თეგებით ძიება

"თუ არ გავთხოვდები, შვილს აღარ გავაჩენ..." - როგორ ზრდის შვილს თიკა ჯამბურია

თიკა ჯამბურია მისი თაობის მომღერლებიდან ერთ-ერთია, რომელიც ბავშვობის სიყვარულზე ადრეულ ასაკში გათხოვდა. ოცი წლის იყო, როდესაც მომღერალს შვილი შეეძინა და ძალიან მალე, მეუღლეს ბექა ხოფერიას ოფიციალურად დაშორდა. ამბობს, რომ დეპრესია შვილისთვის არასოდეს დაუნახებია, ოჯახის წევრები და ბექას დედა კი ნინას გაზრდაში ყოველთვის ეხმარებოდნენ...

- 20 წლის რომ გავხდი, ერთ თვეში ნინა დაიბადა. საერთოდ, ქალი შეიძლება 18 წლის ასაკში იყოს მზად დედობისთვის და ზოგი - 40 წლის ასაკშიც არა, ინდივიდუალურია. მე თითქოს მზად ვიყავი, გაცნობიერებული მქონდა, რომ მუცლით ვატარებდი ჩემს შვილს,
რომელიც ძალიან მიყვარდა, ვუვლიდი და ვუფრთხილდებოდი.

სქესს თუ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ დაიბადებოდა შენი პირველი შვილი?
- ძალიან მინდოდა, გოგონა გამეჩინა. ჩემს წარმოდგენაში მთელი ცხოვრების განმავლობაში სულ გოგო შვილი მყავდა. გამიხარდა, რომ დაემთხვა და გაჩნდა ნინა. ხომ გეუბნებით, თითქოს ვიცოდი, რომ გოგონა უნდა დაბადებულიყო.

- პატარას სახელი ვინ შეურჩია?
- ნინას რამდენიმე ადამიანის სახელი ჰქვია. საქართველოს ყველა ოჯახშია ძველი საოჯახო წიგნი ნინა ხოფერიას ავტორობით. ეს ქალბატონი ბექას დიდი ბებია იყო, წარმატებული და ძალიან ლამაზი ქალი. ასევე ბექას დედის ხათუნა ხოფერიას ნამდვილი სახელია ნინო. ჩემს დასაც ნინო ჰქვია.

- როდესაც პატარას შეხედე, შიშის მომენტი თუ გქონია, როგორ მოუვლიდი, ნინას გაზრდაში ვინ გეხმარებოდა?
- არა, არასოდეს შემშინებია, რადგან გვერდით უამრავი
ადამიანი მყავდა, პირველ რიგში - დედა. კომფორტში ვიყავი. იმედი მქონდა, რომ დედა ყველაფერში დამეხმარებოდა. ნინა ძალიან კარგი ბავშვი იყო, საერთოდ არ ტიროდა, ჭამის დროსაც კი ვაღვიძებდით ხოლმე. იდეალურად გასაზრდელი იყო. 1 თვე მყავდა მხოლოდ ბუნებრივ კვებაზე, შემდეგ ხელოვნური საკვებით გაიზარდა. არასოდეს მყოლია დამხმარე, რადგან ნინა დედაჩემის გაზრდილია.

- აცრებთან დაკავშირებით რას ფიქრობ, ყველა აცრას უკეთებდი პატარას?
- დიახ, ნინას ყველა გეგმიური აცრა აქვს გაკეთებული. მისი ექიმი ყოველთვის გვიკავშირდება და გვახსენებს, თუ რამე აქვს გასაკეთებელი. ყველაფერს გეგმიურად მივყვებით.

- ნინას დაბადებიდან მალე მეუღლეს დაშორდი, რთული იყო მარტოხელა დედობა?

- არ მომწონს ეგ სტატუსი - მარტოხელა დედა, ამას ჩემ თავს ვერ ვუწოდებ, ამის უფლება არ მაქვს, რადგან ბევრი ადამიანი მყავდა გვერდით. არიან ქალები, რომლებიც მართლა მარტო ზრდიან შვილებს და გვერდით არავინ ჰყავთ, მაგრამ მე - არა. მიუხედავად იმისა, რომ მე და ბექა ერთად აღარ ვცხოვრობდით, ბექას დედაც ძალიან გვეხმარებოდა. ბექა ახლა უფრო ასრულებს მამობრივ ფუნქციებს, რაც ნინა გაიზარდა. ახლა უფრო ხშირი ურთიერთობა აქვთ. მე სულ ვიღაც მყავდა გვერდით, დედა, ჩემი და, ხათუნა, მამა, ერთი წამი არ ვყოფილვარ მარტო.
იმ დედებს კი, რომლებიც მარტო დარჩნენ, ვეტყოდი, რომ არ უნდა მისცენ საკუთარ თავს დეპრესიის უფლება იმის გამო, რომ მარტო არიან ან გვერდით მეუღლე არ ჰყავთ. სამაგიეროდ, ჰყავთ შვილები, რომლებიც ყველაზე დიდი სიმდიდრეა, რაც სამყარომ აჩუქათ. ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ბავშვებმა მათი მოწყენილი სახე არ დაინახონ, რადგან ეს ძალიან მოქმედებს მათზე.

- მშობიარობის შემდგომი დეპრესია თუ გქონია?

- არა, მაგრამ ერთადერთი, რაც ცუდად გამახსენდება, ეს არის ორსულობა. საკმაოდ მძიმე ორსულობა მქონდა. დანარჩენი - ბავშვის გაჩენა, გაზრდა, არანაირი პრობლემა არ ყოფილა.

- გაზრდა მარტივი იყო, მაგრამ ბავშვობის ასაკის თანმდევი სანერვიულო - ალერგია, გლანდები, პოლიპები, მსგავსი პრობლემები ხომ არ ჰქონია პატარობისას?

- დიახ, სერიოზული პრობლემა გლანდების და ძალიან დაგვეხმარა ცნობილი ჰომეოპათი დიანა შენგელია, რომელიც თავისი გამოგონილი რეცეპტით მკურნალობს. სხვათა შორის, საკმაოდ ცნობული ქალია, მომღერლები, ვისაც ყელი, იოგების პრობლემა გვაქვს, ხშირად დავდივართ მასთან. ამ ქალმა გადაარჩინა ნინა ოპერაციას.

- ახლა როდესაც კარანტინია, ნინას რამდენად უჭირს დისტანციური სწავლა?
- ძალიან რთული პერიოდია ახლა ჩემი და ნინას ცხოვრებაში, რადგან ძალიან გაზარმაცებულია. აღარ უნდა სწავლა და მეცადინეობა. ახლა მესამე კლასშია. ძალიან მიჭირს მისი დაყოლიება, რომ იმეცადინოს... იმედია, მალე გადაივლის პანდემია და ბავშვები სკოლას დაუბრუნდებიან.

- ნინას ვის ჰგავს ხასიათით?

- მე არა, რადგან ძალიან ჯიუტია, თავისებური ხასიათი აქვს. მე მხოლოდ იმით მგავს, რომ მოსიყვარულე და თბილი ბავშვია. ჩემ მიმართ აქვს განსაკუთრებული სიყვარული, როგორც პატარა ბავშვს, ისე მეფერება. ძალიან მინდა, რომ კარგად სწავლობდეს, ნასწავლი იყოს, ეს არის ჩემი ყველაზე დიდი სურვილი. დანარჩენი ყველაფერში არჩევანის უფლებას მივცემ და არ ვიქნები მკაცრი დედა. პირიქით, სიმღერაზე შევიყვანე, არ უნდოდა და გამოვიყვანე. მთავარია თავისი თავი იპოვოს რამეში და აუცილებლად დავეხმარები.

- მეორედ დაოჯახების შემთხვევაში ან ისე, შვილის კიდევ გაჩენას თუ აპირებ?

- ასე არ დამიგეგმავს, მაგრამ თუ არ გავთხოვდები, ალბათ არ გავაჩენ, რადგან მყავს ერთი შვილი, ბედნიერად ვცხოვრობთ ერთად. თუ გავთხოვდები და მეუღლე მეყოლება, რატომაც არა.

mshoblebi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა