„ნიკორას“ თანამშრომლის დაჭრის ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავეს
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1999 წელს დაბადებული ი.ვ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 2021 წლის 25 იანვარს, დიღმის მასივში მდებარე სუპერმარკეტ „ნიკორასთან“, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე მაღაზიის თანამშრომელს ცივი იარაღით გულმკერდის არეში ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი გადაყვანილია საავადმყოფოში, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.