მამუკა მდინარაძე: სახალხო დამცველს მოუწევს საკუთარ განცხადებაზე პასუხის გაცემა
სახალხო დამცველს პასუხის გაცემა მოუწევს, თუ რა იყო ასეთი ემოციური განცხადების საფუძველი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ ნინო ლომჯარია უახლოეს მომავალში ანგარიშით უნდა წარდგეს პარლამენტის წინაშე და მისი განცხადების მოტივთან დაკავშირებით პასუხის გაცემა მოუწევს.
“სახალხო დამცველი უახლოეს მომავალში ანგარიშით უნდა წარდგეს პარლამენტის წინაშე. მას მოუწევს, პასუხის გაცემა კითხვაზე: რით იყო მისი ეს განცხადება გამოწვეული? მაშინ როდესაც სამართლებრივი და ლეგიტიმური საფუძველი ჰქონდა, იმ ძალიან კარგად დაგეგმილ და ჩატარებულ ღონისძიებას შსს-ს მიერ, რაც დღეს განხორციელდა, დაზიანებების, რისკების მაქსიმალური დაზღვევით. რაც შეეხება სახალხო დამცველს მას კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. თავისი სამართლებრივი არგუმენტებით და მისი განცხადების მოტივთან დაკავშირებით. ჩვენ მას ამ კითხვებს საქართველოს პარლამენტში დავუსვამთ. ამ კითხვებს ვერავინ გაექცევა, თუ რა იყო ასეთი ემოციური განცხადების საფუძველი“, - განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რომ არაფერი იმაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო 23 თებერვალს, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვისა და გასაბჭოებიდან 100 წლის თავზე, როგორც ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევა და ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრება, რასაც საბჭოთა საქართველოს მსგავსად დასავლური სამყაროსგან საქართველოს გაუცხოება და დაშორება აუცილებლად მოჰყვება.
შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია, სამართალდამცავებმა 23 თებერვალს, დილით დააკავეს.
პოლიტიკოსის დაკავებასთან დაკავშირებით, საქართველოში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა.
სახალხო დამცველმა ნიკა მელიას დაკავებას სამარცხვინო უწოდა.