თეგებით ძიება
15. 01. 2021 სპორტი

ვთხოვ ყველას, დაეხმაროს სპორტულ ტანმოვარჯიშეებს და აუშენონ ერთი დარბაზი - მაია გვარამაძე

სპორტის ოსტატი, სპორტული ტანვარჯიშის მწვრთნელი, მაია გვარამაძე სოციალურ ქსელში ტანმოვარჯიშეების პრობლემებზე საუბრობს და შესაბამის უწყებებს, მათი მოგვარებისკენ მოუწოდებს.

"სპორტული ტანვარჯიშის ყოფილ შენობაში,( ქ. თბილისი, პეტრიაშვილის ქუჩა #7) რომელიც წაგვართვეს (წინა ხელისუფლების დროს) და ჯერჯერობით სანაცვლოდ არაფერი გვაქვს (არც ამ ხელისუფლების დროს) მალე გაიხსნება ივანე მაჩაბლის სახელობის დრამატული თეატრი, რაც მართლა გაახარებს თეატრის უამრავ მოყვარულს, მაგრამ ისმის კითხვა რა დავაშავეთ სპორტულმა ტანმოვარჯიშეებმა, რომ საკუთარი დარბაზი არ გაგვაჩნია და ყოველთვის გვიწევს დარბაზის გაზიარება სპორტის მონათესავე სახეობებთან... თუნდაც აქედან, ვთხოვ ქალაქის მერიას, სპორტის სამინისტროს და ყველას ვისაც შეუძლია დაეხმაროს სპორტულ ტანმოვარჯიშეებს და აუშენონ ერთი დარბაზი, რომელიც მხოლოდ მათთვის იქნება განკუთვნილი, თუნდაც ნაკრების დონის მოვარჯიშეებისთვის და სადაც შეეძლებათ მისვლა საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

საქართველოში მე მგონი სპორტის ერთადერთი ოლიმპიური სახეობაა სპორტული ტანვარჯიში რომელსაც თუნდაც პატარა, მაგრამ საკუთარი დარბაზი არსად გააჩნია", - ამის შესახებ ფეისბუქზე სპორტის ოსტატი, მხატვრული ტანვარჯიშის მწვრთნელი, მაია გვარამაძე წერს.

როგორც tia.ge-სთან საუბარში მაია გვარამაძემ აღნიშნა, ტანმოვარჯიშეებისთვის 2015 წელს აშენებული დარბაზი უკვე დაზიანებულია და ობიექტამდე ტრანსპორტიც არ დადის.

"2015 ბავშვთა ოლიმპიადა რომ ჩავატარეთ საქართველოში, აგვიშენეს დარბაზი, რომელიც უკვე ცუდ მდგომარეობაშია - ჭერმა ერთი წელი იმუშავა და ახლა როგორც გარეთ, ისე შიგნით წვიმს ხოლმე, ისე და ისეთი მილები ჩაყარეს, მუდმივად სადღაც სკდება და ხან წყალი არ არის... ხშირად გათბობის გარეშე ვართ ამ მიზეზების გამო... ტრანსპორტი არ დადის და შესაბამისად, ბავშვებიც ვერ დადიან და არის ასე ერთი-ორი ათეული ბავშვისთვის...საოცრებაა, მაგრამ დედაქალაქში, სადაც ასეთი დიდი კომპლექსები აგვიშენეს, ანუ ტანვარჯიშის, ცურვის, ხელბურთის, მძლეოსნობის, ფეხბურთის...დარბაზები და სტადიონები ერთადერთი მარშუტკა დადის საათში ერთხელ და ისიც 7 საათამდე მეტრო სარაჯიშვილიდან. ხელმძღვანელობა სულ იძახის, რომ ითხოვენ და დაპირებებსაც ღებულობენ, მაგრამ ფაქტი-ფაქტად რჩება. მშობლებმაც რამდენიმეჯერ დარეკეს და მიწერეს მერიაში და პასუხი ყოველ ჯერზე ერთი და იგივეა - ტარდება ტენდერი, შემოიყვანენ ახალ ავტობუსებს და ბლა-ბლა-ბლა... ფაქტია, რომ ბავშვებისთვის განკუთვნილ დარბაზებთან ტრანსპორტი არ დადის. იმედი გვქონდა იქვე ,,მწვანე ალმასის" უბანი გაშენდა და იქნებ მათთვის მაინც დაენიშნათ ტრანსპორტი, მაგრამ აქაც შევცდით... კორპუსები შესახლებულია და ხალხი ყიდის ბინებს, ზუსტად ამ უტრანსპორტობის გამო. ფეხით ბავშვი მარტო ვერ მოდის და ვერც ტაქსებით. არა მარტო ბავშვები ჩვენც ძალიან ვწვალობთ", - აცხადებს tia.ge-სთან საუბარში მაია გვარამაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა