თეგებით ძიება
03. 03. 2021 სპორტი

ბაკურიანი სნოუბორდ ქროსის მსოფლიო თასის ეტაპებს მასპინძლობს

3-5 მარტს ბაკურიანი სნოუბორდ ქროსის მსოფლიო თასის ეტაპებს მასპინძლობს. სნოუბორდ ქროსი ტრასაზე ოთხი სპორტსმენის ერთდროულად დაშვებას გულისხმობს.

შეჯიბრში 14 ქვეყნის (ავსტრალია, ავსტრია, შვეიცარია, არგენტინა, იტალია, დიდი ბრიტანეთი, ჩეხეთი, გერმანია და ა.შ ) 75 სპორტსმენი (29 გოგო, 46 ბიჭი) მიიღებს მონაწილეობას. დღევანდელ საკვალიფიკაციო ეტაპში კი 75 სპორტსმენიდან 32 საუკეთესო ბიჭი და 16 გოგო გამოვლინდა, 4 და 5 მარტს კი ფინალები გაიმართება.

მსოფლიო თასის ეტაპის შეჯიბრებებს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მხრიდან დაესწრება სნოუბორდ ქროსის მიმართულების დირექტორი უვე ბაიერი, რომელიც საორგანიზაციო პროცესებშიც ჩაერთვება და შეაფასებს ქართული მხარის მზაობას.

„აქ, ბაკურიანში აქვთ სხვადასხვა ტურნირების მასპინძლობის გამოცდილება, თუმცა არა მსოფლიოს ჩემპიონატის. ორგანიზება ფანტასტიკურია. მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპმა ძალიან საინტერესოდ ჩაიარა, რადგან თავმოყრილია მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენები. ვფიქრობთ, ყველაფერი ისევე კარგად გაგრძელდება, როგორც დაიწყო“, – განაცხადა მსოფლიო სათხილამურო ფედერაციის სნოუბორდ-ქროსის მიმართულების დირექტორმა უვე ბაიერმა.

საშეჯიბრო ტრასა მოამზადეს FIS-ის რეკომენდირებულმა მშენებლებმა. შეჯიბრება სატესტო ღონისძიებაა მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც 2023 წელს თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში გაიმართება. მსოფლიო თასის ეტაპების წარმატებით ჩატარება მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა, რომ საქართველომ მსოფლიო რუკაზე ზამთრის ტურიზმის მიმართულებით საპატიო ადგილი დაიკავოს.

მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სატესტო შეჯიბრებების ჩატარება სხვადასხვა დისციპლინებში მსოფლიო თასის ეტაპების სახით, შესაბამისად, ბაკურიანში უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. აშენდა სამი ახალი საბაგირო, დამონტაჟდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, შეძენილია სპეც-ტექნიკა და უსაფრთხოების ინვენტარი.

ყველა ღონისძიება FIS-ის მიერ შემუშავებული COVID პროტოკოლის, წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით ტარდება. შეჯიბრი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიისა“ და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა