თეგებით ძიება
24. 03. 2021 სპორტი

28 მარტს ბორჯღალოსნები რუმინეთს დაუპირისპირდებიან


28 მარტს ბორჯღალოსნები 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე მატჩს შინ, „მიხეილ მესხზე“ რუმინელების წინააღმდეგ გამართავენ და მოგების შემთხვევაში, ვადაზე ადრე მოიპოვებენ ჩემპიონობას. მატჩის ბილეთები იყიდება მხოლოდ ონლაინ.

აღსანიშნავია, რომ თამაშს სამმაგი დატვირთვა ექნება. გარდა 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტულისა, ამ გუნდებს შორის გათამაშდება ტრადიციული, „ანთიმოზ ივერიელის თასი“; გარდა ამისა, წლევანდელი და მომავალი რაგბის ევროპის ჩემპიონატის ჯამის მიხედვით, ორი მოწინავე 2023 წლის მსოფლიო თასის საგზურს მიიღებს.

ჩვენ და რუმინეთი 2000 წლიდან მინიმუმ ერთხელ ყოველწლიურად ვეთამაშებით ერთმანეთს და დღემდე გამართული 24 მატჩიდან (11-11 შინ და გარეთ, 2 ნეიტრალურზე), 14 ბორჯღალოსნების გამარჯვებით დასრულდა, 9 „მუხების“ , ერთხელ კი ფრე დაფიქსირდა. საქართველომ მეტოქეს გაუტანა 45 ლელო და 476 ქულა, თავად კი 32 ლელო და 394 ქულა გაუშვა.

რაგბი ევროპის ჩემპიონატზე (და მის წინამორბედ ერთა თასზე), რუმინეთი ერთ დროს ჩემპიონობის მთავარი კანდიდატი იყო და 5-ჯერ შემართა ჯილდო, თუმცა მერე ბორჯღალოსნებმა იმძლავრეს და ტიტული 12-ჯერ მოიპოვეს.

მთავარ და პრინციპულ მეტოქესთან, ქართული მხარის ინიციატივით, 2002 წლიდან თამაშდება საზიარო, „ანთიმოზ ივერიელის თასი“, რომელიც ბორჯღალოსნებმა 13-ჯერ მოიგეს, რუმინელებმა კი 6-ჯერ.

2003 წლის შემდეგ, რუმინეთს საქართველოში არ მოუგია, ამ გუნდების 25-ე დაპირისპირება კი, „მიხეილ მესხზე“ 15 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას ტელეკომპანია იმედი შემოგთავაზებთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა