სასამართლომ საპროცესო კოდექსის ანალიზის მიღმა, მხოლოდ რეპუტაციულ და მორალურ არგუმენტებზე იმსჯელა - მელიას საქმე ომბუდსმენის ანგარიშში
ომბუდსმენის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ 2020 წლის ანგარიშში ნიკა მელიასთვის მანდატის ჩამორთმევისა და უფლებამოსილების შეჩერების საკითხიც მოხვდა.
როგორც მოხსენებაში ვკითხულობთ, დეპუტატის მანდატის შეჩერების აღსრულებაზე სასამართლომ საპროცესო კოდექსის ანალიზის მიღმა, მხოლოდ რეპუტაციულ და მორალურ არგუმენტებზე იმსჯელა:
"სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს ნიკანორ მელიას სარჩელზე მეგობრის მოსაზრებით მიმართა და განმარტა, რომ რაკი განაჩენი აღსასრულებლად მიქცეული არ იყო, სასჯელი გასაჩივრების პროცედურების დასრულებისა და ბოლო ინსტანციის მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა აღსრულებულიყო. სამწუხაროდ, საკონსტიტუციო სასამართლომ სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობრის მოსაზრება არ გაიზიარა. სასამართლომ გადაწყვეტილებაში სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ მოსაზრებაში აღნიშნული სისტემური განმარტებისა და ორკვალიანი სისტემის შესაძლებლობაზე მიუთითა. ამაში იგულისხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესაძლებლობა, მხოლოდ საპატიმრო სასჯელის გამოყენების შემთხვევაში, არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნისას კი, კანონიერ ძალაში შესულად და აღსასრულებლად მიიჩნევს მხოლოდ ისეთ განაჩენს, რომელზეც აღარ არსებობს გასაჩივრების შესაძლებლობა. თუმცა სასამართლოს სამოტივაციო ნაწილში საერთოდ არ უმსჯელია ამგვარი განმარტების შესაძლებლობაზე და საპროცესო კოდექსის ანალიზის მიღმა, მხოლოდ რეპუტაციულ და მორალურ არგუმენტებზე მსჯელობით დაასკვნა, რომ დეპუტატის მიმართ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების აღსრულებისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა დანიშნული სასჯელის სახეს და იგი დაუყოვნებლივ უნდა აღსრულებულიყო", - წერია ანგარიშში.