შსს-მ იმერეთში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ვანის რაიონული სამმართველოს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული გ.მ. ვანში დააკავეს. მას ბრალად სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმა ედება.
დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მიმდინარე წლის 5 მარტს ვანის რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი თავის მოკვლას აპირებდა. სამართალდამცველებმა მიღებულ შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს და დაუყოვნებლივ მივიდნენ შემთხვევის ადგილზე. სანადირო თოფით შეიარაღებულმა გ.მ.-მ., რომელიც თავის მოკვლას აპირებდა, პოლიციელების დანახვისთანავე, მათი მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც დაიჭრა ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი.
დაჭრილი პოლიციელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს. სამართალდამცველის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავა, დანაშაულის ჩადენის იარაღი კი ნივთმტკიცებად ამოიღო.
სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.