თეგებით ძიება
06. 01. 2021 სპორტი

ლევან კობიაშვილი - 2021 წელს ფეხბურთის ფედერაცია სახელმწიფოსგან თეთრსაც აღარ აიღებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სახელმწიფო სახსრებით არსებობაზე უარი განაცხადა. ეს გადაწყვეტილება თავად ფეხბურთის ფედერაციის მიერ იყო ინიცირებული.

დამოუკიდებლობის შემდეგ სახელმწიფო მხარდაჭერის ქვეპროგრამით, ისევე როგორც სხვა სპორტულ ფედერაციებს, ფეხბურთის ფედერაციას ყოველწლიურად ბიუჯეტიდან აფინანსებდნენ. პროგრამის ფარგლებში, ორგანიზაციას 6,7 მლნ ლარი ერიცხებოდა. ეს თანხები სხვადასხვა ასაკის საქართველოს ნაკრებების მომზადებას, მგზავრობას და სხვა საჭიროებას ხმარდებოდა. გასულ წელს ფეხბურთის ფედერაციამ ბოლო ათწლეულში ყველაზე ცოტა თანხა აითვისა – 6,7 მილიონიდან მხოლოდ 4,2 მილიონი ლარი, დარჩენილი ნაწილი კი სახელმწიფო ბიუჯეტში დააბრუნა.

2021 იქნება პირველი წელი, როდესაც ფეხბურთის ფედერაცია სახელმწიფოსგან თეთრსაც არ მიიღებს. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიური ინფორმაცია ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა დაადასტურა. თუმცა აქვე ვიტყვით, რომ დაფინანსება არ შეუწყდება ფეხბურთის განვითარების ფონდს, რომლითაც საკლუბო ფეხბურთი ფინანსდება.

– ცნობილი გახდა, რომ 2021 წელს ფეხბურთის ფედერაციამ სახელმწიფოს დაფინანსებაზე უარი განაცხადა.

– ფეხბურთის ფედერაციაში მოსვლის დღიდან ვიძახით, რომ ფეხბურთის ფედერაციის მიზანია, სახელმწიფოდან უფრო და უფრო ნაკლები თანხები მივიღოთ. ეს იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფო პროგრამით ყველა ფედერაცია ფინანსდება და გარკვეული თანხა წინასწარ დამტკიცებული გვქონდა. ასე იყო, მაგალითად, გასულ წელსაც – მაგრამ კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, გარკვეული პრობლემები შეიქმნა და 6,7 მილიონიდან 4,2 მილიონი ავითვისეთ. მანამდე იყო წლები, როდესაც ასევე გაცილებით ნაკლები გამოვიყენეთ. ანუ ამ გადაწყვტილებამდე მიზანმიმართულად მივდიოდით და ამას ყოველთვის ღიად და საჯაროდ ვამბობდით – ფეხბურთის ფედერაციამ და მიმაჩნია, ბევრმა სხვა მიმართულებამაც თავად უნდა მოიპოვოთ დაფინანსება, რომ სახელმწიფო ბიუჯეტზე, რაც შეიძლება, ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული.

ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ეს მოვახერხეთ და 2021 წელს სახელმწიფოსგან არც ერთ თეთრს აღარ ავიღებთ. ბოლო წლებში მსგავს პრეცედენტს ვერ გავიხსენებ. ეს ნაბიჯი მიზანმიმართულად იმიტომაც გადავდგით, რომ ქვეყანაში რთული მდგომარეობაა. სახელმწიფოს ვუხარით, რომ არ გვინდა ის 6,7 მილიონი, რომელიც წინასწარ გვქონდა დამტკიცებული. კონსულტაციები გვქონდა შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან და გადაწყვეტილება წინასწარ ვაცნობეთ.

– ქართულ ფეხბურთში ისედაც არაა თანხა, ბიზნესჯგუფებიც დიდად ქართული ფეხბურთის სპონსორობის სურვილს არ გამოხატავენ და ეს ნაკრებებზე უარყოფითად არ აისახება?

– ორი საკითხი უნდა გავმიჯნოთ – ეს არ ეხება კლუბების დაფინანსებას. ფეხბურთის ფედერაცია არაა ამაზე პასუხისმგებელი და შესაბამისად, ამაზე უარსაც ვერ იტყვის. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსების ნაწილზე ვსაუბრობთ. გვაქვს იმის რესურსი, რომ შემოსული თანხებით ფედერაციის საქმიანობა უზრუნველვყოთ. გვყავს პარტნიორები და მხარდაჭერისთვის მათ მადლობა უნდა გადავუხადოთ. გვგონია, რომ ძალიან სწორი და გამართლებული გადაწყვეტილებაა. რაც მთავარია, ეს არაა შემთხვევითი. ამას სულ ვამბობდით და ეს საქმით დავადასტურეთ.

მესმის იმ ადამიანების, ვინც ზოგადად ამ საკითხებში ჩახედული არაა და ჰგონია, რომ ფეხბურთის ფედერაცია ხალხის ფულს ხარჯავდა. რეალურად, თანხები ფეხბურთის ფედერაციის არც ერთ თანამშრომელს არ ხმარდებოდა და მიზნობრივად იხარჯებოდა. თანაც ვიმეორებ, ამ სახსრებს ჩვენ მიზანიმართულად სრულად არ ვითვისებდით და ვცდილობდით, საკუთარი ძალებით სხვა ფინანსური რესურსები მოგვეზიდა და მათ ხარჯზე გვეარსება. ბოლო ათწლეულებში პირველად მოხდება, რომ ფეხბურთის ფედერაცია სახელმწიფო ბიუჯეტზე დამოკიდებული არ იქნება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა