შალვა თადუმაძე სანქცირების გამო საერთაშორისო დავას იწყებს და გეგმავს, ევროსასამართლოსაც მიმართოს
უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე, საერთაშორისო დავის დაწყებას შელახული უფლებების აღსადგენად გეგმავს. ეს იქნება შალვა თადუმაძის პასუხი ლიეტუვის სახელმწიფოს მიერ დაწესებულ იმ სანქციებზე, რომელშიც მოსამართლე "ქართველ პოლიტიკოსადაა" მოხსენიებული.
სარჩელის საკითხის გარკვევამდე, თადუმაძე საგარეო საქმეთა მინისტრს, წერილით მიმართავს და საერთაშორისო სამართლით დადგენილი წესების შესაბამისად, უწყებაში ლიეტუვის ელჩის მოწვევას სთხოვს. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს სურს დიპლომატისგან თავად მოისმინოს, რა გახდა მისთვის სანქციების დაწესების საფუძველი.
დიპლომატიის ეთიკური ნორმების დარღვევა, უსამართლობა და შერჩევითი მიდგომა - ასე აფასებენ მმართველ პარტიაში ლიეტუვის სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულ სანქციებს.
როგორ მოხვდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე სანქცირებულთა სიაში - ოპოზიციას შეკითხვები არ აქვს. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ლიეტუვის სახელმწიფომ, შალვა თადუმაძისთვის შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მართლმსაჯულების სისტემაში არსებული პრობლემების გამო მიიღო.
ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობების მიერ მომზადებულ სანქცირებულთა სიაში, სახელისუფლებო გუნდის რამდენიმე ლიდერი, მათთან კავშირში მყოფი პირები და მოსამართლეების ნაწილი მოხვდა. ლიეტუვამ, 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სანქციები 17 პირს, ესტონეთმა კი 14 მაღალჩინოსანს დაუწესა.
წყარო: “რუსთავი2”