ამირხანაშვილმა შაქარაშვილის მკვლელები პირდაპირ ამხილა და მათი იდენტიფიცირება მოახდინა - საქმის პროკურორი
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის დავით ყაზარაშვილის განცხადებით, გურამ ამირხანაშვილმა გიორგი შაქარაშვილის მკვლელები პირდაპირ ამხილა და მათი იდენტიფიცირება მოახდინა. როგორც დავით ყაზარაშვილმა აღნიშნა, სასამართლო პროცესზე გურამ ამირხანაშვილი დაიკითხა, რომელმაც გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება სრულად დაადასტურა.
„გურამ ამირხანაშვილმა სასამართლოში კიდევ ერთხელ დაადასტურა, მისი, გიორგი შაქარაშვილისა და დანარჩენი პირების მიმართ განხორციელებული ძალადობა, მუქარა და ასევე მის მიმართ განხორციელებული თავისუფლების უკანონო აღკვეთა. ასევე მან იმ გარემოებებზე ისაუბრა, რომელიც უშუალოდ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობასთან არის კავშირში“ – აღნიშნა პროკურორმა.
დავით ყაზარაშვილის თქმით, გურამ ამირხანაშვილის ჩვენების მიხედვით, როდესაც ის დაიმალა, გიორგი შაქარაშვილს მისდევდნენ არასრულწლოვანი ზ.ხ., ა.ქ. და ვახტანგ ჩიქოვანი. ასევე, როგორც პროკურორმა აღნიშნა, გურამ ამირხანაშვილმა ისაუბრა იმ გარემოებებზე, როდესაც ამ ადამიანებმა ლანძღვა-გინებით ჩაირბინეს იმ მიმართულებით, სადაც გიორგი შაქარაშვილი გაიქცა.
„ამის შემდეგ, დაახლოებით 7-8 წუთი არ ისმის არაფერი. შემდეგ ბრუნდებიან იგივე პიროვნებები, მოდის ავტომანქანა იმავე ადგილზე, ფერადი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე და ამის მერე ამოდის ქვემოდან ნიკოლოზ რევაზიშვილი და არჩილ გაგნიძე. გურამ ამირხანაშვილის ჩვენებით პირდაპირ დადასტურდა ის გარემოება, რომ მკვლელობაში ხუთივე ბრალდებულს აქვს პირდაპირი შემხებლობა და გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა მათ მიერ არის ჩადენილი. კერძოდ, გურამ ამირხანაშვილმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ როდესაც გზაზე წამოვიდნენ, ეს პირები, ანუ ბრალდებულები მანქანაში ეკითხებოდნენ – ისევე კარგად იცოდა გიორგი შაქარაშვილმა ცურვა, როგორც დარბოდა? ყველა ეს კითხვა გურამ ამირხანაშვილმა დაუკავშირა პირდაპირ იმ ფაქტს, რომ ამ პირებმა იცოდნენ, რომ გიორგი შაქარაშვილი იყო წყალში და რაღა თქმა უნდა ის, რომ მათ მიერ იყო გიორგი შაქარაშვილი წყალში გადაგდებული. აქედან გამომდინარე, გურამ ამირხანაშვილმა კიდევ ერთხელ სასამართლოს წინაშე დაადასტურა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ფაქტი; პირდაპირ ამხილა და იდენტიფიცირება მოახდინა გიორგი შაქარაშვილის მკვლელების“, – განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალი 5 პირს ედება, რომელთაგან ორი არასრულწლოვანია.
წყარო: პტაიმტაიმი