თეგებით ძიება

შეამჩნიეთ, რომ ბოლოხანს თქვენს შვილს უმიზეზო მოძრაობები დაეწყო? - ყველაფერი ტიკების შესახებ

შეამჩნიეთ, რომ ბოლო ხანს თქვენს შვილს უმიზეზო მოძრაობების ან ხმების გამეორება, მაგალითად, თვალების ხამხამი ან ხველით ხმის ჩაწმენდა დასჩემდა? დიდია ალბათობა, სანერვიულო არაფერი გქონდეთ – ბავშვების მეოთხედს, განსაკუთრებით ბიჭებს, ტიკების პერიოდი სიცოცხლეში ერთხელ მაინც აქვს.

მარტივი ტიკები უმეტესად თავისთავად გაივლის, თუმცა არსებობს მდგომარეობები, როდესაც ექიმის ჩარევა აუცილებელია.

გვესაუბრება ”ავერსის კლინიკის” ბავშვთა ნევროლოგი ლალი ვაშაკიძე.

– ტიკები საკმაოდ გავრცელებულ ჰიპერკინეზულ (უნებლიე მოძრაობების) აშლილობათა ჯგუფს მიეკუთვნება. ესენია სწრაფი, უნებლიე, არარეგულარული, სტერეოტიპული, არარიტმული მოძრაობები, რომელთა დროებით დათრგუნვა შესაძლებელია ნებით. პაციენტთა ნაწილი მას აღიქვამს როგორც ერთგვარ ნებით დაუყოვნებელ პასუხს განსაზღვრული სახის იმპულსზე. ტიკების დროს აღმოცენდება მოძრაობის შესრულების დაუოკებელი სურვილი, რასაც კმაყოფილება მოსდევს. ტიკები მცირდება საქმიანობის, კონცენტრაციის დროს, ძლიერდება სტრესისა და დაღლილობისას.
ტიკის დიაგნოზი რომ დავსვათ, ბავშვს ის ოთხი კვირის განმავლობაში მაინც ყოველდღიურად უნდა აღენიშნებოდეს.
ბავშვთა ასაკში ტიკების სიხშირე 0,4-დან 4,2 პროცენტამდე მერყეობს. სხვა მონაცემებით, ყოველ მეოთხე ბავშვს ამა თუ იმ პერიოდში რომელიმე სახის ტიკი უვითარდება. ცალკე უნდა ვახსენოთ ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომი, რომელიც ბავშვთა 0.1-0.3 პროცენტს აღენიშნება. მიიჩნევა, რომ ეს გენეტიკურად პირობადებული დაავადებაა, რომლის ერთ-ერთი მთავარი გამოვლინება სწორედ ტიკები გახლავთ.
ტიკები გვხვდება უმთავრესად 6-დან 17 წლამდე, თეთრკანიანებში, ვაჟებში. კავკასიელ ბავშვებს რატომღაც უფრო ხშირად ემართებათ, ვიდრე ამერიკელებსა და აფრიკელებს. აღსანიშნავია მათი ერთგვარი სეზონურობაც – ზაფხულში იშვიათდება, ხოლო ზამთარში ხშირდება.

– რა სახის ტიკები არსებობს და რით განსხვავდება ისინი ერთმანეთისგან?

– ყველაზე მეტად არის გავრცელებული მოტორული ხასიათის ტიკები, რომლებიც მოძრაობით გამოიხატება. მარტივი მოტორული ტიკები მოიცავს ერთი ჯგუფის კუნთების მოძრაობებს, მაგალითად, ქუთუთოების ხამხამს, მხრების აჩეჩვას, ენის ტრიალს, თავის ტრიალს, თითების მოხრას, ხოლო რთულ ტიკებში კუნთების ერთზე მეტი ჯგუფი მონაწილეობს. ამ დროს მოძრაობა უფრო ნელია, კოორდინირებული და მიზანდასახული. რთული ტიკების მაგალითია ხტუნვა, ჩაკუზვა, ღერძის ირგვლივ შემოტრიალება, რაიმე ნივთის დაყნოსვა, ტაშის დაკვრა, კოცნა, გადაფურთხება, სახის გრიმასები. რთულ ტიკებს მიეკუთვნება ასევე ექოპრაქსია – სხვისი მოძრაობების გამეორება და კოპროპრაქსია – უწმაწური ჟესტები.

მოტორული ტიკები ითრევს სახეს, კისერს, სახმო აპარატსა და ტანის ზედა ნაწილს. სხეულის ქვედა ნაწილში და პერიფერიებისკენ მათი გავრცელება თანდათან იკლებს.

ტიკები პერიოდულად მწვავდება. მათთვის დამახასიათებელლია მიგრირება ანუ სხვა კუნთებისკენ გადანაცვლება და სხვა ტიკით ან სხვა სახის ნებითი მოძრაობით ჩანაცვლება.

ვოკალური ტიკებიდან მარტივია ხმის ჩაწმენდა, ჩახველება, სრუტუნი, სლოკინი, ყეფა, ღრუტუნი, ხოლო რთული – ბგერების კომბინაცია, ხმისთვის სხვადასხვა ინტონაციის მიცემა, სიტყვებისა და ფრაზების გამეორება.

რთული ვოკალური ტიკებია პალილალია – საკუთარი სიტყვების გამეორება, ექოლალია –სხვისი სიტყვების გამეორება, კოპროლალია – უწმაწური სიტყვების წარმოთქმა, რის გამოც ასეთი ბავშვები და მათი მშობლებიც ხშირად იმსახურებენ გარშე მომყოფთა გულისწყრომას. შედარებით იშვიათად გვხვდება სენსორული, ფანტომური და დისტონიური ტიკები.

სენსორული ტიკები წარმოადგენს განმეორებად, დისკომფორტულ (სითბოს, სიცივის, ღუტუნის) შეგრძნებებს სხეულის სხვადასხვა ნაწილში გარეგანი სტიმულების გარეშე. სენსორული ტიკები წინ უძრვის მოტორულ და ვოკალურ ტიკებს (მაგალითია ქუთუთოების ხამხამი თვალების წვის შემდეგ). ფანტომური ტიკი სენსორული ტიკის სახესხვაობაა. ამ დროს პაციენტი აღიქვამს შეგრძნებებს საკუთარი სხეულის მიღმა, სხვა ადამიანებსა და საგნებში; ხელით ეხება ამ საგანს ან ფხაჭნის მას და თვითონ შვებას გრძნობს. ასეთი ხასიათის ტიკები უფრო მეტად სხვა, თანმხლები დაავადების არსებობაზე მიუთითებს. დისტონიური ტიკი, სხვა ტიკებისგან განსხვავებით, უფრო ტონური, ნელი მოძრაობებით გამოიხატება. მისი მაგალითია ბლეფაროსპაზმი (ქუთუთოების სპაზმი), მუცლის კუნთების დაჭიმვა და სხვა.

– რა შეიძლება იყოს ტიკის მიზეზი?

– წარმოშობის მიხედვით განასხვავებენ:
. პირველად ანუ იდიოპათიურ ტიკებს, რაც ნიშნავს, რომ ტიკი ფსიქოგენური ხასიათისაა. მისი უშუალო მიზეზი უცნობია, თუმცა ეჭვს არ იწვევს, რომ ტიკს სტრესული გარემოება ამწვავებს. ამავე ჯგუფში განიხილება ჟილ დე ლა ტურეტის სინდრომიც (მხოლოდ იდიოპათიური, გენეტიკური ხასიათისა).
. სიმპტომურ ანუ ორგანული ხასიათის ტიკებს, რომლებიც სხვასხვა ნევროლოგიური ან ნეიროფსიქიატრიული აშლილობით არის გამოწვეული. ასეთი ფონი შეიძლება იყოს სიმსივნე, ინსულტი, ტრავმა, ინტოქსიკაცია, ობსესიურ-კომპულსიური სინდრომი (აკვიატებული აზრები, ფიქრები და მოქმედებანი), აუტისტური აშლილობა და სხვა.

2000 წლიდან ტიკების განვითარებაში სავარაუდო გახდა ინფექციების როლი. შედეგად ალაპარაკდნენ ე.წ. პედიატრიულ აუტოიმუნურ ნეიროფსიქოტურ მოშლილობებზე, რომლებიც ასოცირებულია სტრეპტოკოკთან (PANDAშ), თუმცა ტიკებზე ხშირად იგი ქორეულ ჰიპერკინეზს (სწრაფ, არარეგულარულ მოძრაობებს – ენის გამოყოფას, სხვადასხვა მიმიკას) იწვევს, რომლის ტიკისგან დიფერენცირება საკმაოდ რთულია.

– როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს და რა სახის გამოკვლევების ჩატარებაა აუცილებელი?

– ექიმთან მომართვა ნებისმიერ შემთხვევაში უპრიანია. მარტივი ხასიათის მოტორული ტიკები, რომლებიც დროში გარდამავლია, ან აქვთ ხანმოკლე მიმდინარეობა და არ ახლავთ სხვა დაავადებანი, უწყინარია.
თუ ტიკები ვრცელდება, ძლიერდება ან ქრონიკულ სახეს იღებს, თან ახლავს შფოთვა, ფსიქოლოგიური დისტრესი, ხელს უშლის პაციენტს ყოველდღიურ საქმიანობაში, ეს მათი ორგანული მიზეზების არსებობას გვაეჭვებინებს, ამიტომ აუცილებელია შესაბამისი გამოკვლევების ჩატარება და მკურნალობის დაწყება.
ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვს სახლში კარგად დააკვირდეთ და ექიმთან ზუსტი ინფორმაცია მიიტანოთ. ზოგჯერ შეიძლება მოძრაობის პროვოკაცია სტრესული სიტუაციის შექმნით. მაგალითად, მივცეთ ბავშვს მისთვის რთული მათემატიკური შეკითხვა და შემდეგ ვთხოვოთ, აღწეროს შეგრძნებები, რაც ტიკის აღძვრას უძღვის წინ.
გამოკვლევათა ნუსხა შედარებით მწირია. უმეტესად საკმარისია პაციენტის ფიზიკური გასინჯვა – ობიექტური ნევროლოგიური სტატუსის შეფასება, რასაც ემატება სისხლში ანტისტრეპტოლიზინისა და სპილენძის შემცველობის განსაზღვრა, ხახის ბაქტერიოლოგიური ნაცხის ანალიზი, საჭიროების შემთხვევაში კი ექიმი რეკომენდაციას იძლევა თავის ტვინის ტომოგრაფიული კვლევის ან ეპილეფსიური გულყრების გამორიცხვის მიზნით ელექტროენცეფალოგრაფიული კვლევის ჩატარების თაობაზე.

– რა გართულებები ახლავს ტიკებს და როგორია მათი გამოსავალი?

– ტიკები იშვიათად რთულდება, თუმცა რთული ანუ კომპლექსური მოტორული ტიკის გამო შესაძლოა ბავშვი დაზიანდეს, მაგალითად, დაეცეს, ხელი გაიჭრას, მიიღოს დამწვრობა. რთული ვოკალური ტიკები ხელს უშლის სუნთქვასა და ყლაპვას.
მარტივი გარდამავალი ტიკების პროგნოზი კეთილსაიმედოა. ასაკთან ერთად ისინი უფრო და უფრო სუსტად ვლინდება და ძლიერდება მხოლოდ სტრესის დროს ან არახელსაყრელ პირობებში მოხვედრისას, სასიამოვნო საქმიანობისას კი მცირდება.
პროგნოზი შედარებით მძიმეა, როდესაც ბავშვს აქვს რომელიმე ქრონიკული დაავადება, ოჯახში არახელსაყრელი ფსიქოლოგიური პირობებია ან ანალოგიური აშლილობანი ოჯახის სხვა წევრებსაც ჰქონდათ.
ცნობილია, რომ ტიკები მძიმდება ანაბოლური სტეროიდების, კოკაინის მოხმარების, სხვა დაავადებების თანაარსებობის დროს.

– რა დაავადებები და დარღვევები შეიძლება ახლდეს ტიკებს?

– ტიკების დროს ხშირია ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა, ობსესიურ-კომპულსიური სინდრომი. ქცევითი დარღვევებიდან ყველაზე მეტად გავრცელებულია იმპულსურობა, აგრესიულობა, დამანგრეველი მავნე ქცევა, შფოთვა, უყურადღებობა, ჰიპერაქტივობა. ხშირია სირთულეები სწავლაში, სიბრაზის შეტევები, დაუმორჩილებლობის (ოპოზიციონერობის) სინდრომი, სკოლის შიში.
ბავშვთა ასაკში გვხვდება სხვადასხვა ტიპის ჰიპერკინეზი – უნებლიე, ჭარბი მოძრაობები, რომელთა ტიკებისგან დიფერენცირება აუცილებელია. მათ რიცხვს ეკუთვნის:
. ქორეა – არასტერეოტიპული მოძრაობა, მოიცავს ტანსა და კიდურებს, გამოიხატება კუნთების გაფანტული, უწესრიგო ბიძგებით;
. მიოკლონია – კუნთების ხანმოკლე, უეცარი რიტმული ან ურიტმო შეკუმშვები, შესაძლოა წარმოიშვას როგორც მოსვენებისას, ისე მოძრაობისას, ხმაურისას, შეხებისას. მისი დათრგუნვა შეუძლებელია;
. კომპულსიები – აკვიატებული ქმედებანი, რომლებსაც ადამიანი ასევე აკვიატებული იდეის გამო აღმოცენებული შფოთვისა და მღელვარების გასანეიტრალებლად იყენებს, მაგალითად, ხელების ბანის იმიტაცია მიკრობების შიშის გამო, კარის საკეტის გაღება-ჩაკეტვა მოსალოდნელ თავდასხმაზე ფიქრის გამო, სიმეტრიული მოძრაობების ან ნივთების სიმეტრიულად განლაგების მოთხოვნილება. თუ ქმედება არ განხორციელდა, ბავშვს შიში უჩნდება;
. სტერეოტიპიები – უმიზნო განმეორებადი მოძრაობები, რომლებიც შეიძლება აკეთოს ნორმალურმა ბავშვმა, როცა რაიმე აწუხებს, აღგზნებულია ან ზედმეტად არის დატვირთული ფიზიკურად. სტერეოტიპები ხშირად ასოცირდება ყურადღების დეფიციტის სინდრომთან, განვითარების შეფერხებასთან ან აუტიზმთან. ისინი შეიძლება გამოიხატოს ტაშის კვრით, ხელების ტყაპუნით... ხშირად ბავშვები ამას გაუცნობიერებლად აკეთებენ;
. მანერიზმი – გადაჭარბებული, გაზვიადებული მოძრაობებნი, რომლებიც ზოგჯერ სიტუაციას არ მიესადაგება. გულისხმობს უჩვეულო და უსარგებლო პოზებს, მაგალითად, ნეკა თითის გაშვერას ფინჯანის ხელში ჭერისას. ეს მანერა მე-19 საუკუნეში იყო გავრცელებული.
ტიკებში ხშირად ერევათ ბავშვთა ასაკის მავნე ჩვევები, მაგალითად, თმის წიწკვნა, მისი ღეჭვა და სხვა.

– როდის არის აუცილებელი ტიკების მკურნალობა?

– გარდამავალ ტიკებს არ მკურნალობენ. თუ ბავშვს მათზე ყურადღება გავამახვილებინეთ, მდგომარეობა შესაძლოა გაუარესდეს ან ტიკი გახანგრძლივდეს. ტიკების შემცირებას და სწრაფ გაქრობას ხელს უწყობს არასტრესული გარემო, ამიტომ ტიკების დროს სტრესის შემამცირებელ პროგრამებსაც იყენებენ. გარდა ამისა, ნებისმიერ შემთხვევაში მიმართავენ ქცევით, ბიჰევიორულ თერაპიას, რომელიც არამედიკამენტურ საშუალებებს მოიცავს. ესენია:
. ტიკების სწორი მენეჯმენტი – ე.წ. ”ტიკების ოთახი”, სადაც ბავშვი მცირე ხნით დაისვენებს, მოხდება რელაქსაცია, ჩატარდება სუნთქვითი ვარჯიშები;
. ოჯახის, მედპერსონალის, პედაგოგების განათლება ტიკების თაობაზე, მაგალითად, იმის ახსნა, რომ ტიკების გამო შენიშვნის მიცემა დაუშვებელია;
. ე.წ. ნეგატიური პრაქტიკა – ტიკების განზრახ შესრულება დროის გარკვეულ პერიოდში. ამ დროს რეკომენდებულია სარკეში ჩახედვაც. ზოგიერთ ბავშვს იმდენად არ მოსწონს ეს, რომ შემდგომ ტიკს უფრო მეტი ყურადღებით აკონტროლებს;
. ტიკების საწინააღმდეგო მოძრაობების შესრულება;
. ტიკის ჩანაცვლება სხვა მოძრაობით, მაგალითად, საყელოს ნაცვლად რეზინის ღეჭვა;
. ყავის, კოკა-კოლას, აღმგზნები თამაშების შეზღუდვა;
. ტიკების მონიტორინგი, მაგალითად, დღიურის წარმოება;
. წახალისების სისტემის შემუშავება;
. ტიკებთან შეგუება, სტრესის მართვის სწავლება.
თუ არამედიკამენტური მეთოდები უეფექტო აღმოჩნდა ან ტიკები ორგანული ხასიათისაა, მიმართავენ ფსიქოფარმაკოლოგიურ საშუალებებს.
მედიკამენტური მკურნალობა იწყება, როდესაც ტიკი:
. გრძელდება ერთ წელზე მეტ ხანს;
. მტკივნეულია – ბავშვი ხშირად ეცემა, თავს იზიანებს;
. ხელს უშლის ბავშვს საქმიანობაში;
. სხვებს უშლის ხელს (მაგალითად, ხმამაღალი ვოკალური ტიკი კლასში);
. ოჯახის სხვა წევრებსაც აღენიშნებოდათ.
ასევე იმ შემთხვევაშიც, თუ:
. ბავშვმა ახლახან გადაიტანა ანგინა;
. ტიკს თან ახლავს სხვა დაავადებები;
. არსებობს ფსიქოლოგიური დისტრესი, ანუ ტიკი ბავშვის ნერვულ სისტემასა და მის სიცოცხლის ხარისხზე მოქმედებს (ხდება დაცინვის, გამოჯავრების ობიექტი).
მშობელმა უნდა იცოდეს, რომ ტიკი მედიკამენტებით არ იკურნება – ისინი მხოლოდ აუმჯობესებენ მდგომარეობას. წამლები ათიდან ხუთ შემთხვევაშია ეფექტური, თანაც უფრო მეტად – მოზარდებში. ბავშვობაში ჩატარებული მედიკამენტური მკურნალობა ზრდასრულ ასაკში რეციდივს თავიდან არ გვაცილებს.
მკურნალობა ინდივიდუალურია, აქვს გვერდითი ეფექტები, ხანდახან – უარესი, ვიდრე თავად ტიკია, ამიტომ მისი დანიშვნისთვის სერიოზული საფუძველი უნდა გვქონდეს.

– როგორია მკურნალობის პროცესი და რას გულისხმობს ტიკის პრევენცია?

– მკურნალობა რამდენიმე თვე გრძელდება, ზოგჯერ წლამდეც კი. უფრო ხშირად ტიკის გამომწვევ დაავადებას ვმკურნალობთ. საჭიროა წამლების ყოველდღიური მიღება, დოზის თანდათანობით გაზრდა, მერე კი თანდათანობით შემცირება. ეფექტი რამდენიმე კვირაში ხდება შესამჩნევი. თუ ტიკი გაღრმავდა, მეტადრე – მკურნალობის დასაწყისში, მკურნალობას არ წყვეტენ. მკურნალობის კურსის დასრულება ზაფხულში ჯობს.
14 წლიდან ტიკების სიხშირე ისედაც იკლებს, ამიტომ ვცდილობთ, ამ ასაკამდე მედიკამენტები ნაკლებად დავნიშოთ, თუ, როგორც აღვნიშნე, საამისოდ სერიოზული საფუძველი არ გვაქვს.
ტიკების პრევენცია უმეტესად ვერ ხერხდება, თუმცა მდგომარეობას შევამსუბუქებთ, თუ ბავშვს სტრესისგან დავიცვათ და ვასწავლით, როგორ გაუმკლავდეს სტრესულ სიტუაციას.
სამახსოვრო ბავშვებს
ადამიანები ვერ ხედავენ საკუთარ ტიკებს, ამიტომ ხშირად ჰგონიათ, რომ მათი ტიკი ყველაზე საშინელი რამაა. რა თქმა უნდა, ასე არ არის. სამაგიეროდ, ასეთი ფიქრები შეცბუნებას და შიშს იწვევს, რაც ტიკს მართლაც ამძიმებს.
ტიკების შესამცირებლად დაიხსომე რამდენიმე უბრალო წესი:

. ნუ მიაქცევ ტიკს ყურადღებას, უბრალოდ დაივიწყე. მასზე კონცენტრირება მხოლოდ გააუარესებს მდგომარეობას.
. ერიდე სტრესულ სიტუაციას, შეეცადე, საქმე დროულად მოითავო, ბოლო წუთისთვის ნუ მოიტოვებ – როცა რამეს ვერ ასწრებ, ნერვიულობ და შფოთავ.
. თუ შენს ამხანაგს შეამჩნიე ტიკი, ნუ ეტყვი – შესაძლოა, მან ეს არც იცოდეს. თუ მიუთითებ, ისიც უნებლიეთ დაიწყებს მასზე ფიქრს.
. კარგად გამოიძინე – დაღლილობა ტიკებს ამძიმებს.
. ნუ ეცდები ტიკის შეკავებას. ეს ტიკს ასაფეთქებლად გამზადებულ ყუმბარად აქცევს. გიცდია ოდესმე ხველის შეკავება, როცა გახველებს? ყოველთვის უარესი ხდება – ლამისაა ხველით დაიხრჩო. ასეა ტიკის შემთხვევაშიც.
ნუ მისცემ ტიკს უფლებას გიკარნახოს, ვინ ხარ და რა აკეთო. ისწავლე მასთან ერთად ცხოვრება ისე, რომ ყურადღება არ მიაქციო. აი, ნახავ, რა ადვილად დაძლევ მას.


Aversi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა