თეგებით ძიება

აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე გარდაიცვალა

აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი ავრცელებს.

„გარდაიცვალა აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე. ბატონი თამაზი ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყო გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი და სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს. ალბათ, შორს წაგვიყვანს ბატონი თამაზის დამსახურებების, რეგალიებისა თუ ენათმეცნიერების სფეროში დღეს უკვე მთელ მსოფლიოში კლასიკურად აღიარებული ფუნდამენტური ნაშრომების ჩამოთვლა. ბატონი თამაზი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, უკანასკნელ წლებში კი - საპატიო პრეზიდენტი, არაერთი დასავლური წამყვანი უნივერსიტეტისა საპატიო პროფესორი და დოქტორი, უცხოეთის მრავალი სამეცნიერო საზოგადოების წევრი, ევროპის ლინგვისტთა ასოციაციის პრეზიდენტი და სხვ.; მინიჭებული ჰქონდა არაერთი პრესტიჟული სამეცნიერო ჯილდო თუ პრემია.

უპირობოდ შეიძლება ითქვას, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან მოყოლებული, აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე იყო მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე ცნობილი და დაფასებული ქართველი მეცნიერი.

ბატონი თამაზი ასევე ყოველთვის გამოირჩეოდა აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციით, ჩართული იყო ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში; იყო ქართველ მეცნიერთა მრავალი თაობის აღმზრდელი, გულისხმიერი ხელმძღვანელი და შესანიშნავი კოლეგა.

ბატონი თამაზის გარდაცვალება უმძიმესი და აუნაზღაურებელი დანაკლისია როგორც ქართული მეცნიერებისთვის, ისე მთლიანად საქართველოსთვის.

გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი ღრმა მწუხარებას გამოთქვას აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს“, - ნათქვამია განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა