თეგებით ძიება

"ჩემი ქმარი პატარა გოგონებთან მრუშობდა... იარაღი რომ მქონოდა, არ დავინდობდი"

- ალბათ დაბეჯითებით ვერ იტყვი, ბევრი ფული რყვნის კაცსო - არაერთი ღირსეული ადამიანი დადის ქვეყანაზე, რომელიც ფულს შოულობს და სიკეთეში ხარჯავს. ჩემი ქმარი კი, რომელიც საშინლად სულმდაბალი აღმოჩნდა, ფულმა წუმპეში ჩააგდო. მანამდე ვიყავი ბედნიერი, სანამ მოკრძალებული სამსახური ჰქონდა, სანამ ჩემი მშობლების ნაყიდ პატარა ბინაში ვცხოვრობდით, სანამ რეზი წესიერ ადამიანებთან მეგობრობდა. მერე დააწინაურეს, ბიზნესის წილშიც ჩაისვა მეგობარმა. ერთ დღეს მითხრა, - ახალ სახლში უნდა გადავიდეთო და ის სახლი მაჩვენა, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ და რომელიც მეზიზღება.

- ცხოვრების პირობების გაუმჯობესებით უკმაყოფილო დარჩით?
- ფული და ძალაუფლება რომ იშოვა, გადაწყვიტა, თავის ნებაზე ეცხოვრა. თურმე ჩვენთვის ისიც საკმარისი უნდა ყოფილიყო, კარგ სახლში რომ ვცხოვრობდით, გვქონდა საჭმელ-სასმელი, ჩასაცმელი, აგარაკი, დასვენება საქართველოში, უცხოეთში... თვითონ კი ჩვენ გვერდით აღარ იყო. მისთვის ლოგინშიც აღარ ვარსებობდი...

- ცუდი ურთიერთობა გქონდათ? ხომ არ გცემდათ?
- არა, მაგრამ როგორია, ქმარი შინ მხოლოდ ტანსაცმლის გამოსაცვლელად რომ შემოირბენს და გაქრება? რომ ვთხოვდი, დაჯექი, დამელაპარაკე-მეთქი, ფულს დატოვებდა და გაიხურავდა კარს. ბავშვებიც აღარ აინტერესებდა. შვილები მხოლოდ ტელეფონზე ელაპარაკებოდნენ მამას.

ერთ დღეს ოფისში მივაკითხე. იქ ჩვენი მეგობრის ცოლი მუშაობდა. მითხრა, რეზი ოფისში იშვიათად მოდის, სულ სხვაგან აქვს შეხვედრებიო. რახან ქმარი ვერ ვნახე, ჩემს დას დავურეკე - შენთან სალაპარაკო მაქვს-მეთქი. შევხვდით. კაფეში რომ შევედით, პირკატა მეცა, რეზი შვილისტოლა გოგოსთან ერთად პატარა ბიჭივით ცქმუტავდა. შეურაცხყოფილი შეუმჩნევლად გავიპარე...
იმ დღიდან რეზის კვალში ჩავუდექი. მისი მოცემული ფულით დავიქირავე კაცი, რომელიც უთვალთვალებდა, ფოტოებს უღებდა. საშინელ კადრებს ვნახულობდი, ჩემი ქმარი პატარა გოგოებთან მრუშობდა... რა ძალა მქონდა, მაგრამ ყველაფერს შვილების გამო ვითმენდი. მათ რომ გაეგოთ, რა კაციც იყო მათი მამა, თავზარი დაეცემოდათ...
ერთ დღესაც ლუკა, ჩემი ბიჭი, ჩემს საძინებელში შესულა და შემთხვევით უნახავს კონვერტი, რომელშიც ის საშინელი ფოტოები ეწყო... გაგიჟებულმა მამას დაურეკა - სასწრაფოდ მოდიო. შვილებმა ნამდვილი სასამართლო მოუწყვეს... მერე რეზი მოვიდა და დაჩოქილმა პატიება მთხოვა... შემდეგ რეზი ყოველ საღამოს შინ მოდიოდა, შვილებთან მეტ დროს ატარებდა, სულ ჩემს სიამოვნებას ცდილობდა.

- აპატიეთ?
- დიახ. მაგრამ, როგორც ჩანს, კუზიანს მხოლოდ სამარე ასწორებს - გავიდა სამი წელი და ახალი უბედურება დამატყდა თავს.
ერთ საღამოს რეზიმ მითხრა, - მეგობართან მივდივარ, რაგბის ერთად უნდა ვუყუროთო. მომეჩვენა, რომ გასვლის წინ რაღაც ამოიღო კამოდის უჯრიდან. უჯრა შევამოწმე, აგარაკის გასაღები აკლდა. დიდხანს გაშტერებული ვიდექი, მერე ძალა მოვიკრიბე, მანქანაში ჩავჯექი და ტაბახმელაში წავედი. ჩვენი აგარაკის ფანჯრებში შუქი რომ დავინახე, თვალთ დამიბნელდა, ალბათ იარაღი რომ მქონოდა, არ დავინდობდი. მანქანა ეზოს გარეთ დავაყენე. კარი შევაღე და ოთახში ფეხაკრეფით შევიპარე. უცებ უსიამოვნო სუნი მეცა, სავარაუდოდ, რაღაცას ეწეოდნენ, დერეფნის ბოლოს, კარის ღრიჭოდან სინათლე გამოდიოდა, შიგნიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა, კარი ფრთხილად შევაღე და გავხევდი. უცნობი ქალის ნაცვლად საწოლში ჩემი ქმრის გვერდით ბიჭი იწვა. მოსაწევით გაბრუებულებს მკვდრებივით ეძინათ. მუხლები მომეკვეთა და იატაკზე დავვარდი. გონს საავადმყოფოში მოვედი, თურმე ჩემს ქმარს მივუყვანივარ. არაკაცო, ბინძურო, ბავშვებს არ მიეკარო-მეთქი, ამოვიხავლე, როდესაც მარტო დავრჩით. ჯერ მიმტკიცებდა, - მოჩვენებები გაქვსო, მერე მიღრიალა, - კაცი მაინც ვერაფერს გაგაგებინებსო და კარი გაიჯახუნა.

ბავშვებისთვის მისი ამაზრზენი ცხოვრების შესახებ არაფერი მითქვამს, მათაც არაფერი უკითხავთ, ალბათ იფიქრეს, ვიღაც ქალთან წავიდაო. სახლიდან მისი ყველა ნივთი გავიტანე და ბუნკერში ჩავყარე... იმ საშინელი დღის მერე აღმოვაჩინე, თმა გამთეთრებოდა და სარკიდან მოხუცი ქალი მიმზერდა. გული მწყდება, რატომ მივიყვანე აქამდე ჩემი ცხოვრება, განა პატიება ყოველთვის გამართლებულია? თავის დროზე რომ მიმეტოვებინა, ასე ხომ აღარ გავნადგურდებოდი...
kvirispalitra.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა