თეგებით ძიება
05. 04. 2021 სპორტი

"მილანი" ხვიჩა კვარაცხელიათი დაინტერესდა

იტალიური ავტორიტეტული გამოცემის, Sportmediaset-ის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით „ბაიერნის“ შემდეგ, „მილანიც“ ინტერესდება და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე, როსონერი პირველად სწორედ ქართველის დამატებას შეეცდება.

„მილანის“ ხელმძღვანელობა აღფრთოვანებულია კვარაცხელიას ტალანტით, 20 წლის გარემარბი რუსეთის „პრემიერ ლიგაში“ ერთ-ერთი საუკეთესოა თავის პოზიციაზე და შესანიშნავი თამაშით მარტის სანაკრებო მატჩებშიც გამოიჩინა თავი. გუნდის ტექნიკური დირექტორი, პაოლო მალდინი ფეხბურთელის შესახებ პირადად ესაუბრა მილანის ქართველ ლეგენდას, კახი კალაძეს და უახლოეს დღეებში დიდი ალბათობით ფეხბურთელის აგენტსაც შეხვდება." ვკითხულობთ სტატიაში.

კვარაცხელიას მიმართ ინტერესს გერმანული პრესის ცნობით მიუნხენის ბაიერნიც იჩენს, რეკორდმაისტერი ისევე როგორც მილანი ფეხბურთელის დამატებას, ზაფხულში სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე ეცდება.

ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი, transfermarket-ის ცნობით, 10 მილიონი ევროა, თუმცა, როგორც ცნობილია, ყაზანელები ქართველ ტალანტს, 25 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევიან.

20 წლის თავდამსხმელი ყაზანურ კლუბს, 2018-2019 წლების სეზონში, მოსკოვის "ლოკომოტივიდან" შეუერთდა. მან კლუბის მაისურით 49 მატჩი ითამაშა და 7 გოლი გაიტანა. ხოლო ეროვნული ნაკრების მაისურით გამართულ 8 შეხვედრაში, 3 გოლის გატანა მოახერხა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა