თეგებით ძიება

“მეორედ ქორწინებაზე არ მიფიქრია. თვითონაც გაოგნებული ვარ, რანაირად მოახერხა გიამ ეს” – გია დავითიანმა ოთარ ტატიშვილის ყოფილ ცოლზე იქორწინა

ამ წყვილის ქორწინება სრულიად მოულოდნელობა იყო. არც ერთი არ ფიქრობდა მეორედ შეექმნა ოჯახი, გია თავისი აგარაკით იყო გატაცებული, ეკა კი შვილების ცხოვრებით ცხოვრობდა.

გიას ყველა იცნობთ, ანსამბლ “ალილოს” და “ქუჩის მუსიკოსების” მომღერალია. ათი წლის წინ მძიმე სენით გარდაეცვალა ცოლი. ჰყავს ორი ქალიშვილი. რამდენიმე წლის წინ ფიზიკურად შეიცვალა, კუჭის ოპერაციის შემდეგ 80 კილო დაიკლო. აქვს ადვილად დასამახსოვრებელი ხმა, მღერის გრძნობით და გადამდები ემოციიით.

რაც შეეხება ეკა არჩვაძეს, ის წარმატებული გინეკოლოგი გახლავთ. არის არაჩვეულებრივი კულინარი და კიდევ უფრო უკეთესი დედა. ეკა ყველასთვის ცნობილი მსახიობის, ექიმისა და ტელეწამყვანის, ოთარ ტატიშვილის ყოფილი ცოლია. ეკას და ოთარს ორი ვაჟი ჰყავთ, მათგან ერთს, შოთიკო ტატიშვილს, მუსიკალური შოუებიდან ყველა იცნობთ.

“მეორედ ქორწინებაზე არ მიფიქრია. თვითონაც გაოგნებული ვარ, რანაირად მოახერხა გიამ ეს” – გია დავითიანმა ოთარ ტატიშვილის ყოფილ ცოლზე იქორწინა


ეკას და გიას ერთმანეთი სექტემბერში გაუცვნიათ. თუმცა როგორც ბატონი გია გვიმხელს, მისი ოცნების ქალი მანამდე ჰყავდა “შემჩნეული”. ერთ ჭერქვეშ ცხოვრებაზე მიღებულ გადაწყვეტილებას წინ ცოტა ვნებათღელვა უძღოდა. “ასაკში” არც ისე ადვილია “წონიანი” ნაბიჯების გადადგმა. თუმცა მომღერალმა მოვლენები დააჩქარა და წყვილი 20 იანვრიდან მოყოლებული ერთად ცხოვრობს.

ეკა ამბობს,რომ გიამ ისე ელვის სისწრაფით მოახერხა მისთვის თავბრუსდახვევა და ქორწინებამდე მიყვანა, რომ ამის დაჯერება ახლაც უჭირს.

ეკა არჩვაძე: – გია საოცრად ყურადღებიანი, არაჩვეულებრივი ადამიანია. საერთოდ როგორ მოახერხა, რომ მასზე მექორწინა, დღემდე არ ვიცი. მე მეორედ ქორწინებაზე არ მიფიქრია. თვითონაც გაოგნებული ვარ, რანაირად მოახერხა გიამ ეს. არ ამომასუნთქა. ძალიან მალე განვითარდა მოვლენები.

“პრაიმტაიმთან” მომღერალმა ხელის თხოვნის დეტალებიც გააამხილა…


გია დავითიანი: – ცხოვრებაში ხდება ასეთი გადაწყვეტილებები და ვფიქრობ, ეს სასიკეთოა. 61 წლის ვარ. ჩემს ასაკში ამ ნაბიჯის გადადგმა რთულია, მაგრამ როდესაც რწმუნდები, რომ რაღაცის მიმართ ლტოლვა გაქვს, რაღაც გენატრება, ისეთ ადამიანთან გინდა ურთიერთობა, რომელზეც გაიფიქრე და იოცნებე, ამ დროს კი ეს ოცნება ხდება, ბედნიერებაა ეს ყველაფერი.

ეკას ხშირად ვხვდებოდი. ვინმეს რომ არ დავენახეთ და მის შვილებთან “სხვანაირი” ინფორმაცია არ მისულიყო, მე თავს უხერხულად ვგრძნობდი. ჩემს ასაკში კაცს არ ეკადრება ისეთი რაღაცები, რაც ვთქვათ, არ ეკადრება ეკას და მის ოჯახს.

ეკას დიდი ოჯახი ჰყავს, მშობლები და წესიერი და ვაჟკაცი ბიჭები. მინდოდა, რომ ჩვენი ურთიერთობა ქორწინებით ისე დაგვირგვინებულიყო, როგორც ეს ეკას ოჯახს ეკადრება. გადასარევი მშობლები ჰყავს. მათთვის დიდი მოულოდნელობა იყო ჩვენი გადაწყვეტილება, მე კიდევ არ მინდოდა, რომ მათში ამ ჩემს გადაწყვეტილებას უარყოფითი ემოცია აღეძრა.


თვითონ გოგოების მამა ვარ, ვიცი, რამხელა ფიქრთან და განცდასთან არის დაკავშირებული მამისთვის ეს მომენტი. მოკლედ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით გადავწყვიტეთ, რომ ხელის მოწერა დაგვეჩქარებინა. ამით კი დაგვრწმუნებინა ირგვლივ ყველა, რომ ნამდვილი ქართული ოჯახხის შექმნა გვინდოდა.

ერთ მშვენიერ საღამოს ეკას ვთხოვე ავსულიყავით მცხეთაში, შევსულიყავით სვეტიცხოველში, დაგვენთო სანთლები, შემდეგ შევსულიყავით ღვინის სახლში და გვევახშმა. მე გამზადებული მქონდა ბეჭედი და… ხელი ვთხოვე… ეკას თვალებზე ბედნიერების ცრემლი შევნიშნე…

წყვილმა ხელი 12 თებერვალს მოაწერა, სუფრა გიას აგარაკზე, ბროწეულაში გაშალეს, თაფლობის დღეები კი – ბათუმში გაატარეს. გიას მეჯვარე მისი ბავშვობის მეგობრები არიან, მათ შორის, ერთს იცნობთ კინოფილმიდან “ნატვრის ხე” – ბებოს რომ დაჰყავს “გაულაწუნეო”, დათო აბაშიძე, ერთიც – გიორგი გოგნიაშვილია.



გია: – ჯვრისწერას ზაფხულში ვგეგმავთ. ბევრი მეგობარი გვყავს ორივეს და პანდემია რომ გადაივლის, სუფრით შემდეგ აღვნიშნავთ. შევხედავთ, როგორი მდგომარეობა იქნება და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ.

ბოლო დროს გია დავითიანი ბროწეულაშია, აგარაკზე. იქ მეურნეობას მიჰყო ხელი, მოჰყავს ხეხილი და ბოსტნეული. ამბობს, რომ ბოლო დროს განსაკუთრებულად გაალამაზა კარ-მიდამო. ყვავილები დარგო და მორთო გარემო.

“ჩემთვის ჩემი ბაღი ყველაფერს ნიშნავს. ეკას იქაურობა ძალიან უყვარს. მიხარია, რომ ადგილს, სადაც მთელი ცხოვრებაა ვშრომობ და ვუვლი, ის ადამიანი აფასებს, ვინც ნამდვილად მიყვარს და პატივს ვცემ. მართლა ულამაზესია იქაურობა. გაზაფხულზე უფრო გალამაზდება, ვარდებიც გაიფურჩქნება.

ღმერთს მადლობა, რომ ასე მოხდა ყველაფერი” – ბედნიერებას გვიზიარებს ახლადდაქორწინებული მომღერალი.



primetime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა