პოლიციამ რუსთავში ყაჩაღობის ფაქტზე 2 პირი დააკავა
პოლიციამ რუსთავში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით 1993 წელს დაბადებული, ამჟამად ძარცვისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.გ. და 1980 წელს დაბადებული დ.ხ. დააკავა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 15 იანვარს, ქალაქ რუსთავში მდებარე სუპერმარკეტ "ლიბრეში", კონსულტანტებს ცივი იარაღის მუქარით თანხა მოსთხოვეს, თუმცა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს. თავდამსხმელებმა ერთ-ერთ კონსულტანტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ბრალდებულებმა სუპერმარკეტიდან 162 ლარის ღირებულების სიგარეტი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.