როგორ მივხვდეთ, რომ ბავშვს ჭიები ჰყავს?
ყველაზე მეტად პარაზიტებისადმი დაუცველი ბავშვები არიან გადამეტებული ცნობისმოყვარეობის, ხელების არასაკმარისი ჰიგიენის და ორგანიზმის დამცავი ფუნქციების დაუსრულებელი განვითარების გამო. როგორ მივხვდეთ რომ ბავშვს ჭიები ჰყავს?
ინფიცირების წყაროები:
ჭუჭყიანი ხელები;
დაბინძურებული წყალი;
გაურეცხავი ან არასაკმარისად გარეცხილი ხილი და ბოსტნეული;
უმი პროდუქტები;
ინფიცირებულ ადამიანთან ან ცხოველთან კონტაქტი;
დასაჭრელი ფრჩხილები ხელებზე ან ფეხებზე;
სიმპტომები:
1. ინტოქსიკაცია
პარაზიტები ადამიანის ორგანიზმში სრულფასოვანი ცხოვრებით „ცხოვრობენ“ - იკვებებიან, მრავლდებიან, გამოყოფენ ტოქსინებს, რითაც ორგანიზმს წამლავენ. ხშირად ბავშვები უჩივიან თავის ტკივილს ან გულისრევას. ქვეითდება მადა, თავს იჩენს მოთენთილობა და გაღიზიანებადობა.
2. წონაში კლება
ჭიებით დასნებოვნების თვალსაჩინო ნიშანია ბავშვის წონის მკვეთრი კლება. თუ ბავშვი კარგად ჭამს, წონაში არ იმატებს და მხოლოდ კარგავს მას, აუცილებელია მისი სასწრაფოდ პედიატრთან წაყვანა.
3. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები
ხშირი დიარეა, ყაბზობა, კოლიკა, მუცლის ტკივილი, ქავილი ანალურ არეში - ორგანიზმში პარაზიტების მოხვედრის ნიშანია.
4. ალერგიული რეაქციები
ხშირად პარაზიტებით დასნებოვნების დროს კანზე გამონაყარი ჩნდება. გამონაყარი პარაზიტების გამოყოფილი ტოქსინების შედეგია. ასეთი გამონაყარი დერმატოლოგიური საშუალებებით მკურნალობას ფაქტობრივად არ ექვემდებარება. თუ ბავშს ალერგია აქვს, მაშინ ორგანიზმში პარაზიტების არსებობაზე რეაქცია შესაძლოა საკმაოდ მწვავე იყოს.
5. სხეულის ტემპერატურის მომატება
დასნებოვნებულ ბავშვის სხეულის ტემპერატურამ შესაძლოა პერიოდულად 37,5 გრადუსამდე აიწიოს.
6. გემოვნება
ორგანიზმში პარაზიტების არსებობის გამო, ბავშვს შესაძლოა გემოვნება შეეცვალოს. ხშირად ბავშვი იწყებს უფრო მეტად გლუკოზის შემცველი პროდუქტის ჭამას.
7. ანემია
იმის გამო რომ პარაზიტები ბავშვის ხარჯზე იკვებებიან, მას შეიძლება გამუდმებით აკლდეს ვიტამინები და მიკროელემენტები. ამ ფონზე ბავშვს შესაძლოა ანემია განუვითარდეს, რომელიც ფერმკრთალი კანით, თვალის გარშემო წრეებითა და თაბრუსხვევით ხასიათდება.