თეგებით ძიება
31. 03. 2021 სპორტი

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები დღეს საბერძნეთს დაუპირისპირდება

დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრაში სტუმრად საბერძნეთს დაუპირისპირდება. ჩვენი გუნდი ქალაქ სალონიკში 30 მარტს ჩარტერული ავიარეისით ჩავიდა და მატჩისწინა ბოლო ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ „ტუმბა არენაზე“ გამართა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

ვარჯიშის დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა პრესკონფერენცია გამართეს და მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხეს.

„ვფიქრობ, რომ ესპანეთისა და შვედეთის წინააღმდეგ კარგი თამაში ვაჩვენეთ, თუმცა ქულების მოსაპოვებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ახლა კი, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მუშაობა გავაგრძელოთ და იმავე დისციპლინით ვითამაშოთ, როგორც ეს გასულ მატჩებში გავაკეთეთ. ჩვენს თამაშში მე ძალიან ბევრი პოზიტიური ნიშანი დავინახე. ფიფას რეგულაციებიდან გამომდინარე საკვალიფიკაციო ეტაპი სამი მატჩით დავიწყეთ, საიდანაც ორი შეხვედრის გამართვა სტუმრად გვიწევს. საბერძნეთის წინააღმდეგ რთული შეხვედრა გველის, მაგრამ ასეთივე რთული მატჩი ექნება ჩვენს მეტოქეს“, - განაცხადა ვილი სანიოლმა.

ოთარ კიტეიშვილის განცხადებით, საბერძნეთის წინააღმდეგ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში იქნება.

„საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართული ორი თამაშის შემდეგ, სამწუხაროდ, ქულა ვერ მოვიპოვეთ, დასანანი მატჩები წავაგეთ. ამიტომ საბერძნეთის წინააღმდეგ ჩვენი მიზანი ქულების მოპოვებაა. ვთვლი, რომ მოსაგებად უნდა ვითამაშოთ და იმედი მაქვს. მიზანს მივაღწევთ. რაც შეეხება საბერძნეთის ნაკრებს, საკმაოდ კარგი გუნდია, მათ ესპანეთის წინააღმდეგ ერთი ქულის აღება შეძლეს, რაც შეუძლებელია შემთხვევითობა იყოს. საბერძნეთთან თანაბარ თამაშს ველოდები“, - განაცხადა კიტეიშვილმა.

საბერძნეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 31 მარტს სალონიკის „ტუმბა არენაზე“ თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. კოვიდ 19-ის რეგულაციების გამო საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის შეხვედრა მაყურებლის გარეშე ჩატარდება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა