უთხარით ბავშვებს, რომ ისინი უნიკალურები და შესანიშნავები არიან!
ხშირად, მშობლები ძალიან დიდ ზიანს ვაყენებთ ბავშვებს, როცა მათ გამუდმებით სხვებს ვადარებთ. როცა ვეუბნებით, რომ მათ რაიმე ნაკლი აქვთ ან ისინი რაღაცას ვერ შეძლებენ.
პერსონალური ქოუჩი, სპიკერი და სამოტივაციო ტრენერი თამარ ბოკერია, გთავაზობთ სტატიას, რომელიც დაგაფიქრებთ და გაჩვენებთ, თუ რამხელა გავლენა აქვს ოჯახის წევრების თუ გარემოცვის ნათქვამ თითოეულ სიტყვას, ბავშვის მომავალზე.
გსმენიათ ბავშობაში, რომ თქვენი მეგობარი, მეზობელი, ნაცნობი ბავშვი ლამაზი იყო... როგორ შენატრიდნენ თქვენი მშობლები, უფროსები და თქვენ "მსუქანი ან შეუხედავი" იყავით?!
რამდენჯერ უთქვამთ თქვენთვის, რომ "ის ლამაზია" და რამდენჯერ დაგიხევიათ საკუთარი სიტყვა, აზრი, შესაძლებლობები, გრძნობებიც კი უკან, რადგან თქვენ წინ სხვა უნდა გაეტარებინათ, უფრო სწორად, გჯეროდეთ, რომ წინ მისი ადგილი იყო, რადგან გითხრეს, რომ ის ლამაზია-თქვენ?! თქვენთის არაფერი უთქვამთ მსგავსი...
რამდენჯერ უსუსურად და ნაცრისფრად გიგრძვნიათ თავი იმის გამო, რომ თქვენ გაგაცნეს საკუთარი თავი სხვასთან "შეფარდებაში", სადაც სხვისი ქულა, საზომი, უფრო მაღალი იყო.
რამდენჯერ დაგვიჯერებია და იქნებ ახლაც ასე გვჯერა რომ ვიღაცის 55 კილოგრამი, გრძელი ფეხები და დიდი მკერდი უფრო მიმზიდველია ვიდრე ჩვენ! და იქნებ დღესაც სიტყვა "ლამაზის მსხვერპლი" ხართ ისევ?!
იქნებ დღესაც გხევთ უკან აღქმები, პროგრამები, რომელიც "ჩაგვიტვირთეს". იქნებ დღესაც ისე ვიხედებით და ვხედავთ სტანდარტულად და ისევ ჩრდილში ვაყენებთ საკუთარ თავს, იმის გამო რომ ჩვენ სხვანაირი სხეულის ან ნაკვთები გვაქვს?!
ამოვიღებდი ამ სიტყვას "ლამაზს" სადაც მისი დატვირთვა მხოლოდ ვიზუალის შეფასება იქნებოდა მშრალად .. და ადამიანებს დავარქმევდი მშვენიერს!
ყველას, განურჩევლად იმ სტანდარტებისა,ჩვენ რომ «გვასწავლეს»
ამას დრო მაინც გააკეთებს... რადგან მსოფლიო თავისუფლდება სტანდარტული "კლიშე" ჩარჩოებიდან....
ამ ქვეყნად არ არსებობს არც უშნო და არც ლამაზი ქალები და მამაკაცები ამქვეყნად ჩვენ ყველა განსაკუთრებულად ინდივიდუალურად მშვენიერები ვართ!
არ უთხრათ ბავშვებს, რომ სხვა უფრო ლამაზია. უთხარით ბავშვებს, რომ ისინი მშვენიერები არიან...
მოგიყვანთ რამდენიმე რეალურ მაგალითს. ისინი დღეს დიდი გოგოები არიან..
ელენე 27 წლის
ჩემი სახლის წინ, თიკო ცხოვრობდა, ხშირად მოდიოდა ჩემთან სათამაშოდ. როდესაც თიკო იცინოდა, რაიმეს ყვებოდა, ჩემი მსობლები აღტაცებით შესცქეროდნენ და ასე მეუბნებოდნენ, რა ლამაზია, თხელი სხეულით, ლამაზი ცხვირით, მანერებით. მიბაძე თიკოს, საჭმლისკენ ნუ გაქვს მუდამ ფიქრი და თვალი.
ღამე რომ ვწვებოდი სხეულს ვითვალიერებდი, ვიჩქმეტდი, ვიმოწმებდი სად რამდენი წონა მქონდა და როგორ მესინჯებოდა იგი, მრცხვენოდა საკუთარი ვიზუალის და მეგონა, რომ თიკოსნაირი ვერსოდეს ვიქნებოდი..
ამ შექმნილი რწმუნებულებით დღემდე ვცხოვრობ, ვერ განვთავისუფლდი.
დღემდე თუ ერთად უნდა დავიწყოთ საქმე, მგონია რომ მე არ გამომივა, მე «ნაკლები» ვარ, და ფაქტობრივად ძალისხმევის გარეშე ვუთმობ ყველაფერს, ისე, რომ ჩემი წარმატებისთვის არაფერს ვაკეთებ..
არადა დღეს მასზე ტანადი ვარ
მაგრამ მე მითხრეს, რომ იგი იყო მისაბაძი,,,
ლუსი 43 წლის
ძალიან გამხდარი, უფერული ბავშვი ხარ...
ეს მესმოდა საკუთარ თავზე მშობლებისგან, რომლებიც გამუდმებით თეფშით დამსდევნენ და ჩემს დაზე მიმითითებდნენ, როგორი სიცოცხლით სავსე, ხორცსავსე, ჯანსაღი და ლამაზი იყო
თავიდან გული მწყდებოდა, მაგრამ მერე შევეჩვიე, შევეჩვიე იმას, რომ მე დაბალ ადგილზე ვიყავი, არ ვიყავი ისეთი მისაღები როგორიც ნატალი.
როდესაც სამოსს ყიდულობდნენ ნატალისთვის გამორჩეული უნდა ეყიდათ, რადგან იგი განსაკუთრებული იყო
ამასაც შევეჩვიე
დღეს 43 წლის ვარ და გადავწერე ჩემი პროგრამები
დღეს სარკის წინ ვხედავ შესანიშნავ ქალს, რომელიც მე ვარ და ამაყი, ბედნიერი ვარ მისით. მომწონს როგორიც ვარ..
თუმცა 43 წლის მანძილზე მეგონა რომ მე არ გამომივიდოდა, არ შემეძლო, არც უფლება მქონდა... რადგან მე არ ვიყავი ლამაზი. მე უფერული და უსუსური ბავშვი ვიყავი, ასე მასწავლეს, სანამ თავად არ გადავწყვიტე გამეცნობიერებინა, რა შესანიშნავი ვარ მე.
როდესაც მამაკაცები კომპლიმენტებს მეუბნებოდნენ, ვერ ვიჯერებდი.. ჩემი გონება მიდოდა ჩემს დასთან, და გულში, ზოგჯერ პირდაპირაც, მითქვამს, რომ მე არ ვარ ასეთი, ასეთი ჩემი და არის..
დღეს ყველა კომპლიმენტს ბედნიერებით ვღებულობ, რადგან იგი მე მეკუთვნის.
და ბოლოს, ასეთი უამრავი მაგალითი არსებობს, როდესაც ჩვენ ნებით თუ უნებლიეთ, შვილებს, ახლობლებს, ცხოვრების გეგმას ვუწერთ, გეგმას სადაც სხვა შესაძლოა უკეთესი იყოს..
ნებით თუ უნებლიეთ, ჩვენ ვადარებთ საყვარელ ადამიანებს სხვებს და ამით ვურთულებთ ცხოვრებას, ცხოვრებას სადაც ისინი იჯერებენ რომ არ გამოუვათ, რადგან ისინი ვინმეს უკან თუ შემდეგ დგანან..
უთხარით ბავშვებს რომ ისინი უნიკალურები და შესანიშნავები არიან!