თავს არ მივიჩნევ კანონშემოქმედად, არ ვარ ეგ ტიპი, უფრო ვეტოები მეხერხება - გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კოალიციას ძლიერი საქართველო შეუერთდა. მარგველაშვილი კოალიციის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გორში წარადგინა, სადაც ისინი მოსახლეობას ხვდებიან და საარჩევნო პროგრამას წარადგენენ. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, „ძლიერ საქართველოსთან“ ერთად ბოლომდე იბრძოლებს, თუმცა საკუთარ თავს კანონშემოქმედებით საქმიანობაში ვერ ხედავს.
„პირადად ჩემ თავს კანონშემოქმედად არ მივიჩნევ, არ ვარ მე ეგ ტიპი. ყველა თავის ბუნებრივ სანგართან უნდა დადგეს ამ ბრძოლაში. მე, კანონთან მიმართებაში თუ მკითხავთ, უფრო ვეტოები მეხერხება, გაცხრილვა შემიძლია. შესაბამისად, მე ვიქნები ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად ჩართული. მომავალშიც ერთად ვიდგებით საქართველოს დასაბრუნებლად და ასაშენებლად, მაგრამ არა როგორც დეპუტატი. ვგრძნობ გამარჯვების ემოციას, არა წარმატების, არამედ – გამარჯვების. გამარჯვება არის საბოლოო, რითაც საბოლოოდ გადავტეხთ ამ მოღალატეობას“, – განაცხადა მარგველაშვილმა.