თეგებით ძიება

თამარ ბაჩალიაშვილის დედა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის გამოკითხვა დასრულდა.

თამაზაშვილმა ჩვენება მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, მტკიცებულებების ფალსიფიკაციის საქმეზე მისცა, რომელიც საქმის ახალი ფიგურანტის, მარიამ შარაშიძის მიერ ბაჩალიაშვილების ოჯახისთვის მიწოდებულ მასალას შეეხება.

როგორც თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას კითხვები მიმოწერის ამსახველი მასალის მოპოვებასთან და დროსთან დაკავშირებით დაუსვეს. ამასთან, თამაზაშვილი აცხადებს, რომ ბრალდების მხარეს მისი წყობიდან გამოყვანა სურს, რათა საქმე სტრასბურგის სასამართლოშია რ მოხვდეს.

„როგორც ყოველთვის, უაზრო კითხვები იყო. ტელეფონებიც თვითონ აქვთ , „სქრინებიც“ და გადამოწმებაც თვითონ შეუძლიათ. მეკითხებოდნენ, როდის მომწერა მარიამმა, საათები და წუთები აინტერესებდათ. უნდათ, წონასწორობიდან გამომიყვანონ, რომ ამ საქმეს შევეშვა. ადვოკატებთან ერთად რას აკეთებდი, ადვოკატი რას გირჩევდათო, მეკითხებოდნენ. ადვოკატების წინააღმდეგ აქვთ კამპანია, რომ ჩამოაშორონ ადვოკატები საქმეს, რათა სტრასბურგში არ მოხდეს საქმის გასაჩივრება. ისეთი უაზრო კითხვები ჰქონდათ, რაზეც პასუხი თვითონვე იცოდნენ. ჩემი მეხსიერება გადაამოწმეს, თუ რა ქნეს, არ ვიცი. არავის ჰქონდეს ილუზია, რომ დავიღლები, ან გავბრაზდები და ხელს ჩავიქნევ, პირიქით, დღითიდღე მიორმაგდება ბრძოლის უნარი“, – განაცხადა თამაზაშვილმა.

საქმის პროკურორი დავით გუმბერიძე კი აცხადებს, რომ თეონა თამაზაშვილის დაკითხვის შედეგად მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს.

„საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ დღეს თეონა თამაზაშვილის დაკითხვის შედეგად. ძირითადად, უკავშირდებოდა იმ ფოტოებს, ე.წ. სქრინშოთებს, რაც გავრცელდა მათ მიერ და მიუთითებდნენ, რომ მარგო შარაშენიძე ფლობდა საკმაოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას თამარის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ჩვენ მიერ დაისვა ყველა ის მნიშვნრლოვანი კითხვა, რაც არსებითად წარმოადგენს გამოძიებისთვის დასადგენ გარემოებას.

თეონა თამაზაშვილისგან მივიღეთ პასუხი, რომ იყო გარკვეული მონაცემები ამ ფოტოებში, რასაც თვითონ მიიჩნევდა საეჭვოდ და ითხოვდა ამ გარემოების შესწავლას. კერძოდ, ამ ფოტოსურათებზე არ არის მითითებული თარიღი, არ არის მითითებული გამომგზავნი და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი გარემოება.

შესაბამისად, დღეს თეონა თამაზაშვილის ჩვენების, ასევე საქმეზე ჩატარებული გამოძიების და მოპოვებული მტკიცებულებების შეფასების შემდგომ, ჩვენ გაგაცნობთ ჩვენს გადაწყვეტილებას ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე, რაც უკავშირდება მტკიცებულებების ფალსიფიკაციას.

რაც შეეხება გარდაცვალების საქმეს, მიღებული გადაწყვეტილება ადვოკატების მიერ გასაჩივრდა ზემდგომ პროკურორთან. ამის შემდგომ ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდა სასამართლოში. ყველა ინსტანციაში დადგენილია, რომ პროკურატურამ ჩაატარა სრულყოფილი გამოძიება და მიღებული გადაწყვეტილება არის სამართლიანი“, – განაცხადა პროკურორმა, დავით გუმბერიძემ.

ცნობისთვის, ადვოკატებმა თამარ ბაჩალიაშვილის მეგობართან მიმოწერის ამსახველი ფოტოები რამდენიმე თვის წინ გენერალურ პროკურატურაში წარადგინეს. ადვოკატის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილი მეგობარს წერს: „გარკვეული საშიშროება მელის. რამე თუ დამემართება, დედაჩემს დაუდექი გვერდით, შენთან მიმოწერა რომ მაქვს, უნდა წავშალო, რამე საშიშროება რომ არ შეემთხვას“.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა