თეგებით ძიება
05. 04. 2021 სპორტი

ქართველი სპორტული ჟურნალისტი, ამირან შაიშმელაშვილი As.com - ზე გამოქვეყნებულ ვიდეოს ეხმაურება

მართალია, ქართული ფეხბურთი ბოლო პერიოდის განმავლობაში წარმატებით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ არიან ადამიანები, რომელებსაც ქართული ფეხბურთი უყვართ და მისი წარმატების სჯერათ.

“შესაძლოა მიზანს ერთხელ ვერ მიაღწიო, მეორედ, ან თუნდაც - მეასედ, მაგრამ საკუთარი მიზნისთვის ბრძოლას და შრომას ყოველთვის აქვს აზრი.“ - ამბობს ამირან შაიშმელაშვილი, სპორტული ჟურნალისტი, რომელიც 28 აპრილს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, დინამო არენაზე იმყოფებოდა.

ის იყო ადამიანი, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას გატანილი გოლის შემდეგ ტრიბუნიდან ემოციები ვერ დამალა და მისმა ემოციურმა ვიდეომ, ქართული სპორტის ქომაგებთან ერთად, ესპანეთის სპორტის ქომაგებიც ალაპარაკა.

- ესპანური გამოცემა, As.com თქვენზე წერს: ’’ეს არის ფეხბურთის მაგია. ქართველი ჟურნალისტის სრული სიგიჟე, თავისი ქვეყნის გოლზე“ - რას იტყვით ამის შესახებ?


 ქართველი სპორტული ჟურნალისტი, ამირან შაიშმელაშვილი As.com - ზე გამოქვეყნებულ ვიდეოს ეხმაურება


- ეს ბუნებრივიც კია, მაგრამ მაინც სამწუხაროა, რომ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებმაც ჩემი ბუნებრივი ემოცია არასწორად გაიგეს და ჩათვალეს, რომ ამ ყველაფერს, პოპულარობის, ან, ცნობადობის მოსახვეჭად ვაკეთებ, რაც ცხადია რეალობას არ შეესაბამება, აბსურდია. აღარ დავიწყებ იმის ახსნას, თუ რას ნიშნავს ჩემთვის ქართული ფეხბურთი და ამ სფეროს უმაღლესი წერტილი - საქართველოს ნაკრები. უბრალოდ ვიტყვი, რომ სპორტის ამ სახეობაზე ბავშვობიდან ვარ შეყვარებული. 10-12 წელია, რაც ქართულ ფეხბურთში აქტიურად ვარ ჩართული. მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ამ სფეროს წარმატებაში დავეხმარო, ჯერ ტრიბუნიდან ქომაგობის სახით, შემდეგ კი პროფესიულად, ასე რომ, თითოეული დიდი თუ მცირე წარმატება, ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, ნაკრების თუ ქართული კლუბების საერთაშორისო არენაზე გამოსვლის და გოლების შემდეგ, ასეთი ემოცია ხშირად მაქვს და ჩემთვის ვიდეო აქამდეც გადაუღიათ. განსაკუთრებით ჩემს მეგობარს და კოლეგას, სალომე საგინაშვილს, რომელიც ჩემი ერთგული ოპერატორია. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა, თუმცა ამ ვიდეოებს მხოლოდ სოციალურ ქსელში ვანთავსებდით და მეგობრების წრეში ვხალისობდით ხოლმე. ახლა კი, იქიდან გამომდინარე, რომ ესპანეთის ნაკრებს ვეთამაშებოდით და უცხოელი კოლეგებიც მრავლად იყვნენ, მათ ობიექტივში მოვხვდი და ცხადია, როცა ესპანურ მედიაში ვრცელდება ვიდეო, ნიშნავს რომ ჩვენთან ორმაგად ცნობადი გახდება. სწორედ ასე მოხდა ყველაფერი, თუმცა სიმართლე გითხრათ, ამით აღფრთოვანებული ნამდვილად არ ვარ.

ჩემი თავის ყველაზე დიდი კრიტიკოსი ვარ და განსაკუთრებით ასეთი აღნიშვნების შემდეგ, უკვე ცივ გონებაზე ძალიან არ მსიამოვნებს, ამ კადრების ნახვა. ყოველთვის ვფიქრობ, რომ როგორც ჟურნალისტმა ემოციები უნდა მოვთოკო, რათა კოლეგები და ის ადამიანები არ შევაწუხო, რომლებიც მეტოქე გუნდს გულშემატკივრობენ, თუმცა გოლის ეპიზოდში, რომელიც ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ემოციების მართვა მიჭირს. თუმცა, ამაზე ბევრს ვმუშაობ. ასე რომ, სულაც არ მსურს ჩემი ემოციებით მიცნობდნენ და მითუმეტეს, მაშინ, რომ ჩემი თვითმიზანი პოპულარობის ამ ვიდეოებით მოხვეჭა ნამდვილად არ არის, პირიქით, მირჩევნია, ადამიანები ჩემი პიროვნული თვისებების ან გაკეთებული საქმეებით მიცნობდნენ. ამიტომაც, ნურავინ იფიქრებს, რომ ჩემი ვიდეოების გავრცელებით, აჟიტირებული და ბედნიერი ვარ.

- რატომ დაინტერესდით სპორტული ჟურნალისტიკით და რა მიღწევები გაქვთ ამ სფეროში?

- სპორტი, განსაკუთრებით კი ფეხბურთი, ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა და ყოველთვის მინდოდა, რომ ამ მიმართულებით მემუშავა. კონკრეტულად კი რა განხრით, ეს არ მქონდა ჩამოყალიბებული. საბოლოოდ, განათლებაც, პროფესიაც და რესურსების უდიდესი ნაწილიც ქართულ ფეხბურთს დავუკავშირე, მინდა, რომ ამ სფეროს განვითარებაში ჩემი წვლილი მეც შევიტანო. მიღწევებს რაც შეეხება, ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება ქართული ფეხბურთის წარმატებაა.

- რაიმე საინტერესო ისტორიას ხომ ვერ გაიხსენებდით, რაც სპორტული კარიერის განმავლობაში გადაგხდენიათ…

- ისტორია, რომელიც ჩემს ცხოვრებაში და კარიერაში ერთ-ერთი გამორჩეულია, ისევ და ისევ საქართველოს ნაკრებს უკავშირდება. ეს არის 2018 წლის 6 სექტემბრიდან 2020 წლის, 12 ნოემბრამდე განვლილი გზა. ანუ უეფას ერთა ლიგის პირველი გათამაშება, რომელიც ერთად, ნულიდან დავიწყეთ და ფინალამდე მივედით. ეს იყო ლამაზი ისტორია ბევრი ტკბილი მოგონებით და საბოლოოდ მწარე მარცხით, რომელმაც კიდევ უფრო დიდი მოტივაცია გამიჩინა სამომავლოდ. ფინალში მარცხმა ცხოვრებაში კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ შესაძლოა მიზანს ერთხელ ვერ მიაღწიო, მეორედ ან თუნდაც, მეასედ, მაგრამ საკუთარი მიზნისთვის ბრძოლას და შრომას ყოველთვის აქვს აზრი. ეს იყო მომენტი, როცა წავიქეცით, მაგრამ გამოჩნდა, რომ ფეხზე ღირსეულად ადგომა და კიდევ უფრო დიდი ტემპით გაქცევა შეგვიძლია. ამ ტურნირმა პირველიდან ბოლო წამამდე ცხოვრებაში ბევრი რამ მასწავლა და მიზნების მისაღწევად კიდევ უფრო დიდი მოტივაცია გამიჩინა.

