თეგებით ძიება

ფარული ჩანაწერების უკანონო მოპოვება-გავრცელების საქმეზე, ნოდარ მელაძის გამოკითხვა მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ფარული ჩანაწერების უკანონო მოპოვება-გავრცელების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჟურნალისტ ნოდარ მელაძის გამოკითხვა მიმდინარეობს.

პროკურატურას სავარაუდოდ აინტერესებს, თუ როგორ მოხვდა ჩანაწერები ტელევიზიაში. სწორედ ეს წერია იმ განჩინებაში, რომლითაც სასამართლომ საგამოძიებო უწყებას უკვე მიმართა.

საქმის პროკურორის, ლაშა კოტრიკაძის თქმით, პროკურატურა ითხოვს აუდიოჩანაწერს და განჩინებაში სწორედ ეს იგულისხმებოდა. პროკურორის განცხადებით, ელექტრონული მატარებლის შესახებ განჩინებაში ჩანაწერი სწორედ იქიდან გამომდინარე იყო, რომ „ტვ პირველის“ სიუჟეტში ჩანდა ელექტრონული მატარებელი და კონვერტი, რომლითაც ჟურნალისტმა აუდიოჩანაწერები მიიღო.

„დღესაც პროკურატურა მზად არის, მიიღოს ის აუდიოჩანაწერი, თუ, რა თქმა უნდა, ტელეკომპანიას და ჟურნალისტს სურვილი ექნებათ, რომ ეს ჩანაწერი გადმოგვცენ. თავად სიუჟეტში იყო გასული, რომ ეს აუდიოჩანაწერი მიტანილია კონვერტით და მოთავსებული იყო ფლეშმეხსიერების ბარათზე. ბუნებრივია, ვიხელმძღვანელეთ ამ სიუჟეტით. რამე სადავო ფაქტია, რომ მიტანილი იყო ტელეკომპანიაში აუდიოჩანაწერი? ვინმე უარყოფს ამას?“, - განაცხადა ლაშა კოტრიკაძემ.

მისივე თქმით, ტელეკომპანიაში იძულებით შესვლა არ იგეგმება და განჩინება თავისი არსით არანაირ ძალადობრივ ქმედებას არ გულისხმობს.

„ამოღება ნიშნავს იმას, რომ მხარეები შეთანხმებულები არიან და ერთი მხარე მეორე მხარეს გადასცემს ნებაყოფლობით”, - განაცხადა კოტრიკაძემ.

„არ ვაპირებთ, რაიმე ფორმით ვუპასუხოთ ისეთ შეკითხვას, რომელიც ჩვენი ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში მოპოვებულ ინფორმაციას ეხება, ან დავასახელოთ წყარო, ან გადავცეთ ისეთი მასალები, რომელიც წყაროს იდენტიფიცირებაში დაეხმარება“, - განაცხადა ნოდარ მელაძემ.

მელაძის განცხადებით, ტელეკომპანია მზად არის, პროკურატურას გადასცეს აუდიოჩანაწერები, თუკი შესაბამისი განჩინება იქნება, თუმცა, ჟურნალისტის თქმით, ეს საკითხი გადაწყდება იურისტებთან კონსულტაციის საფუძველზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა