თეგებით ძიება

კერძო სექტორს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანას არავინ უშლის - გამყრელიძე

ჩვენ ვესაუბრებით კერძო სექტორს, რომ თუ აქვთ საშუალება, შემოიტანონ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, მაგრამ რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, დიდი მწარმოებლები ჯერჯერობით კერძო სექტორს არ ესაუბრებიან და არ უდებენ კონტრაქტებს ვაქცინის შემოტანაზე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიას განუცხადა.

„ჩემი პირადი გათვლებით, ვაქცინის მწარმოებლები კერძო სექტორთან თანამშრომლობას მაის-ივნისში დაიწყებენ. არავინ არსად ხელს არ უშლის კერძო სექტორს, პირიქით ხელს უწყობენ,მაგრამ არც „ფაიზერი“, არც „მოდერნა“ და არც „ასტრა ზენეკა“ ჯერჯერობით ამას არ აკეთებენ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძე აცხადებს, რომ ვაქცინის შემქმნელებს, წარმოებაში სერიოზული ჩამორჩენა აქვთ. „მათ ვერ დააკმაყოფილეს ამ ეტაპზე ევროკავშირის და „კოვაქსის“ მოთხოვნა. სწრაფად იზრდება სიმძლავრეები, რომ სამ თვეში, წარმოება დაეწიოს იმ სიმძლავრეებს, რაც იყო დაგეგმილი. როცა ვალდებულებები სახელმწიფოების წინაშე შესრულდება, მაშინ, რა თქმა უნდა, მისაღები იქნება კერძო ინიციატივები“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრს ძალიან ბევრი კერძო კომპანია უკავშირდება უცხოეთიდან, მაგრამ რისკები დიდია, რადგან წამლის და ვაქცინის წარმოების 10% ფალსიფიცირებულია. „წამლის საერთო ბრუნვა არის ერთი ტრილიონი აშშ დოლარი. იქიდან 100 მილიარდი დოლარის ღირებულების წამალი ფალსიფიცირებულია. ამ ვითარებაში კი ძალიან დიდია ცდუნება ფალსიფიცირების. ჩინეთში უკვე გამოჩნდა ასეთი შემთხვევები. თაღლითები ცდილობენ გაასაღონ ფალსიფიცირებული ვაქცინა, ამიტომ საქმეს ვიჭერთ მწარმოებლებთან და სახელმწიფოებთან“, - აღნიშნა გამყრელიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა