კომპლექსები ინტიმური ურთიერთობის დროს - როგორ დავძლიოთ?
“ვარ ძალიან მორცხვი და მორიდებული, რაც ხელს მიშლის ჩემს უახლოეს ადამიანთან ურთიერთობაში. ჩემი მეუღლე თბილი და ყურადღებიანია, ის ალერსიანად მექცევა, ახლოვდება თუ არა ინტიმური ურთიერთობის მომენტი, ვწითლდები, ვიწყებ ნერვიულობას, ვთხოვ სასწრაფოდ ჩააქროს შუქი. დიდი ხანი არ არის, რაც ერთად ვართ. როგორ გავთავისუფლდე ამ კომპლექსებისგან!”
თუ სტატისტიკას დავუჯერებთ, ქალების 47%-ს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონია შემთხვევა, როცა საყვარელ მამაკაცთან სიშიშვლის მორიდებია. ფსიქოლოგთა დაკვირვებით, ძლიერი სქესის წარმომადგენლები არც ისე სწყალობენ იმ ქალიშვილებს, რომელთაც საკუთარი სხეულის წარმოჩენა ერიდებათ. თუ თქვენ არ თვლით საკუთარ თავს მომხიბვლელად, თქვენს პარტნიორსაც, სავარაუდოდ, ასეთივე შთაბეჭდილება შეექმნება რატომ უნდა აფიქრებინოთ საყვარელ ადამიანს, რომ შორს ხართ სრულყოფილებისგან? რაც უფრო ხშირად და სიამოვნებით გაუსვამთ ხაზს თქვენს “ნაკლოვანებებს”, მით მეტ ყურადღებას მიიქცევთ. თქვენ მიგაჩნიათ, რომ თქვენი ფიგურა მთლად ვერ პასუხობს იდეალურ პარამეტრებს? მერე რა? თქვენი საყვარელი ადამიანიც რომ ასე ფიქრობდეს, არ მიაჩნდეთ სრულყოფილად, ასეთ ახლო ურთიერთობამდე ხომ არ მიიყვანდა საქმეს, არ გადაწყვეტდა თქვენთან ოჯახის შექმნას. ახლა რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი? თქვენი თავდაჯერებულობა. ინტიმური სიახლოვე ერთ-ერთი სასიამოვნო საშუალებაა საყვარელი ადამიანის მიმართ გრძნობების გამოსახატად და პარტნიორის საპასუხო გრძნობებში დასარწმუნებლად.
გააანალიზეთ!
რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია თქვენს პარტნიორზე. იქნებ მას მოეწონოს კიდეც თქვენი სიმორცხვე და მორიდებულობა, გამოუცდელობა და თავი სექსუალურ ურთიერთობაში წამყვანად და წარმმართველად იგრძნოს. ასეთ შემთხვევაში მისგან შეიძლება იმდენი კომპლიმენტი დაიმსახუროთ, რომ სრულიად დაივიწყოთ თქვენი სულელური მორიდებულობა. ისეც ხდება, რომ სწორედ მამაკაცები უჩენენ ქალიშვილებს კომპლექსებს. ასეთმა “გმირმა” შეიძლება ამოოხვრით გითხრათ: “ხოო... ფეხები ყურებიდან ნამდვილად არ გეწყება...” დაივიწყეთ! ნამდვილი მამაკაცი ასეთ რამეს არასოდეს იტყვის.
გაავარჯიშეთ საკუთარი თავი!
თუ ბავშვობიდანვე ჩაგინერგეს, რომ გაშიშვლება სირცხვილია, მაინც შეეცადეთ გადალახოთ ეს სტერეოტიპი. ყოველდღიურად, როცა იცვამთ ან იხდით ტანსაცმელს, სარკის წინ შეათვალიერეთ საკუთარი სხეული. უთხარით თქვენს თავს, რომ მოხდენილი ხართ, წვრილი წელი და ლამაზი მხრები გაქვთ. კარგად შეისწავლეთ საკუთარი სხეული, აუცილებლად იპოვით ისეთ რაიმეს, რომლითაც ნამდვილად იამაყებთ. ასეთი აუტოგენური ვარჯიში ორიოდე კვირაში აუცილებლად მოიტანს შედეგს. წესად აქციეთ საცურაო აუზზე სიარული. ესეც დაგეხმარებათ უხერხულობისგან გათავისუფლებაში. უცხოელი მკვლევრები ქალური მორცხვობის სინდრომისგან თავის დაღწევის ერთ-ერთ საშუალებად ფოტოსესიის მოწყობას მიიჩნევენ: გადაუღეთ საკუთარ თავს ფოტოები საცურაო კოსტიუმში, მაშინ დაინახავთ, როგორი მშვენიერია თქვენი სხეული და კომპლექსებიც მოგეხსნებათ. იმოქმედეთ! თუ ისევ ისე კატეგორიულად უკმაყოფილო ხართ საკუთარი სხეულით, ნუ დააყოვნებთ ზომების მიღებას. დაიცავით დიეტა, იარეთ სატრენაჟორო დარბაზში, თუმცა იქ დიდხანს ყოფნა საჭირო არ არის. კომპლექსებისგან გასათავისუფლებლად უკეთესობისკენ მცირე ცვლილებაც კი საკმარისია. შესაძლოა, სიმორცხვის გადასალახად ეს საკმარისიც კი აღმოჩნდეს. შესამჩნევად შეგეცვლებათ განწყობილებაც.
შეინიღბეთ!
თუ სინათლეზე გახდა არ შეგიძლიათ, აითვისეთ შენიღბვის ტექნიკა. საძინებელში მოაწყვეთ ინტიმური განათება, განალაგეთ სანთლები ან მაგიდის ნათურა ისე, რომ ამ განათებაზე თქვენი ფიგურის მოხაზულობა ნათლად გამოჩნდეს. მიმართეთ ფანტაზიას! გამოიყენეთ ისეთი ბიჟუტერია, რომელიც დაგიფარავთ იმას, რისი დამალვაც საჭიროდ მიგაჩნიათ. გამოიყენეთ “ყურადღების გაფანტვის მანევრი”, მაგალითად, მაქმანებიანი აქსესუარები. თქვენი საყვარელი მამაკაცი სწორედ ამ ნივთებზე იქნება კონცენტრირებული და ყურადღებას ვეღარ გაამახვილებს პრობლემურ ზონებზე. რა თქმა უნდა, მიუალერსეთ მას, არც საკუთარ თავს და არც მამაკაცს არ მისცეთ დაფიქრების საშუალება ფორმებზე, პროპორციებსა და პარამეტრებზე. ამაზე ფიქრი ამ დროს სრულიად უადგილოა!
არავითარი საიდუმლო!
უხერხულობას განიცდით დელიკატურ საკითხებზე საუბრისას? იმისთვის, რომ ურთიერთობა მართლაც ჰარმონიული იყოს, მნიშვნელოვანია ისწავლოთ ინტიმურ თემებზე მშვიდად საუბარი. აღწერეთ თქვენი შეგრძნებები, ფანტაზიები. პარტნიორთან გულახდილობა - ნდობის ნიშანია, რომლის გარეშეც არ არსებობს წრფელი და ნამდვილი გრძნობები. დაიმახსოვრეთ: ინტიმური ურთიერთობისას გახსნილობა, მოდუნება - სრულიადაც არ არის თანდაყოლილი ჩვევები. ეს შეიძლება ისწავლოთ, თუკი ნამდვილად გსურთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში სრულ ჰარმონიას მიაღწიოთ. უნდა დაეხმაროთ საკუთარ თავს, გაიხსნათ სექსუალურად და გააცნობიეროთ თქვენი სხეულის შესაძლებლობები. მაშინ კომპლექსებიც უკან დაიხევს!
mkurnali.ge