შალვა ნათელაშვილი - უმრავლესობა მხარს თუ დაუჭერს მელიას დაპატიმრებას, ხელისუფლების დამხობის პროცესი დაჩქარდება
"ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, უმრავლესობა თუ მხარს დაუჭერს "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებას, მაშინ ხელისუფლების დამხობის პროცესი დაჩქარდება.
„ნიკა მელიას დაპატიმრებაზე თანხმობის მიცემა ეს იქნება კოლექტიური თვითმკვლელობა ციურ ბადეთა თანავარსკვლავედზე, როგორც ეს ცნობილი იაპონური პიესა გვასწავლის. ქოცხროვას აქვთ საკუთარი გვამის უდიდესი სიყვარული და ამის გამო არ გაწირავენ თავის პოლიტიკურ კარიერას, რომელსაც ისედაც მოკლე დრო დარჩა. თუ თვითმკვლელობის მანია შეეყარათ, მხარს დაუჭრენ, მაგრამ არამგონია, ასე დაავადდეს უმრავლესობა. თუ მხარს დაუჭერენ, მაშინ ხელისუფლების დამხობის პროცესი დაჩქარდება. საკმარისია ახლა რეჟიმმა დააპატიმროს თუნდაც საშუალო დონის ოპოზიციის ლიდერი, აღარ ვსაუბრობ მთავარ პოლიტიკურ ძალებზე და მათი ხელისუფლების მსხვრევა დაჩქარდება კატასტროფული ტემპებით“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ნიკა მელია 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისათვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა და მას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
მას შემდეგ, რაც ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად ვადა ამოეწურა, გენერალურმა პროკურატურამ მისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართა.