თეგებით ძიება

გადასარევად ვგრძნობ თავს, გავიკეთე ვაქცინა და ამაში არაფერია საშიში - პაატა იმნაძე

თავს ვგრძნობ გადასარევად... ხედავთ, რომ გავიკეთე ვაქცინა და ამაში არაფერია საშიში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ ჟურნალისტებს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ განუცხადა.

მისივე განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებმა ირწმუნონ, რომ ვაქცინის გარეშე დაავადებას ვერ დავამარცხებთ.

„ხედავთ, რომ გავიკეთე ვაქცინა და ამაში არაფერია საშიში. პირველ დღეს რეგისტრირებულია 2 ათასზე მეტი სამედიცინო პერსონალი. იმედია, ჩემი კოლეგები, რაც უფრო მეტი დრო გავა, მეტი დარეგისტრირდება. თავს ვგრძნობ გადასარევად. ადამიანებმა უნდა ირწმუნონ, რომ ვაქცინის გარეშე ჩვენ ამ დაავადებას ვერ დავამარცხებთ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ, რომელმაც ვაქცინაცია ინფექციურ საავადმყოფოში, საჯაროდ გაიკეთა.

რაც შეეხება "ასტრაზენეკას" ვაქცინასთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილის სკეპტიკურ დამოკიდებულებას, იმნაძის თქმით, "ასტრაზენეკაც" ისეთივე მაღალი ხარისხის ვაქცინაა, როგორც "ფაიზერი".

"ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს „ფაიზერი“ იქნება, თუ „ასტრაზენეკა“ . ეს არის ერთნაირი ხარისხის, მაღალი ხარისხის ვაქცინები. როცა „ფაიზერის“ შემოტანაზე იყო საუბარი, მაშინ მის შემოტანაზე ატეხეს ამბავი და იძახდნენ „ვაიმე „ფაიზერიო“. ახლა არის „ასტრაზენეკაზე“. არავითარი პრობლემა არ არის. ის, ვინც ვაქცინის წინააღმდეგია, ყველა ვაქცინის წინააღმდეგია და გთხოვთ ეს ყველამ კარგად დაიმახსოვრეთ", - აღნიშნა იმნაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა