თეგებით ძიება

ეს ხომ დიდი სითავხედე იქნებოდა. არც წამომცდებოდა მსგავსი სიტყვები – ბასილაშვილის მამის პირველი კომენტარი დოჰას ტრიუმფის შემდეგ

დოჰას ტურნირის ტრიუმფატორის მამის, ნოდარ ბასილაშვილის განცხადებით, ვერ წარმოიდგენდა, თუ ნიკოლოზი ტურნირის გამარჯვებული გახდებოდა. ამის შესახებ ჩოგბურთელის მამამ „პრაიმსპორტთან" საუბარში განაცხადა.

– ელოდით თუ არა ის რაც დოჰაში მოხდა?

რა თქმა უნდა, არა. ეს უდიდესი მოულოდნელობა და ამავდროულად სასიამოვნო სიურპრიზი იყო.

იანვრიდან მოყოლებული და მანამდეც ნიკას ძალიან რთული პერიოდი ჰქონდა. თუ თვალს გადავავლებთ, ბოლო ტურნირებს, თამაშს ვინ დაეძებს, სეტსაც ვერ იგებდა. ამის ფონზე კი დოჰაში ჩემპიონობას პირადად მე ვერც ვიფიქრებდი და ეს ლოგიკურია.

– თქვენი აზრით, რა იყო აქამდე წარუმატებლობის უმთავრესი მიზეზი?

რამდენიმე ფაქტორი ერთად. პირველ რიგში ფსიქოლოგიური წნეხი. ბევრი რამ გადაება ერთმანეთს. გარდა ამისა, მწვრთნელებმაც თავისი დაღი დაასვეს. არასწორი ვარჯიშები და ა.შ.

კარგია, რომ იმ მწვრთნელებისგან გათავისუფლდა და ახლა თავს გაცილებით უკეთესად გრძნობს. ამჟამად უმწვრთნელოდ არის. მხოლოდ ფიზიოთერაპევტი ჰყავს, რომელიც ასევე ფსიქოლოგიურ საკითხებზეც მუშაობს.

– როდემდე იქნება უმწვრთნელოდ?

ბუნებრივია, ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. რამდენიმე მწვრთნელი ჰყავს მონიშნული და მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ალბათ უახლოეს ხანებში ნიკას ახალი მწვრთნელი ეყოლება.

– როჯერ ფედერერის დამარცხებაზე აუცილებლად ცალკე უნდა გკითხოთ. რა განცდა იყო ეს თქვენთვის?

რაღაც სასწაული. აფიშა რომ ცნობილი გახდა და გაირკვა ნიკა როჯერს დაუპირისპირდებოდა უკვე იყო ჩვენთვის და ალბათ ქართველი გულშემატკივრებისთვის დიდი მოვლენა. ფედერერს რომ შეხვდა, ეს ჩვენთვის უდიდესი ბედნიერება იყო, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წლის წინაც ითამაშა მასთან.

აბა მოგებაზე როგორ ვიფიქრებდით? ეს ხომ დიდი სითავხედე იქნებოდა. არც წამომცდებოდა მსგავსი სიტყვები. მატჩის მიმდინარეობისას კი რაღაც იმედი მომეცა. შევატყვე, რომ არაფერს დაუთმობდა და საბედნიეროდ მოხდა ის, რაც მოხდა. დიდი სიამაყით აღვივსე, ემოციებზე აღარაფერს ვამბობ.

– და მაინც. როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა დოჰაში ნიკას ჩემპიონობა?

პირველ მატჩში, ჯეიმს მილმანთან გამოჩნდა, რომ ფსიქოლოგიურად მდგრადად იყო და ფიზიკური კონდიციებიც არ დაეწუნებოდა. მაშინ ვირწმუნე, რომ წინა ტურნირებისგან განსხვავებით ეს სულ სხვა ნიკა იყო, მაგრამ ჩემპიონობას წამითაც ვერ ვუშვებდი თავში. ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ ქართველ გულშემატკივარს ბედნიერი დღეები და წუთები აჩუქა. დოჰა მართლაც დაუჯერებელი და სასიამოვნო მოვლენებით სავსე თავგადასავალი გამოდგა.

– წინ დუბაის ტურნირია. რა მოლოდინები გაქვთ?

ჩოგბურთი ისეთი მგრძნობიარე სპორტის სახეობაა და წარმატება იმდენ დეტალზეა დამოკიდებული წინასწარ ვერაფერს გათვლი. ჩოგბურთში ორმა-სამმა გათამაშებამ შეიძლება მატჩის ბედი გადაწყვიტოს.

ამიტომაც, კაცმა არ იცის რა იქნება დუბაიში. აღარაფერი გამიკვირდება. თავისთავად, დოჰაში ჩემპიონობით ნიკამ თამასა მაღლა ასწია და მეც უფრო ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა