თეგებით ძიება

ბიძინა კულუმბეგოვი: თუ გვინდა, რომ სკოლის პანდემია არ მივიღოთ, საკლასო ოთახში ბავშვმა აუცილებლად უნდა ატაროს პირბადე

ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, თუ გვინდა, რომ სკოლის პანდემია არ მივიღოთ და როგორც ბავშვები, ასევე პედაგოგები არ დაინფიცირდნენ, ყველა მოსწავლემ უნდა შეძლოს სამედიცინო პირბადის სკოლაში გამოყენება.

როგორც ბიძინა კულუმბეგოვმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა ერთადერთი გარანტია იმისა, რომ უახლოეს პერიოდში განათლების პროცესი ისევ არ ჩაიშალოს და ეპიდვითარება არ გაუარესდეს.

„რაც შეეხება პირბადის ტარებას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ 6 წლამდე ასაკის ბავშვებმა პირბადე ნაკლებად გამოიყენონ, თუმცა, 6 წლის შემდგომ აუცილებელია. აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამბობს, რომ 2 წლის ასაკის შემდეგ, ბავშვი პირბადესთან ურთიერთობა უნდა მივაჩვიოთ, ფსიქოლოგიურად ვიმუშავოთ, წავახალისოთ, ვესაუბროთ, რა მნიშვნელობისაა. ამიტომ, ნებისმიერ შემთხვევაში, სასკოლო ასაკის ბავშვმა, თუ ეს არ არის ძლიერი ფიზიკური დატვირთვა და სპორტის გაკვეთილი, ყველა შემთხვევაში, აუცილებლად უნდა ატაროს პირბადე. თუ გვინდა, რომ სკოლის პანდემია არ მივიღოთ, ბავშვები და პედაგოგები არ დაინფიცირდნენ, ხოლო შემდგომ მათ ოჯახის წევრები არ დააინფიცირონ, ყველა ბავშვმა უნდა შეძლოს სამედიცინო პირბადის სკოლაში გამოყენება. ეს არის ერთადერთი გარანტია იმისა, რომ ჩვენ რამდენიმე კვირაში ან თვეში განათლების პროცესი ისევ არ ჩაგვეშალოს და ძველ სიტუაციას არ დავუბრუნდეთ. ამიტომ, ჩემთვის სკოლის სივრცეში პირბადის არტარება მიუღებელია. როგორც სპეციალისტს და ექიმს სწორად მიმაჩნია, რომ საკლასო ოთახში ბავშვებს უნდა ვთხოვოთ პირბადის გაკეთება მშობლებმაც და პედაგოგებმაც, ყველამ ერთად. ბავშვების უმრავლესობა მას აუცილებლად გაიკეთებს.

თუ შეზღუდვების მოხსნის პარალელურად, ქვეყანამ აღსრულების მექანიზმი არ გაამკაცრა, თუნდაც პირბადის ტარება ან დისტანციის დაცვა, 6-8 კვირაში ისევ შემზღუდავი ღონისძიებების შემოღება დაგვჭირდება. ეს ინფექცია, როგორც ცეცხლი ისე ვრცელდება, თუ მიუშვებ და კონტროლს მოადუნებ“,-განაცხადა კულუმბეგოვმა.

ცნობისთვის, მოსწავლეების მიერ სკოლის სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო არ იქნება. თუმცა, როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროში განუცხადეს, ბავშვებს ნიღბის ტარება სურვილის მიხედვით შეეძლებათ.

საქართველოს მთავრობისა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის რუსთავში, თბილისსა და ქუთაისში სკოლები 15 თებერვლიდან მუშაობას საკლასო ოთახებში განაახლებენ. თუმცა ასევე მშობლებსა და ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა ონლაინ-სწავლება აირჩიონ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა