5 გზა, რომ ბუნებრივი ტყავი ხელოვნურისგან განასხვაოთ
თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა საკმაოდ კარგად იქნას იმიტირებული ბუნებრივი ტყავის არა მხოლოდ სტრუქტურა, არამედ სუნიც კი. ამიტომ ძალიან ხშირად, გაუთვიცნობიერებელი მომხმარებლისთვის თითქმის შეუძლებელია ნამდვილი ტყავის ხელოვნურისგან განსხვავება და იძულებულია გამყიდველის „პატიოსან“ სიტყვას ან მაღაზიის პრესტიჟს ენდოს. თუმცა არც ერთი მათგანი, ხშირად, სანდო არ არის.
როგორ უნდა მიხვდეთ, ტყავი ნამდვილია თუ არა? ამის გარკვევა არც ისე რთულია, თუ ჩვენს რჩევებს გაითვალისწინებთ.
1. შეხედეთ იარლიყს
სწორედ ამით უნდა დაიწყოთ. თუ იარლიყზე მითითებულია, „ტყავის შემცველი“, „სინთეტიკა“ ან „ხელოვნური მასალა“ და მსგავსი რამ, ეს ტყავი არ არის. ბუნებრივი ტყავის იარლიყზე შეიძლება ეწეროს genuine leather (ინგლ.), vera pelle (იტალ.), cuir (ფრ.), echtleder (გერმ).
თუ იარლიყი ამტკიცებს, რომ ჩვენს წინაშეა 100%-ანი ტყავის ნაწარმი, უნდა ვენდოთ თუ არა?
2. ყურადღება მიაქციეთ ფასს
გახსოვდეთ, ხარისხიანი, ნატურალური ტყავის იაფად შეძენა შეუძლებელია. უხარისხო ტყავის შემცვლელში კი ფულის გადაყრა არ ღირს.
3. ნამდვილი ტყავის ნაწარმი მძიმეა
ეს განსაკუთრებით შესამჩნევია ტყავის ქურთუკების შემთხვევაში. ნამდვილი ტყავი საკმაოდ მძიმეა ტყავის შემცვლელისგან განსხვავებით. ცხვრის ტყავის წონა მსხვილფეხა რქოსანი ტყავის წონაზე მსუბუქია, მაგრამ ხელოვნური ტყავი შეიძლება ქსოვილზე მსუბუქიც კი იყოს.
4. ტყავის სუნი
ნამდვილი ტყავის ნაწარმისთვის დამახასიათებელი სუნი არაფერში აგერევათ. მას ოდნავ ცხოველური სურნელი ახლავს, როცა ხელოვნურ ტყავს ქიმიკატების სუნი ასდის.
5. ტყავის ზედაპირი
ტყავის ზედაპირს თითები გაუსვით. ბუნებრივი ტყავი იდეალურად გლუვი არასოდეს არის. ზოგჯერ მას შეიძლება საკმაოდ უხეში ტექსტურა ჰქონდეს, მაგრამ პრიალა არასოდეს.
გარდა ამისა, ნამდვილი ტყავი საკმაოდ დამყოლია და გადაკეცვის ადგილზე ოდნავ ფერს იცვლის, თუმცა ნაკეცის კვალი არ რჩება. ტყავის შემცვლელი პირიქით, ნაკლებად მორჩილია და გადაკეცვის ადგილზე ნაოჭებზე რჩება.
ყურადღება მიაქციეთ პროდუქტის შიდა მხარეს - ხელოვნურ ტყავს ხშირად ქსოვილი აქვს გამოკრული.