ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში ცოლ-ქმარი დააკავეს
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცოლ-ქმარი - 1980 წელს დაბადებული მ.მ. და 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.ა. დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად.
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ბრალდებული ცოლ-ქმარი გადამოწმების მიზნით იმ დროს შეაჩერა, როდესაც ისინი თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში გადაადგილდებოდნენ. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რამდენიმე შეკვრად დაფასოებული ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება და მარიხუანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და დიდი ოდენობით მარიხუანის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 273-ე პრიმა მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.