ახლა იმედს ვიტოვებთ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან განვიხილავთ ვადამდელი არჩევნების ჩატარების საკითხს - ნიკა მელია
ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მივუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდას ამ რეჟიმის წარმომადგენლებთან, ფასილიტატორების მონაწილეობით და განვიხილავთ ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი განცხადებით, ქვეყანას კრიზისიდან მხოლოდ და მხოლოდ ვადამდელი არჩევნები გამოიყვანს.
„ჩვენთვის უმთავრესია ქვეყანაში კანონის უზენაესობა, ჩვენთვის უმთავრესია ქვეყანაში მოვიპოვოთ სამართლიანი არჩევნების უფლება, სადაც ერთხელ და სამუდამოდ ტარდებოდა პირუთვნელი არჩევნები და გამარჯვებულს დამარცხებული მიულოცავდა, სადაც ვსაუბრობდით ქვეყნის წარმატებაზე, განვითარებაზე, რაც შეუძლებელი იქნებოდა ოლიგარქიული რეჟიმის პირობებში, ეს იყო ჩვენი მთავარი წუხილი და სწორედ აქედან გამომდინარე ოპოზიციურმა პარტიებმა ამ მძიმე კრიზისული ვითარებიდან გამოსასვლელად დავსახეთ კონკრეტული მიზნები და ამოცანები. მივიღეთ 2020 წელს არჩევნებში მონაწილეობა. სამწუხაროდ, ხალხის ნება გამოიხატა, თუმცა, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ არჩევნების შედეგები გააყალბდა და მოიპარა, შესაბამისად, ცვლილებები ვერ განხორციელდა 2020 წლის 31 ოქტომბერს. ამისი ნება- სურვილი საზოგადოებაში იყო.
დღესაც ჩვენ ერთგულები ვართ იმ მართლაც გარდაუვალი გასატარებელი ცვლილებების. ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს მხოლოდ და მხოლოდ ახალი ვადამდელი არჩევნები, რომელიც წესრიგში მოიყვანს ყველა სფეროს. ამიტომ ჩვენ ახლა იმედს ვიტოვებთ, რომ მივუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდას ამ რეჟიმის წარმომადგენლებთან, ჩვენი ფასილიტატორების თანდასწრებით, რათა განვიხილოთ საკითხი ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით. ჩვენი ამოცანა არ არის, არ იყო და არასდროს იქნება ძალადობა, ვიღაცის დაჩაგვრა, იმიტომ რომ მართლები ვართ. ჩვენ რომ მართლები ვართ, ვიღაც კი არ უნდა დავჩაგროთ, ჩვენ გვინდა, რომ ქვეყანა განვითარდეს და ქვეყანა მხოლოდ და მხოლოდ თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებით განვითარდება. გავრცელებული განცხადებები ცხადყოფს, რომ ხალხს აქვს ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა", - განაცხადა მელიამ.