ნოემბრის ბოლომდე შესაძლოა, კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა 3 000-ს გასცდეს - თენგიზ ცერცვაძე
ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, Covid19-ის შემთხვევების მაჩვენებელი ამ ეტაპისთვის იზრდება.
როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, ეპიდემიოლოგების პროგნოზის მიხედვით, შესაძლოა, მატება გაგრძელდეს და შემთხვევების რიცხვი 3000-ს გადასცდეს.
თენგიზ ცერცვაძემ ყურადღება ასევე აშშ-ისა და ევროპის ქვეყნებზე გაამახვილა, სადაც სიკვდილიანობის რეკორდები მყარდება.
„ხედავთ, რომ ფიქსირდება ახალი შემთხვევების ძალიან მაღალი მაჩვენებელი, ჯერჯერობით იზრდება და როგორც ეპიდემიოლოგები, ამ საქმის სპეციალისტები გვეუბნებიან, პროგნოზი ისეთია, რომ ნოემბრის ბოლომდე შესაძლოა, მატება გაგრძელდეს და ახალი შემთხვევების რიცხვი 3 000-ს გადაცდეს. ბუნებრივია, ეს სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს ქვეყანას, ჯანდაცვის სექტორს და ამ ეტაპზე პირველ რიგში კლინიკურ სექტორს, რადგან ავადმყოფების გაზრდილი რაოდენობა არის პირდაპირი დატვირთვა კლინიკური სექტორისთვის.
უპირველეს ყოვლისა, მინდა, ვთქვა, რომ ეს არ არის მხოლოდ საქართველოს ხვედრი, მთელ მსოფლიოში ასეა. ყოველდღე მსოფლიოში მყარდება ახალი შემთხვევების ახალი რეკორდები. რამდენიმე დღის წინ მსოფლიოში ახალი შემთხვევების რიცხვმა 600 000-ს პირველად გადააჭარბა. ასევე მყარდება სიკვდილობის რეკორდები, ევროპის, აშშ-ის ქვეყნები მძიმე მდგომარეობაში არიან და იგივე ხდება საქართველოშიც. საქართველოში ამ სიტუაციისთვის, ანუ შემთხვევების ზრდისთვის ცოტა უფრო უარესი პირობებიც არის, რადგან პრაქტიკულად ყველა ქვეყანამ ევროპაში გამოაცხადა სრული ან ნაწილობრივი ლოკდაუნი. საქართველომ უარი თქვა განმეორებითი ლოკდაუნის გამოცხადებაზე, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით“, – განაცხადა ცერცვაძემ.