, რა აინტერესებს და აღიზიანებს და დაფიქრდეთ შეძლებთ თუ არა მასთან ცხოვრებას. ოჯახი მარტო ლოგინი არ არის, ამიტომ თუ პრობლემებისთვის მზად არ ხართ იქნებ არც ღირს ისეთი ურთიერთობის დაწყება, რომელიც უამრავ ნერვიულობას, სტრესს და იმედგაცრუებას მოგიტანთ?