- თქვენ ასევე ხართ, “წიგნების თაროს” მონაწილეც…



-ჩემს ერთ-ერთ საყვარელ მწერალს, დათო ტურაშვილს დავესესხები: “როცა ერთხელ ცოდნის მიღების წყურვილით მოიწამლები, შემდეგ შეუძლებელია, ეს პროცესი შეწყვიტო.” - მეც ასე ვარ, ყოველთვის, ყველაფრიდან მაქსიმალური ცოდნის მიღებას ვცდილობ. წიგნებიდან, ფილმებიდან და ნებისმირი სფეროდან, მათ შორის ჩემი პროფესიიდან და სპორტული სამყაროდან. ამიტომაც, ლიტერატურას ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან დატვირთული პერიოდი მაქვს და ისეთი ინტენსივობით ვეღარ ვახერხებ ცოდნის მიღებაზე კონცენტრირებას, თუმცა ვცდილობ, როცა ამის შანსი მაქვს, ხელიდან არ გავუშვა. რაც შეეხება კონკრეტულად “წიგნების თაროს”, არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ ეს არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის, ერთ-ერთი საუკეთესო სატელევიზო პროექტია. ეს არ არის მხოლოდ, ტელე-გადაცემა, რომელშიც მიხვალ, ჩაგწერენ, დაემშვიდობები და გამოიხურავ კარს. გაცვეთილი ფრაზაა, მაგრამ ასეა: ეს დიდი ოჯახია. ადგილი, სადაც სულ პატარა ბავშვსაც კი შეუძლია გაიგოს ისეთი იდეალების არსი, როგორიცაა, სიკეთე, მეგობრობა, ურთიერთპატივისცემა, განათლება და სხვა. როგორც კი ამ ოჯახში ფეხს შემოდგამთ მიხვდებით, რომ ნამდვილი მაგიის სამყაროში მოხვდით, უფრო კონკრეტულად, “ჰოგვორტსში" - კიდევ უფრო კონკრეტულად - "გრიფინდორში."

- ფეხბურთის გარდა რითი ხართ დაკავებული?

- მაქსიმალურად ვცდილობ, რომ საქმეზე ვიყო კონცენტრირებული, ამიტომაც, თავისუფალი დრო ძალიან იშვიათად მრჩება. როგორც უკვე ვთქვი, ლიტერატურა და ხელოვნების სხვა დარგები მაინტერესებს, პანდემიის დაწყებამდე, მეგობრებთან ერთად, კინოსა და თეატრს ხშირად ვსტუმრობდი, თუმცა საუკეთესო გასართობიცა და დროის საუკეთესოდ გატარების გზაც საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნა მგონია. ამიტომაც, როდესაც თავისული დრო მიჩნდება, ვცდილობ, მაქისმალურად ოჯახის წევრებსა და მეგობრებს დავუთმო.

- გაგვიზიარეთ, სამომავლო გეგმები...

- სამომავლო გეგმებს, რაც შეეხება, როგორც ზემოთ ვთქვი, მინდა, რომ ქართულ ფეხბურთში ვიმუშავო და ამ სფეროს წარმატების მიღწევაში დავეხმარო. თუ რა პროფილით გავაკეთებ ამას ჯერჯერობით დაზუსტებით არ ვიცი, თუმცა რამდენიმე გეგმა მაქვს, სამწვრთნელო საქმიანობა მხიბლავს და ამ მიმართულებით პროფესიული განათლების მიღებასაც ვაპირებ. ვნახოთ რა იქნება, ერთი რამ ზუსტად ვიცი, ყოველთვის ქართული ფეხბურთის წარმატებისათვის ვიშრომებ.


- ურჩევდით ახალგაზრდებს, რომ დაკავებულიყვნენ სპორტით?

- აუცილებლად, სპორტი ცხოვრების საუკეთესო წესია. ეს არის ის, რაც როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად, ჯანსაღ ცხოვრებაში გვეხმარება. თუ უფრო მეტი ახალგაზრდა დაინტერესდება სპორტით, ბუნებრივი იქნება, რომ სპორტის სხვადასხვა სახეობებში ახალგაზრდების ჩართულობაც გაიზრდება. თავისთავად, უფრო ჯანსაღ თაობას მივიღებთ და უფრო წარმატებულები ვიქნებით სპორტშიც.

სტატიის ავტორი - ანა გულბათაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა