დავიწყებთ საერთო დემოკრატიული ღირებულებებისადმი საქართველოს ერთგულების გადახედვას - ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი
გადავწყვიტეთ, დავიწყოთ ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებებისადმი საქართველოს ერთგულების გადახედვა, რაც განსაზღვრავს ჩვენი პარტნიორობის სამომავლო განვითარებას, - ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, მარკოს პერესტრელომ განაცხადა.
როგორც მარკოს პერესტრელომ აღნიშნა, კვირების განმავლობაში ქართველმა ხალხმა აჩვენა თავისი შეუვალი ერთგულება დემოკრატიული, ევროპული საქართველოსადმი.
„საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა ბოლოს და ბოლოს უნდა მოუსმინონ ხალხს და შეწყვიტონ მათ მიერ შემუშავებული დემოკრატიული უკუსვლა. ჩვენი ასამბლეა მუდმივად მხარს უჭერდა საქართველოს დემოკრატიულ, ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ჩვენ კვლავაც ვაგრძელებთ ამას. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, დავიწყოთ ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებებისადმი საქართველოს ერთგულების გადახედვა, რაც განსაზღვრავს ჩვენი პარტნიორობის სამომავლო განვითარებას. ქართული დელეგაციის ხელმძღვანელისადმი, გივი მიქანაძისადმი გაგზავნილ წერილში, მე მოვუწოდე მას და ქართული დელეგაციის სხვა წევრებს, გამოიყენონ თავიანთი გავლენა საქართველოს დემოკრატიულ გზაზე სასწრაფოდ დასაბრუნებლად", - აღნიშნავს მარკოს პერესტრელო.