მათ პოლიტიკურ პატიმრებს ვერ დავარქმევდი - შს მინისტრი კარტოგრაფებზე
მე მათ პოლიტიკურ პატიმრებს ვერ დავარქმევდი, - ამის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ე.წ. გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების კომენტირებისას განაცხადა.
გომელაურის თქმით, როცა პროკურატურამ საჭიროდ ჩათვალა, მათი დაპატიმრება მოითხოვა, ხოლო ახლა ჩათვალეს, რომ სასამართლოში გირაოს მოთხოვნით შესვლის საჭიროება იყო.
„ყველა ადამიანი თანასწორია. ვინც დააშავებს პასუხი უნდა აგოს - იქნება მინისტრი, რიგითი თანამშრომელი თუ დეპარტამენტის ხელმძღვანელი“, - განაცხადა ჟურნალისტებთან გომელაურმა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დღეს სასამართლომ 20-20 ათასი ლარის სანაცვლოდ გირაოთი გაათავისუფლა.