ნოემბერში საარსებო შემწეობას 686 ათასამდე ადამიანი იღებდა
ნოემბერში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 685 942-მდე გაიზარდა, წინა თვესთან შედარებით შემწეობის მიმღებთა რაოდენობა დაახლოებით 1500-ით გაიზარდა. თითქმის 686 ათასი სოციალური შემწეობის მიმღებიდან 228 ათასზე მეტი სახელმწიფოს დასაქმებული ჰყავს სპეციალურად შექმნილი პროგრამით, რომლის ფარგლებშიც ამ ადამიანებს ოთხი წლის განმავლობაში უნარჩუნდებათ სოციალურად დაუცველის სტატუსი და შესაბამისად სახელმწიფო დახმარება.
ნოემბერში შემწეობის მიმღებებზე ჯამში 70 მლნ ლარზე დაიხარჯა, აქ შედის როგორც საარსებო შემწეობის გაცემა, ასევე სახელმწიფო დასაქმების პროგრამის ფარგლებში გადარიცხული თანხა. 2025 წლის ბიუჯეტით სოციალური დახმარებაზე, სადაც საარსებო შემწეობაც შედის ჯამში 1.6 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება.
საქართველოში საარსებო შემწეობის პროგრამა ფინანსურად ეხმარება ყველაზე ღარიბ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 120 001-ზე ნაკლებია. სარეიტინგო ქულას განსაზღვრავს სოციალური მომსახურების სააგენტო და ის ასახავს ოჯახის შემოსავალსა და ქონებას. მას შემდეგ რაც მთავრობამ საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა აამოქმედა, იმ პირებს, რომლებიც ამ პროგრამაში არიან ჩართულნი, სააგენტო აღარ ამოწმებს და სტატუსი ოთხი წლის განმავლობაში უცვლელად უნარჩუნდებათ.