8 პროდუქტი, რომელიც 3 წლამდე ბავშვებისთვის არ შეიძლება
რამდენიმე პროდუქტი, რომლებიც ბავშვთა კვებაშიც საკმაოდ მიღებულია, შესაძლოა პატარა ორგანიზმისთვის მავნებელი აღმოჩნდეს. დიეტოლოგები გირჩევენ, სიფრთხილით მოეკიდოთ ზოგიერთ პროდუქტს, რომლებიც სასარგებლოდ არის მიჩნეული.
ყველა დედამ იცის, რომ ჩიპსები, გაზიანი სასმელები და კარტოფილი ფრი სასარგებლო არ არის, მაგრამ იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომლების მიცემაც 3 წლამდე ბავშვებისთვის ასევე არ არის სასურველი, გაცილებით ვრცელია.
ხორცისა და თევზის ნახარში
ხარშვისას ბულიონში ბევრი ექსტრააქტიური ნივთიერება გადადის, რომლებიც ბავშვის კუჭ-ნაწლავისთვის გამაღიზიანებელია. ამიტომ ჯობია, პატარას ბოსტნეულის ნახარშზე დამზადებული წვნიანი მისცეთ, რომელშიც ბულიონიდან ამოღებული ხორცი იქნება გარეული.
ძეხვი
ძნელად მოიძებნება დედა, რომელიც პატარა ბავშვს შებოლილ ძეხვს აჭმევს, სამაგიეროდ, ჰგონიათ, რომ მოხარშული (საექიმო) ძეხვი ან რძიანი სოსისი უფრო უვნებელია.
ხიზილალა
ვიცით, რომ ეს დელიკატესი ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს და ბავშვებს ვაძალებთ კიდეც. საბედნიეროდ, პატარების უმრავლესობა პირს არ აკარებს მას და ეს ძალიან კარგია. 3 წლის ბავშვის კუჭ-ნაწლავი ნამდვილად არ არის მზად ასეთი რთული ნივთიერებების გადასამუშავებლად. ნაწლავებს გააღიზიანებს, სასარგებლოს კი ორგანიზმი ვერაფერს შეითვისებს.
სოკო
არავითარი ტყის თუ სათბურის სოკო სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის არ შეიძლება (ზოგიერთი პედიატრისა და დიეტოლოგის აზრით - 12 წლამდეც კი). ეს პროდუქტი ძალიან მძიმედ შეითვისება და შეიძლება კუჭ-ნაწლავის მოქმედება დაარღვიოს.
მოჭიქული ყველეული
ე.წ. "სიროკის" შემადგენლობაში შაქარი, ცხიმი, არომატიზატორები, ემულგატირები, სტაბილიზატორები შედის. ხაჭო იმდენად მინიმალური რაოდენობითაა, რომ ამ პროდუქტის შემცვლელად ნამდვილად ვერ გამოდგება.
ნაყინი
წაიკითხეთ მისი შემადგენლობა და ყოყმანი, მისცეთ თუ არა, უცებ გაგიქრებათ. ემულგატორები, სტაბილიზატორები, არომატიზატორები, მცენარეული ცხიმები - ეს ნაყინში შემავალი ყველა კომპონენტი არაა, რომელიც პოტენცურად საფრთხის შემცველია ბავშვისთვის.
ფუნთუშები
ვაფლი, ტორტი, ნამცხვარი, ფუნთუშები ბავშვის ჯერ ჩამოუყალიბებელი კუჭქვეშა ჯირკვლისთვის დიდი დატვირთვაა.
მით უმეტეს, თუ ეს ნაწარმი ქარხნულია, ქიმიური დანამატებიც ექნება. საბოლოოდ ეს არა მარტო კალორიების ნაკრები, ალერგენების ბუდეცაა.
შოკოლადი
3 წლამდე ბავშვისთვის არ შეიძლება, რადგან კაკაო საკმაოდ ალერგიულია. მით უმეტეს, რომ შოკოლადის კანფეტები სხვა ხელოვნური დანამატებით არის გამდიდრებული. ამით ალერგიის რისკი მატულობს.
გაითვალისწინეთ, 3 წლამდე ბავშვის ორგანიზმი ვერ მოინელებს ყველაფერს, რაც სამზარეულოს მაგიდაზე გამოჩნდება. თუ ზედმეტი პრობლემების გაჩენა არ გსურთ, მეტი ყურადღებით უნდა მოეკიდოთ დიეტოლოგების რჩევებს.