ახალი კვლევა - ქალები საჭესთან უფრო მეტად ბრაზობენ და იგინებიან, ვიდრე კაცები
ქალი უფრო აგრესიულად მართავს ავტომობილს, ვიდრე მამაკაცი - ასეთია Hyundai-ის ბრიტანეთის ოფისისმიერ ჩატარებული კვლევის შედეგი.
გამოკითხვა 1000 ბრიტანელ მძღოლს შორის ჩატარდა.
კორეული ბრენდი ზუსტ ციფრებსაც კი ასახელებს - ქალები, რომლებიც ავტომობილს მართავენ, საშუალოდ, 12% -ით უფრო ბრაზიანები და აგრესიულები არიან, ვიდრე მამაკაცები. ქალი მძღოლები უფრო ხშირად ასიგნალებენ და აგინებენ მძღოლებს, რომლებიც მათ გზას უჭრიან. გარდა ამისა, ისინი 14%-ით უფრო ხშირად ბრაზდებიან ფეხით მისიარულეებზე, რომლებიც გზას არასწორ ადგილზე კვეთენ და 13%-ით ნაკლებად მომთმენები არიან იმ მძღოლების მიმართ, რომლებსაც მოხვევისას შუქმაჩვენებლის ჩართვა ავიწყდებათ.
კვლევის ხელმძღვანელი, ლონდონის გოლდსმიტის უნივერსიტეტის ფსიქოლოგი პატრიკ ფაგანი მიიჩნევს, რომ ქალი მძღოლების აგრესიის მიზეზი ძველ ინსტინქტებში მდგომარეობს. მისი თქმით, ქალებს უფრო განვითარებული აქვთ „თავდაცვის“ ინსტიქტი, რომელიც აიძულებთ უფრო მწვავედ აღიქვან საფრთხეები და უფრო აგრესიულად მოახდინონ მათზე რეაგირება.
კვლევამ ასევე გამოავლინა, რომ არსებობს ორი დომინანტი ემოცია, რომელსაც ავტომობილის მართვა იწვევს: ბედნიერება და თავისუფლების განცდა, რომელსაც იგი ანიჭებს და ბრაზი, როდესაც მძღოლი სიტუაციაზე კონტროლის დაკარგვას გრძნობს. გამოკითხულთა 51% -მა აღიარა, რომ სწორედ თავისუფლების შეგრძნების გამო უყვართ ავტომობილის მართვა. კიდევ 19% ასახელებს მობილობას, ხოლო 10% - დამოუკიდებლობას.
მკვლევარების თქმით, მძღოლების 54% -ს ავტომობილის მართვის დროს სიმღერა ბედნიერების განცდას ანიჭებს. ათიდან რვა უსმენს ავტომობილში მუსიკას უსმენს. ბრიტანელ მძღოლებში ყველაზე პოპულარული სიმღერებია ამერიკელი როკ შემსრულებლის მიტ ლოუფის „Bat Out Of Hell“ და ჯგუფი Queen-ის „Bohemian Rhapsody“.